ახალი ამბები

რატომ არ იხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულოს გარეთ | ინტერპელაცია

22 მარტი, 2024 • 729
რატომ არ იხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულოს გარეთ | ინტერპელაცია

ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გაზრდის და საკონსულოების დამატების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის მოსმენას უკავშირდებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს აწვდის სტატისტიკას და ცენტრალური საარჩევნო კომისია თავად წყვეტს, სად გახსნას დამატებითი უბანი და სად — არა.

მისი თქმით, საკონსულო ითხოვს მისამართს მოქალაქეებისგან, თუმცა არ სთხოვს მათ საბუთს, თუ სად ცხოვრობენ, რაც უზარმაზარი ბარიერი იქნებოდა საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელიც ხსნის ან არ ხსნის საკონსულო საარჩევნო ოლქებს ან უბნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებაში. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების შესახებ. საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ემსახურება სტატისტიკურ ინფორმაციას, თუ სად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელ რეგიონში ამა თუ იმ ქვეყნის, რომელსაც ჩვენ მერე ვუგზავნით საარჩევნო კომისიას. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, სად გახსნას დამატებითი უბანი და სად არ გახსნას“, — განაცხადა დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე კითხვებზე პასუხისას.

თუმცა ინტერპელაციის კითხვაზე მინისტრის წერილობითი პასუხიდან, რომელიც დარჩიაშვილმა თავის გამოსვლაშიც გაიმეორა, ცხადი ხდება, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი მოქალაქეების რეგისტრაციის მისამართად განისაზღვრება არა მათი რეალური საცხოვრებლის, არამედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი.

„საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შეყვანა ხდება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“, — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ქვეყნები, რომელთა ადგილობრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიპლომატიური დაწესებულებების გარეთ საარჩევნო უბნების შექმნას, ინტერპელაციის კითხვა იყო, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, რომ მოქალაქეებს არ მოუწიოთ ერთი ქალაქიდან მეორეში ათასობით კილომეტრის გავლა არჩევნებში მონაწილეობისთვის?

ილია დარჩიაშვილის თქმით, საკონსულო დაწესებულების გახსნა „კომპლექსური საკითხია“ და მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება.

„საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“. აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული. აღნიშნული რეგულაცია დაკონკრეტებულია „საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესითა და ტიპობრივი დებულებით“, — განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი პრაქტიკით სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება, ემიგრანტებს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

ამ თემაზე:

როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი