რუსთაველის თეატრთან სამოქალაქო აქტივისტები ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მსახიობს მას შემდეგ, რაც მაყაშვილმა საჯაროდ თქვა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – ამავე თეატრის მსახიობი ბესო ზანგური.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, პროფკავშირ “გილდიის” წარმომადგენლის, გიგა ბექაურის თქმით, ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ადამიანებმა, ვინც მაყაშვილის ხსენებული მონაყოლის შემდეგ “ძალადობის წამახალისებელი” განცხადებები გააკეთეს.
“ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებიან გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, არ გააკეთონ დისკრიმინაციული განცხადებები. ასეთი განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან და [ასევე] ელისო ბოლქვაძისგან. ჩვენ ვითხოვთ მათგან ბოდიშს.
საჯაროდ მოიხადოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა და რობერტ სტურუამ ბოდიში იმ განცხადებების გამო, რომლებიც ახალისებენ ძალადობას, დისკრიმინაციას და შევიწროებას კულტურის სფეროში და მთლიანად საზოგადოებაში. რაც მათ გააკეთეს, ეს არის ძალადობის წახალისება.
იმის მაგივრად, რომ მხარი დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი ტრაგედია მოჰყვა, ამის მაგივრად ქილიკი დაიწყეს. ეს არის დაუშვებელი, მით უმეტეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდებიან”, — უთხრა მან “ტვ პირველს”.
“გილდია” კულტურის სამინისტროს სთხოვს:
- გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე, ანტიდისკრიმინაციული და ანტიძალადობრივი პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე.
- ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
- მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
16 აპრილს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ კარგი იქნება, თუ მსახიობი ბესო ზანგური დღესვე დატოვებს რუსთაველის თეატრს. ამავე დღეს, ზანგური დროებით მოხსნეს ყველა როლიდან.
ამ გადაწყვეტილებამდე, სტურუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები” დაიწყეს. რაც შეეხება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს, მან თქვა, რომ რობერტ სტურუას ხსენებული განცხადება არ ყოფილა ძალადობის წახალისება. ბოლქვაძის სიტყვებით:
“…ეს ისეთი თემაა, რომ არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? ეს გასარკვევია და ამისთვის საქმე უნდა იყოს აღძრული. ბატონი რობერტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალადობას მხარს ვერ დავუჭერ, რა თქმა უნდა”.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.
მაყაშვილს მანამდე საჯაროდ გამოუცხადეს სოლიდარობა რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ და სხვებმა.
თავად ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს, ნინუცა მაყაშვილმა კი საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი ყოფილი ქმრის დაკავება არ არის.
“10 წელი სად იყო?… ” – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება