ახალი ამბები

ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში – კობახიძე

18 მარტი, 2024 • 614
ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებს  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თბილისში ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

„ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის.

„მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი