საზოგადოება

ავარიის გამო კომაში მყოფი “ვოლტის” კურიერის ცოლი მკურნალობის სრულ ანაზღაურებას ითხოვს

15 მარტი, 2023 • 16982
ავარიის გამო კომაში მყოფი “ვოლტის” კურიერის ცოლი მკურნალობის სრულ ანაზღაურებას ითხოვს

ავტორი: ლიზა ბულია

,,ვოლტის’’ კურიერი ლევან მძევაშვილი გასულ წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და დღემდე უგონო მდგომარეობაში, კომაშია.

ლევანის ოჯახი კომპანიისგან მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას თითქმის ერთი წელია ითხოვს.

სადაზღვევო კომპანია და ვოლტი მიუთითებდნენ ბიუროკრატიულ სირთულეებზე, რის გამოც, მათი განმარტებით, დაზღვევა ვერ ახერხებდა თანხის გადახდას. კერძოდ, არ იყო წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც პროცედურულად მკურნალობის ანაზღაურებისთვის არის საჭირო.

თუმცა ნეტგაზეთის მიერ ამ საკითხზე სტატიის მომზადების პროცესში გარემოებები შეიცვალა.

გასულ კვირას, უბედური შემთხვევიდან 11 თვის გასვლის შემდეგ, ვოლტის პარტნიორმა სადაზღვევო კომპანიამ კომაში მყოფი კურიერის მეუღლეს გამონაკლისის სახით, დოკუმენტების წარდგენის გარეშე, გარკვეული თანხის ანაზღაურება შესთავაზა.

ოჯახის შეფასებით, ეს თანხა დაზარალებულის მკურნალობის ანაზღაურებისთვის საკმარისი არ არის.

კურიერი ლევან მძევაშვილი

27 წლის ლევან მძევაშვილს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ერთი შვილი ჯერ არ უნახავს, რადგან მეუღლე ლელა ცქვიტიშვილი ორი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ლევანი ავარიაში მოყვა, 2022 წლის 31 მარტს.

“საღამოს საათები იყო, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრე, შეკვეთა უნდა ავიღო და ცოტა ხანში მე თვითონ დაგირეკავო. მალე ამ უბედური შემთხვევის შესახებ შემატყობინეს”, – იხსენებს ლელა.

კურიერი მკურნალობას ორთვე-ნახევარი ,,ხეჩინაშვილის კლინიკაში’’ გადიოდა, შემდეგ ერთი თვე თურქეთში, ,,BHT CLINIC-ში’ იწვა. ,თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ლევანს თავზე ოპერაცია ,,ამერიკულ ჰოსპიტალში’’ ჩაუტარდა -,,თავის ქალა ჰქონდა ახდილი ორივე მხარეს, ძვლები ამოღებული, ეს ოპერაცია გადაუდებლად სჭირდებოდა’’ ,- ამბობს ლელა.

ლევანის ძირითადი დიაგნოზები არის: სკალპის ზედაპირული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, ქალაფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, გულმკერდის აორტის ტრავმა, ფილტვის და სხვა დაუზუსტებელი მრავლობითი ტრავმები.

ოჯახი ფლობდა ინფორმაციას ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, რომელიც ლევანს უნდა ჰქონოდა. დაზღვევის პირობების მიხედვით კი, ვოლტის პარტნიორ სადაზღვევო კომპანიას უნდა აენაზღაურებინა ლევანის მკურნალობის ხარჯები.

გარდა ამისა, არსებული პოლისის მიხედვით, ლელას აქვს ინფორმაცია, რომ ოჯახს შესაძლოა დამატებითი კომპენსაციაც ეკუთვნოდეს, რასაც “ნეტგაზეთს” კომპანია ,,ვოლტის’’ წარმომადგენელიც უდასტურებს.

უბედური შემთხვევის შემდეგ ოჯახი ცდილობდა დაჰკავშირებოდა “ვოლტის’’ გენერალურ მენეჯერს ნატალია ხიზანიშვილს, თუმცა ვერ შეძლო. მეტიც, ლელა იხსენებს, რომ ავარიის შემდეგ “ვოლტის” ფინანსური დეპარტამენტიდან დაუკავშირდნენ და ლევანის დავალიანების გადარიცხვა მოსთხოვეს -,,კლინიკიდან ლევანი რომ სახლში გადმოვიყვანეთ, დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკეს, 80 ლარი აქვს ლევანს ქეშად დარჩენილი ჩასარიცხი და იქნებ გადასცეთო’’.

თვე-ნახევარში ლევანის მდგომარეობით “ვოლტის” პარტნიორი სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლები დაინტერესდნენ და ლელას დაურეკეს. “მეილი მივწერე, რა ხდება ჩემს ქმარზე, პასუხიც რომ არ მიმიღია-მეთქი და ასე მითხრეს, ლევანის საქმე, როგორც გამონაკლისი, განხილვაზეა გაგზავნილი და ამას დიდი დრო სჭირდებაო. იმის შემდეგ აღარავინ დაგვკავშირებია’’.

ლევანის მკურნალობის ყოველდღიური ხარჯების დაფარვას ოჯახი ხალხის შემოწირულებით და სოციალური დახმარებით ახერხებს, თუმცა, ლელას თქმით, კლინიკაში გადასახდელი 31 100 ლარი ვალად აქვთ აღებული და ეს თანხა დღემდე ვერ დაფარეს.

ლელას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები ვოლტის პარტნიორ სადაზღვევო კომპანიაში გაგზავნილი აქვს, კომპანია მისგან ითხოვდა გადახდის ჩეკებს, რომელიც არ არსებობს, რადგან ოჯახს არ შეუძლია ამ თანხის დამოუკიდებლად გადახდა და, შესაბამისად, ჩეკების მიღება.

“ასეთ საკითხებს სადაზღვევო აგვარებს”

კომპანია ვოლტის წარმომადგენლები ლევანის შემთხვევის შესახებ ინფორმირებულები არიან.

,,ასეთ საკითხებს აგვარებს სადაზღვევო კომპანია, და არა “ვოლტი’’. სწორედ „ალდაგმა“ უნდა აანაზღაუროს უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯები’’, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” სერგი მარღანიამ, “ვოლტის” წარმომადგენელმა.

კომპანია ,,ვოლტის’’ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ გენერალურ მენეჯერ ნატალია ხიზანიშვილსა და ლელა ცქვიტიშვილს შორის დიალოგი არ შემდგარა. ლევანის ოჯახთან კომპანიის მხრიდან სატელეფონო კავშირზე იყო ოპერაციების მენეჯერი, რათა მათ დაზღვევის საკითხების მოგვარებაში დახმარებოდა. კომპანიამ ლევანის მეუღლე “ალდაგის” წარმომადგენელს დააკავშირა.

“ვოლტის’’წარმომადგენელი გვიდასტურებს, რომ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების გარდა, სადაზღვევო კომპანიასთან არსებული პოლისის პირობების მიხედვით,ოჯახს შესაძლოა ეკუთვნოდეს დამატებითი კომპენსაცია –

“აღნიშნულ საკითხზე კომპანია უშუალოდ სადაზღვევო კომპანიას უნდა დაუკავშირდეს’’.

ისინი ოჯახს მიმართავენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ, თუ მათი მხრიდან სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაციაში დახმარება დასჭირდებათ.

“ანაზღაურებაზე უარი არ გვითქვამს”

ალდაგის თანახმად, ,,ვოლტს’’ თანამშრომლები, და მათ შორის დაზარალებული, დაზღვეული ჰყავდა გლობალური მზღვეველის მიერ დადგენილი სადაზღვევო პირობების შესაბამისად. “ეს გახლავთ დაზღვევის უნიფიცირებული წესები, რომლებიც შეთანხმებულია ვოლტსა (სათავო ოფისი) და შესაბამის გლობალურ მზღვეველს შორის. შესაბამისად, დაზღვევის პირობები, თუ რა წესების დაცვით უნდა იქნას მომსახურება გაწეული, განსაზღვრულია ამ წესების შესაბამისად’’.

ალდაგის თანახმად, მათი მხრიდან ხარჯების ანაზღაურებაზე უარი არ უთქვამთ იმ ლიმიტების ფარგლებში, რაც ჰქონდა ნაყიდი კომპანიას. ხოლო იმას, რომ ამდენი თვის განმავლობაში დაზარალებულის მკურნალობის ანაზღაურება არ მომხდარა, კომპანიაში იმით ხსნიდნენ, რომ ოჯახს შესაბამისი დოკუმენტები სადაზღვევოში წარდგენილი არ ჰქონდა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ გარემოება შეიცვალა და დღევანდელი მდგომარეობა, ალდაგის წარმომადგენლის მიხედვით, შემდეგია:

“მიუხედავად იმისა, რომ პოლისით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ მოხდა, ვოლტსა და გადამზღვევს შორის შედგა მოლაპარაკება. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გლობალური მზღვეველისგან მიიღო ინსტრუქცია, გამონაკლისის სახით ოჯახს აუნაზღაურდეს 4,310 ევრო’’, – განუცხადეს  ,,ნეტგაზეთს’’  ალდაგში.

ალდაგის განმარტებით, ეს ანაზღაურება მოიცავს სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას, რომელიც დაზარალებულს გაეწია და ეს არის პოლისის ფარგლებში დადგენილი მაქსიმალური ლიმიტი სამედიცინო მომსახურებისთვის.

“რაც შეეხება ქირურგიული ოპერაციის ხარჯს, ეს ხარჯი დაფარა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, დამატებითი ხარჯები, რომლებიც არ შედის არცერთ ზემოთ მითითებულ მომსახურებაში, სადაზღვევო პოლისით არ არის დაფარული”, – აცხადებს ალდაგი.

ლევანის ოჯახი აპირებს სამართლებრივი კონსულტაციის გავლას იურისტთან შემდგომი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

ლელას თქმით, სადაზღვევო კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა ლევანის ორი თვის მკურნალობის კურსის საფასურსაც კი ვერ დაფარავს. კურიერის ოჯახი ითხოვს ლევან მძევაშვილის მკურნალობის ხარჯების სრულ დაფინანსებას და კომპენსაციას.

დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ დაზარალებულის დის ანგარიშის ნომრებს:

GE02BG0000000539621571 – ნინო მძევაშვილი (საქართველოს ბანკი);

GE27TB7426745068100019 – ნინო მძევაშვილი (TBC)

მასალების გადაბეჭდვის წესი