ახალი ამბები

დილემა ცესკოზე: რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს თავმჯდომარეს

14 მაისი, 2021 • 1621
დილემა ცესკოზე: რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს თავმჯდომარეს

მომავალ კვირას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გააგზავნიან. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფში, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები შედიან, კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი აქვთ.

როგორც სამუშაო ჯგუფის 14 მაისის შეხვედრის შემდგომი განცხადებებიდან გაირკვა, ამ დროისთვის შეუთანხმებელია საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში 2 მარტს “მოქალაქეებისა” და “ქართული ოცნების” მემორანდუმის საფუძველზე დარეგისტრირდა. თუმცა 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტი აღნიშნულ კანონპროექტში დამატებებსა და შესწორებებს ითვალისწინებს.

მიშელის დოკუმენტის მიხედვით, “ამბიციური საარჩევნო რეფორმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომპლექტებას გულისხმობს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. სწორედ ამ ჩანაწერთან აქვს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას აზრთა სხვადასხვაობა.

ვინ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელს “ქართული ოცნებაც” აწერს, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩეს. უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ პარტიულად მიკერძოებული პირის დანიშვნა სისტემაში სამართლებრივად არ ჯდება. მისი თქმით, იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ ცესკოს ხელმძღვანელობის საქმიანობა ნეიტრალური იყოს, ეს არარეალურია.

“იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ჩანაწერი, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წევრი. ჩვენ მაშინვე გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან დიდ შეთანხმებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. მოადგილის ფუნქციას ხვდებით, რაც არის: იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარე არ ასრულებს მოვალეობას, გადადგება ან დროებით არ ასრულებს, ამ დროს მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას და გამოდის, რომ პარტიულად მიკერძოებული პირი იქნება რაღაც პერიოდი ცესკოს თავმჯდომარე, რაც სამართლებრივად, რა თქმა უნდა, სისტემაში არ ჯდება. თუმცა, მეორე მხრივ, გვესმის, რომ ეს არის შეთანხმების ნაწილი და ამას განვიხილავთ”, — ამბობს პაპუაშვილი.

“ქართული ოცნების” არგუმენტი გასაგებია “გირჩის” წევრ იაგო ხვიჩიასთვის. მისი თქმით, დისკუსია კიდევ გრძელდება და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი ისეთი პრინციპული არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

“შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან უნდა იყოს. “ქართული ოცნების” არგუმენტი მესმის, რომ როცა ოპოზიციის წარმომადგენელი ასრულებს მოვალეობას, მას პროცესის დაბლოკვა რომ უნდოდეს, ეს უნდა შეეძლოს თუ არა, ეს არგუმენტი ჩემთვის მისაღებია. წინადადება მქონდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ტარდება და შესაძლებლობა არსებობს, მოადგილემ ქვეყანას რაღაცა დაუშავოს, საარჩევნო პერიოდში მას უნდა სჭირდებოდეს ცესკოს დანარჩენი წევრების თანხმობა”, — ამბობს ხვიჩია.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ პარტია “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ განიხილება, ცესკოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავდეს, მათ შორის, ოპოზიციური და პროფესიული ჯგუფიდანაც.

“ჩემი პირადი აზრია, რომ სამი მოადგილე არის ზედმეტი და ორი მოადგილე სრულიად ნორმალური და საკმარისია იმისთვის, რომ ის ფუნქციები განახორციელოს, რასაც ვერ იტვირთავს, მაგალითად, თუ არ იქნება თავმჯდომარე. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რა ფუნქციები ექნებათ ამ მოადგილეებს, ვიდრე რამდენი იქნება. თუმცა, მე მგონი, ეს არ არის ის საკითხი, რაზეც მხარეებს შორის პრინციპულად არ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ყველას კარგად გვესმის, რომ იმის ალბათობა, რომ ცესკოს თავმდჯდომარემ უარი თქვას მოვალეობის შესრულებაზე მაინცდამაინც არჩევბის დროს, არც ისე მაღალია. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რა რთული პროცედურით იქნება ცესკოს თავმჯდომარე არჩეული”, — ამბობს იოსელიანი.

ცესკოს თავმჯდომარისთვის ერთზე მეტი მოადგილის შესაძლო დანიშვნის ვერსიის არსებობას ადასტურებს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძეც. მისი თქმით, ის, რომ  ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან უნდა იყოს, „ქართულ ოცნებაში”  შიშებს იწვევს.

“ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ეს ჩანაწერი აუცილებლად შესრულდეს და დაემატოს სხვა მექანიზმი, რომელიც ორივე მხარეს შეათანხმებს და საფრთხეებს აღმოფხვრის. ამიტომ საუბარია ორ მოადგილეზე, რომელთაგანაც ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, მეორე კი შეიძლება იყოს ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი”, — ამბობს სამნიძე.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ ცესკოს თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ეყოლება, რომელი მათგანი შეასრულებს საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას, ამაზე პასუხი ჯერ არცერთ მხარეს აქვს. მათი თქმით, ვის რა ფუნქცია ექნება, ამაზე მსჯელობა გაგრძელდება.

“პატრიტთა ალიანსი” თუ “ევროპელი სოციალისტები” – ვის უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი

კიდევ ერთი საკითხი, რაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ წამოიჭრა, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი იყო. შეხვედრიდან გამოსულმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” სურს, საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენელი “ევროპელ სოციალისტებს” ჰყავდეს — პარტიას, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა შექმნეს.

სამნიძისთვის თქმით, მსგავსი ჩანაწერის დაშვება, რომელიც პარტიისთვის საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლებას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვით განსაზღვრავს, პრობლემას სამომავლოდაც შექმნის.

“ახალი თემა, რომელსაც არ ვეთანხმები და ამაზე გვქონდა მძიმე შეფასება, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ეს მუხლი მოარგოს კონკრეტულ სიტუაციას. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს” ცესკო-ში წევრი ჰყავს, ეს პარტია პარლამენტში არ შევიდა და მას გამოეყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს. საუბარია იმაზე, რომ მათ მიენიჭოთ უფლება, რომ ჰყავდეთ ცესკოში წევრი და არა „პატრიოტთა ალიანსს”. მე ვარ ამის კატეგორიული წინააღმდეგი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას ეხება. მუხლი, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, ყოველთვის შექმნის პრობლემას მომავალში”, — განაცხადა სმანიძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენელი სურთ “ევროპელ სოციალისტებსაც”, თუმცა არა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლობის ხარჯზე. როგორც პარტიის წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, იმისათვის, რომ წარმომადგენელი “ევროპელ სოციალისტებსაც” ჰყავდეს და “პატრიოტთა ალიანსსაც”, სამართლიანი იქნება, თუ კომისიაში წარმომადგენელთა რიცხვი გაიზრდება.

“სამართლიანად მიგვაჩნია, რომ კომისიების შემადგენლობა გაიზარდოს და იყოს 19, ან 21. სასურველია, 21 იყოს, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა, გამოჩნდნენ ახალი პარტიები და ყველას უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად მუშაობის პირობები. ჩვენ „პატრიოტთა ალიანსს“ არ ვეხებით, მათ თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათ ნაცვლად გყავდეს წარმომადგენლობა. ეს ვინმეს ხარჯზე არ უნდა მოხდეს”, – ამბობს ინჯია.

თუმცა, როგორც “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობას, გარდა საპარლამენტო მანდატისა, პარტიის დაფინანსების მოცულობაც განსაზღვრავს. რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი იმ 9 პარტიას ეყოლება, რომელთაც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ.

ამ შემთხვევაში კი დაფინანსება “პატრიოტთა ალიანსს” აქვს და არა “ევროპელ სოციალისტებს”. როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, მათ პრეტენზია არც “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებაზე აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ დაფინანსება პარლამენტში მათსავით წარმოდგენილ პარტიებსაც უნდა ჰქონდეს.

“დაფინანსების საკითხი ცალკე კანონია, თუ იქნება ცვლილებები შეტანილი, სხვა საკითხია. შესაძლოა, იყოს ისეთი ცვლილებები, რომ თუ პარტიას პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს, სამი-ოთხი დეპუტატი ჰყავს რომელიღაც პარტიას, მას დაფინანსება უნდა ჰქონდეს. ჩვენ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე პრეტენზია არ გვაქვს”, — ამბობს ინჯია.

შევა თუ არა ცვლილებები პარტიათა დაფინანსების კანონში, ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, არაორდინალური სიტუაცია აქვთ და “არაორდინალური სიტუაცია არაორდინალურ გადაწყვეტებს ითხოვს”.  მისი თქმით, იმას, რომ “პატრიოტთა ალიანსისგან” განსხვავებით “ევროპელი სოციალისტები” პარლამენტის წევრები არიან და შეთანხმების ხელმოწმერებიც, “სხვა წონა აქვს”.

როგორი იქნება საბოლოოდ საარჩევნო რეფორმა, ხვალ უნდა გაირკვეს. სწორედ ხვალ არის დანიშნული საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის შეხვედრა, სადაც შეუთანხმებელი საკითხები უნდა გადაწყდეს. თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ყველა შემთხვევაში შეიმუშავებენ და ოპოზიციურ ჯგუფებს შესთავაზებენ ისეთ ვერსიას, რომელიც სამართლიანია.

ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნის პარალელურად, კანონპროექტის განხილვა სავალდებულო კომიტეტებზე დაიწყება, თუმცა ვენეციის კომისიის საბოლოო პოზიციამდე კანონპროექტს მეორე მოსმენით არ გაიტანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი