ახალი ამბები

ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევია — ISFED

15 მაისი, 2021 • 835
ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევია — ISFED

“სამართლიანი არჩევნები”(ISFED) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციას აფასებს. ISFED-მა ამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა და როგორც აღნიშნავს, ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო, თუმცა, ამჟამად მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ფიქრობს, რომ  პროცესი “ნაჩქარევია” და საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს.

ცესკოში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 4 მარტს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და მის გაცხადებულ მიზანს კომისიის საქმიანობისა და ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა ერთი მხრივ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას”, — დასძენს ISFED.

“სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული  ცვლილებებით, ჯამში, განისაზღვრა 11 დეპარტამენტი:

  • ამომრჩეველთა სიების დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • საარჩევნო რეგისტრაციების დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • საფინანსო დეპარტამენტი;
  • საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  • კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
  • შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; 
  • საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი). 

“მაგალითად, მარტში განხორციელებული რეფორმა არ შეხებია ცესკოს იურიდიულ, საფინანსო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტებს, თუმცა, მაისში ინიცირებული ცვლილებებით, შიდა აუდიტის და უსაფრთხოების დეპარტამენტი შეუერთდა იურიდიულ დეპარტამენტს, შიდა აუდიტის განყოფილების სახით.

მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში, საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებისთვის, ცესკოს მდივნის აპარატის შექმნა, რომელიც დეპარტამენტთან არის გათანაბრებული.

საგულისხმოა, რომ 14 მაისს, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა ახალი პოზიციები, რომლებიც საარჩევნო პროცესების შესაბამის მიმართულებას უხელმძღვანელებენ – მონაცემთა მართვის მენეჯერი, ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი და საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი.

ასევე, შტატების ჩამონათვალს დაემატა ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი. თუმცა, ჯერჯერობით არ არის ნათელი მათი კონკრეტული ფუნქციები”, — აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნების” მიხედვით, მარტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან 2 თვეში, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის შედეგადაც, 11 დეპარტამენტი 8-მდე შემცირდა. ამ ეტაპზე აღნიშნული დეპარტამენტებია:

  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • საფინანსო დეპარტამენტი;
  • საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  • კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
  • ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;
  • საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი;
  • ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი).

“აღსანიშნავია, რომ დროის ამავე შუალედში, ორჯერ შეიცვალა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ხარჯთაღრიცხვა”, — დასძენს ორგანიზაცია.

“სამართლიანი არჩევნების” თქმით, რეორგანიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონკრეტული უწყების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა გაუგებარია, “რას მიზანს ემსახურება მსგავსი პროცესის დაჩქარებული წესით განხორციელება ცესკოში”.

ორგანიზაცია დასძენს, რომ დღეს ცესკო არასრული შემადგენლობით საქმიანობს და კომისიის 12 წევრის ნაცვლად, წარმოდგენილია მხოლოდ 9. მათგან 6 პროფესიული ნიშნით არის შერჩეული, 3 კი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ არიან.

ამასთან, “სამართლიანი არჩევნები” ახსენებს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ცესკოს ახლებურ  დაკომპლექტებას გულისხმობს, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებასთან ერთად.

ორგანიზაციას აქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს.

“გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ფონზე, “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, მიზანშეუწონელია. ორგანიზაციის თქმით, ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ:

“შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე”.

დილემა ცესკოზე: რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს თავმჯდომარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი