ახალი ამბები

რა ხდება შავ ზღვაზე და რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს მის უსაფრთხოებაში

21 აპრილი, 2021 • 4079
რა ხდება შავ ზღვაზე და რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს მის უსაფრთხოებაში

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლებთან მიმდინარე დაპირისპირებისა და შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების კვალდაკვალ, რასაც წინ უძღოდა რუსული ძალების მობილიზება უკრაინის საზღვართან, კიდევ ერთხელ გააქტიურდა შავი ზღვის, როგორც რეგიონის, უსაფრთხოების საკითხი, არ ამხოლოდ ამ ზღვის აკვატორიის ისეთი წევრებისთვის, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, არამედ გლობალური აქტორებისთვისაც, მათ შორის ნატოსთვის.

ამ სტატიაში ვარკვევთ, რა ტიპის გამოწვევები დგას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ნატოს წევრ და მოკავშირე სახელმწიფოების წინაშე და რა გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ ზღვაზე გასასვლელის მქონე სხვა სახელმწიფოებს. ასევე, რა შეიძლება იყოს საქართველოს როლი ზღვის უსაფრთხოების საკითხში და რა უნდა გაკეთდეს ამისათვის.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ალიანსი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, თუმცა ამისათვის ჯერ საჭიროა შავი ზღვის აკვატორიის წევრი, ნატოს პარტნიორი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს ერთიანი პოზიცია.

რა ხდება დონბასში და შავ ზღვაზე [მოკლედ]

ეუთოს უკრაინის სპეციალური სამონიტორინგო მისიის ანგარიშის მიხედვით, 20 აპრილის მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დონეცკის რეგიონში დაირღვა 138-ჯერ, ხოლო ლუგანსკში – 27-ჯერ.

მარტის თვის ბოლოდან მოყოლებული, ბრძოლები ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ოფიციალური კიევის მიხედვით, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები არის ყველაზე მასშტაბური ბოლო წლების განმავლობაში. უკრაინული მხარის მტკიცებითვე, რუსეთის ფედერაციას მობილიზებული ჰყავს 80 000 სამხედრო ვორონეჟის მხარესა და ოკუპირებულ ყირიმში.

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ვიზუალური გამოძიების ჯგუფის საჰაერო ფოტო-გადაღება, სადაც ჩანს სამხედრო ტექნიკის სადგომი ვორონეჟის მხარეში 

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აპრილს გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომლითაც უკრაინის მოსახლეობასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ომი არ სურს, თუმცა ომისთვის მზადაა. მან ასევე პუტინს მოუწოდა, რომ მათი შეხვედრა “დონბასის” ნებისმიერ წერტილში გაიმართოს.

მარტის ბოლოდან მოყოლებული, ქვეყნის აღმოსავლეთში, ვრცელ რეგიონში, რომელსაც დონბასი ეწოდება, ერთმანეთს უკრაინის თავდაცვის ძალები და პრორუსი მებრძოლები უპირისპირდებიან. კიევის ცნობით, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ოფიციალური მოსკოვი უწევს, რასაც რუსეთის ფედერაცია უარყოფს.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული არმიის მხარეს იბრძვიან საქართველოს მოქალაქე მოხალისეებიც. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე ბრძოლებში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის- დათო შარტავაც, 18 აპრილს, მარიუპოლთან ახლოს, ბრძოლაში.

გარდა ხმელეთისა, სადაც ღია დაპირისპირება მიმდინარეობს, მოვლენები ვითარდება შავ ზღვაზეც.

მას შემდეგ, რაც ამერიკულ და თურქულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყო ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სამხედრო წვრთნები. საბოლოოდ გაირკვა, რომ შავ ზღვაში ამერიკული ხომალდები არ შემოვიდოდნენ. ვაშინგტონის განცხადებით, ისინი პერიოდულად აგზავნიან ზღვაში შემოსვლის ნებართვის მისაღებად თხოვნას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის იყენებენ ამ ნებართვას.

რუსულ წვრთნებში, რომელიც შავ ზღვაში, ანექსირებულ ყირიმთან ახლოს ტარდება შავი ზღვის ფლოტთან ერთად, კასპიის ზღვის რუსული ფლოტის ნაწილიც მონაწილეობს, რომელიც ზღვაში შიდასამდინარო გზებით, რუსეთის ფედერაციის გავლით მოხვდა.

რუსული გამოცემა TASS-ის ცნობით, წვრთნების დროს გემები შეასრულებენ დავალებებს, რომელიც მიმართული იქნება როგორც ზედაპირზე [საზღვაო; სახმელეთო] არსებული, ისე საჰაერო სამიზნეების განადგურების სწავლებისკენ.

ბრიტანული The Sunday Times-ის ცნობით, რომელიც სამეფო ფლოტის მაღალი რანგის წყაროს ეყრდნობა, შავ ზღვაში ბრიტანული საბრძოლო ხომალდი შემოვა. გამოცემის თანახმად, ლონდონმა უკვე მიმართა ანკარას შესაბამისი ცნობით.

რუსული გამოცემის, RIA novosti-ს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ბრიტანული გემის შესაძლო შემოსვლა მიზნად ისახავს რუსეთის დაშინებას. “დასავლეთი ცდილობს გავლენა იქონიოს მოსკოვის კურსზე, მაგრამ რუსეთი იმედოვნებს, რომ აღსრულდება მონტროს კონვენცია”, – რია ნოვოსტის ცნობით, აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ვინც ამ ხაზებს გადაკვეთს, “პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მკაცრი”

“ნებისმიერი პროვოკაციის მომწყობნი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ გაკეთებულს”, – განაცხადა პუტინმა რუსეთის პარლამენტში.

რუსული შავი ზღვა

2014 წელს მომხდარი მოვლენების შედეგად, უკრაინამ დაკარგა კონტროლი არა მხოლოდ ყირიმის ნახევარკუნძულსა და დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების დიდ ნაწილზე, არამედ შავი და აზოვის ზღვების მოზრდილ აკვატორიაზეც.

რონდელის ფონდის რუსეთის მკვლევრის, გიორგი ბილანიშვილის განცხადებით, რუსეთს მუდმივად სურდა შავი ზღვის კონტროლი, რაც საბოლოოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

შავი ზღვის სექტორების გადანაწილება რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და საქართველოს აკვატორიის ნაწილზე [დაბა ლესელიძიდან გალის რაიონის სოფელი ფიჩორი] კონტროლის მოპოვების შემდეგ- მომზადებულია კომერსანტის (kommersant) მიხედვით.

გიორგი ბილანიშვილის განცხადებით, შავი ზღვის კონტროლი რუსეთისთვის რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, მათ შორის:

  • NATO-სთან დაპირისპირება

“რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება ზღვაზე ნატოს წევრების ყოფნა და გაძლიერება. ამჟამად შავ ზღვაზე ნატოს სამი ქვეყანაა წარმოდგენილი, მათ შორის- რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. პირველ ორს ნაკლებად შეუძლია რუსეთის გავლენების დაბალანსება, ერთადერთი, ვისაც მეტ-ნაკლებად გააჩნია ეს შესაძლებლობები, არის თურქეთი, თუმცა ისიც, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, ხშირად იხრებოდა იქითკენ, რომ რუსეთთან შეთანხმებული პოზიცია ჰქონოდა, ვიდრე ხელი შეეწყო ზღვაზე ნატოს ძალების გაძლიერებისთვის”, – ამბობს გიორგი ბილანიშვილი.

  • წვდომა “ზღვისგადაღმა” არსებულ კონფლიქტებსა და სივრცეებზე

მკვლევრის განცხადებით, “შავი ზღვის მნიშვნელობა გაიზარდა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების პარალელურად. კრემლი ზღვას საკუთარი აქტივობების მხარდასაჭერად იყენებს”, რაც გულისხმობს შავ ზღვაში [მათ შორის ყირიმში] არსებული პორტების გამოყენებას ზღვის მიღმა არსებულ კონფლიქტებში ჩართული რუსული ძალების მოსამარაგებლად.

  • შავი ზღვა როგორც რუსული სივრცის ნაწილი

“მას სურს, რომ შავ ზღვას მხოლოდ თავად აკონტროლებდეს”, – გვეუბნება ბილანიშვილი.

“თუ ცივი ომის პერიოდს ავიღებთ, მხოლოდ ერთი – თურქეთი იყო ნატოს წევრი, დანარჩენი ან იყო ვარშავის პაქტის წევრი ქვეყანა [რუმინეთი ბულგარეთი], ან იყო საბჭოთა კავშირი. პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებდა. დღევანდელი მიზანი, რომ ზღვა კვლავ აკონტროლოს, არ შეცვლილა”, – აცხადებს იგი.

რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის აკვატორიის კონტროლისთვის 2014 წელს შემდეგ არაერთი ინციდენტი მომხდარა. მათ შორის გამორჩეულია 2018 წლის ნოემბერში მომხდარი ქერჩის სრუტის ინციდენტი, რა დროსაც რუსეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს უკრაინის სამი მცურავი საშუალება და მისი ეკიპაჟი. ინციდენტის დროს რუსული ხომალდი განზრახ დაეჯახა უკრაინულ საბუქსირე საშუალებას, ასევე, სროლის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაურიც.

მონტროს ხელშეკრულება და თურქეთი

შავ ზღვაში იმ ქვეყანათა გემების შემოსვლას, რომელთაც პირდაპირი გასასვლელი არ გააჩნიათ შავ ზღვაზე, არეგულირებს მონტროს კონვენცია, რომელიც 1936 წელს გაფორმდა.

კონვენცია მშვიდობიანობის პერიოდში შავ ზღვაში შემოსვლის უფლებას არსებითად ყველა ქვეყნის, ნებისმიერი მოცულობის სამგზავრო და სატვირთო გემებს აძლევს.

კონვენციის თანახმად, შეზღუდვები არსებობს არა-შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო გემებზე, რომლებიც ზღვაში შემოსვლის დრო, ვალდებულნი არიან წინასწარ შეატყობინონ ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფოს, ხოლო ზღვა 21 დღის ვადაში დატოვონ. ასევე შეზღუდულია გემების მოცულობაც.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის ტექსტი მკაფიოდ არ კრძალავს შავ ზღვაში სამხედრო ავიამზიდების შემოსვლას, თანამედროვე ავიამზიდების მოცულობა აღემატება კონვენციით დადგენილი ტონაჟის მოცულობას [15, 000], რის გამოც უცხო ქვეყნების ავიამზიდები ვერ ახერხებენ შავ ზღვაში შემოსვლას.

ბოსფორის და დარდანელის სრუტეების კონტროლი თურქეთს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს, თავად აკონტროლოს შავი ზღვის აკვატორიაში უცხოური საბრძოლო გემების ბალანსი.

“მონტროს ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთს აძლევს დიდ ბერკეტებს შავი ზღვის კონტროლზე”, – აცხადებს კავკასიური სახლის თურქეთის მკვლევარი სანდრო ბაკურაძე.

მისივე თქმით, თურქეთის დაბალანსების, მულტიპოლარული საგარეო პოლიტიკა ნატოსა და რუსეთთან მიმართებით, უკვე ნელ-ნელა წარუმატებლობისკენ მიდის, მათ შორის შავი ზღვის რეგიონშიც.

“თურქეთის საგარეო ინტერესები, მათ შორის ლიბიასა და სირიაში სუსტდება. იგი ცდილობს, რომ ფრონტი გააფართოოს უკრაინაში, რითაც განტვირთავს სირიაში, ყარაბაღსა და ლიბიაში რუსეთის ინტერესებს და სხვაგან გადაიტანოს მისი ყურადღება, თუმცა ეს ყოველივე შესასრულებლად რეალისტურად არ გამოიყურება, რადგან ამ ფრონტებზე რუსეთს უკვე აქვს გაცხადებული საკუთარი პრიორიტეტები და ძნელად წარმოსადგენია, რომ საკუთარი ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე გადართოს”, – მიაჩნია სანდრო ბაკურაძეს.

მისი განცხადებით, თურქეთი ცდილობს დააბალანსოს რუსული და დასავლური ინტერესები [დასავლეთთან პრაგმატულად დაათბოს ურთიერთობა ეკონომიკური კავშირების აღდგენის მიზნით] და ამის პარალელურად, უკრაინასთან ჩამოაყალიბოს მჭიდრო ურთიერთობები, რათა უკრაინის სამხედრო სამრეწველო ბაზის გამოყენებით გააძლიეროს საკუთარი მრეწველობა. თუმცა, მისი შეფასებით, ანკარის დაბალანსების პოლიტიკა “ვერ მუშაობს”

რუსეთმა 12 აპრილს თურქეთის მიმართულებით ფრენები პირველ ივნისამდე აკრძალა, ოფიციალურ მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაასახელა.

შავი ზღვის გაერთიანებული საერთო სარდლობა 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 20 მარტს, ნატო-ს 72-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შავი ზღვის საერთო სარდლობის შექმნა.

მისი განცხადებით, ნატოს ამჟამინდელი თავდაცვისა და სწრაფი რეაგირების სტრატეგია “ვერ პასუხობს შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს”, რის გამოც საჭიროა, შავ ზღვასთან მიმართებით ახალი გაერთიანებული სარდლობა შეიქმნას.

“გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ევროპაში ყველაზე მეტი სამხედრო აქტივობა ხორციელდება შავი ზღვის რეგიონში, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა, რომელიც გააერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს.

სასურველია, რომ აღნიშნულ სარდლობაში, შავი ზღვის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა. უნდა მოხდეს შავი ზღვის პერიმეტრზე ძალების, შესაძლებლობებისა და ბაზების გადანაწილება, რათა კონტროლს დაექვემდებაროს შავი ზღვის აკვატორია.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში გვიწევს მე-19 საუკუნის მენტალობის მქონე ქვეყანასთან ჭიდილი, დაგვიანებული მოქმედება კი ხელს აძლევს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ამიტომ საჭიროა მყისიერი მოქმედება. მეტი ნატო შავ ზღვაში არის გარანტია შავი ზღვის უსაფრთხოების”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დისკუსიის მიმდინარეობისას.

ნეტგაზეთთან საუბრისას ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის სრული თანხმობა და ამგვარ სარდლობაში გაწევრიანდებიან როგორც ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე, უკრაინა და საქართველო.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს არ ჰყავს საზღვაო ფლოტი და მხოლოდ სანაპირო დაცვის საშუალებებით შემოიფარგლება, ასევე, არ ჰყავს დიდი საჰაერო ძალები, რა შეიძლება იყოს ქართული როლი აღნიშნულ სარდლობაში, ჩაჩიბაია პასუხობს, რომ მიუხედავად ამისა, საქართველომ შესაძლოა ალიანსს შესთავაზოს საკუთარი სამხედრო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.

“ჩვენ გვყავს სანაპირო დაცვის საშუალებები, რომელიც ასევე შეიძლება იქნას განხილული, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი ამ სარდლობაში. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აეროდრომები, ჩვენი სახმელეთო კომპონენტები ჩართულნი იყოს ამ ძალისხმევაში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებულ სარდლობაზე, აქ არ იგულისხმება, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბება, ეს იქნება ძალიან მცდარი მიდგომა, რადგან დღეს საქართველოს არ გააჩნია ისეთი ბიუჯეტი, რომ შეძლოს [შექმნას] გამართული და ძლიერი ფლოტი. ნაცვლად ამისა, ჩვენ უნდა განვავითაროთ უკვე არსებული რესურსები და სწორად გამოვიყენოთ.

შესაძლებელია თანამშრომლობა შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს შორის ელექტრო-სადაზვერვო საშუალებების, ინფორმაციის, საჰაერო სურათების გაზიარების კუთხით.

საზღვაო უსაფრთხოება ასევე მოიაზრებს სახმელეთო და საჰაერო კომპონენტსაც. ამ მხრივ, საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, სადაც საპატრულო მფრინავი ობიექტები განთავსდება”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისივე თქმით, გარდა სახმელეთო და საჰაერო ინფრასტრუქტურისა, შესაძლებელია საზღვაო პორტების გამოყენებაც.

“პორტების გამოყენებით მრავალი ღონისძიების დაგეგმვაა შესაძლებელი, თუნდაც ერთობლივი სწავლების, გემების ვიზიტების და ასე შემდეგ.

ჩვენ გვაქვს გარკვეული რესურსი როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო კომპონენტების უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე უნდა განახორციელოს ნატომ. რამდენად მოწონებული იქნება, არ ვიცი, თუმცა შავ ზღვას სჭირდება ცალკე სარდლობა, რომელიც უშუალოდ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

დღეს თუ რომელიმე რეგიონს აქვს გამოწვევა, ეს არის შავი ზღვა. ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭრიდება”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში

 რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში, მაშინ, როდესაც ქვეყანას, მათ შორის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა სურს? ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევრის და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, შოთა ღვინერიას აზრით, ნატოს ერთიანი პროაქტიული სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეს, თუმცა ამისთვის თავადვე უნდა იმუშაოს უფრო აქტიურად.

“პირველ რიგში, აქ უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად აქტიური იქნება საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებასთან დაკავშირებით. რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, პირველ რიგში, უნდა იყოს ადგილობრივი სახელმწიფოების ინტერესი და სწორედ მათ უნდა შესთავაზონ პარტნიორებს გამოსავალს უმძიმესი სიტუაციიდან, რომელშიც ამჟამად რეგიონი იმყოფება”, – მიაჩნია ღვინერიას.

ღვინერიას თანახმად, არსებული გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინებით, რა დროსაც თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის დაბალანსებას ცდილობენ, რუმინეთი შედარებით აქტიურია რეგიონში ნატოს გაძლიერების მცდელობის მიმართულებით, ხოლო ბულგარეთი – შედარებით ინერტული, რეგიონის ორ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, თუმცა არიან პარტნიორები, უკრაინა და საქართველო, მსგავსი პოზიციები უნდა ჰქონდეთ.

“კატასტროფაა ის, რომ საქართველო და უკრაინა ამ საკითხშიც კი ერთად არ დგას და ეს ორი ქვეყანა ერთ ენაზე არ საუბრობს. “სიტყვით” ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს, რომ ვართ პარტნიორები, თუმცა ვერავინ დაასახელებს რაიმე კონკრეტულ ქმედებას, რომელიც უკრაინამ და საქართველომ ერთობლივად განახორციელეს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის”, – აცხადებს ღვინერია ნეტგაზეთთან საუბრისას.

მეორე ძირითადი ხარვეზი, რასაც შოთა ღვინერია ასახელებს საქართველოს როლის გამოხატვის კონტექსტში, არის ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება.

“საქართველოც კი არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც იქნებოდა სანდო პარტნიორი დასავლეთისთვის. მოგეხსენებათ, რა დაემართა ანაკლიის პორტს. ეს პროექტი მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს. ეს იყო ტესტი, თუ რამდენადაა მზად საქართველო ითამაშოს საკუთარი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ ეს ტესტი ვერ ჩავაბარეთ, ჩვენ ვერ ავირჩიეთ სწორი მხარე. იმის გამო, რომ არ განაწყენებულიყო რუსეთი, ჩვენ უარი ვთქვით ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე. რუსეთი კვლავ გაღიზიანებულია, თუმცა საქართველომ ვერაფერი მოიგო”, – მიაჩნია ღვინერიას.

“ახლა არის შესაძლებლობის ფანჯარა. ყარაბაღის ომის შემდეგ დასავლეთმა რეალურად დაინახა რეგიონის დაკარგვის საფრთხე, რადგან რუსეთმა კიდევ უფრო გაიძლიერა საკუთარი გავლენები რეგიონში და საქართველო დარჩა ერთადერთი იმედი დასავლური ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად.

თუ ჩვენც რუსული ორბიტის ქვეშ აღმოვჩნდით, ეს რეგიონი სრულიად დაკარგულია. ახლა ნამდვილად არის შესაძლებლობების ფანჯარა. ჩვენ თვითონვე რომ ვიცოდეთ, რა გვინდა და ვახერხებდეთ პარტნიორებთან ნორმალურ კომუნიკაციას, ისე როგორც არასდროს, იქნებოდა შანსი რეალური შედეგების მიღწევისთვის”, – ამბობს იგი.


2020 წელს ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც განხილულია ის ფაქტორები, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და პროექტის ჩაგდებას უკავშირდება.

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მეტის გასაგებად, გირჩევთ გაეცნოთ ნეტგაზეთის ინტერვიუს უკრაინის ყოფილ ელჩთან – ვალერი ჩეჩელაშვილთან.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი