ახალი ამბები

“10 წელი სად იყო?… ” – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

15 აპრილი, 2021 •
“10 წელი სად იყო?… ” – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი განცხადება შესასწავლია. ბოლქვაძის თქმით, დასადგენი,ა იყო თუ არა ძალადობა და “ვინ როგორ გამოიყენა” ეს თემა.

“ჯერ ერთი, ეს თემა მე არ ვიცი. მეორეც, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განსახილველი საკითხი. ეს არანაირად არ ეხება კულტურის კომიტეტს. ძალადობა ზოგადად დასაგმობია, მაგრამ ეს არის შესასწავლი თემა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ეს რა იყო მართლა. არ არის ასე მარტივად. ეს შეიძლება იყოს გასარჩევი, ეს სასამართლო თემაა, ძალიან ღრმა და მტკივნეული რაღაცაა. როდესაც არის ძალადობა, ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი. მაგრამ ეს იყო ძალადობა თუ არა და ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ამასთან, ელისო ბოლქვაძე გამოეხმაურა რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებებსაც, რომელიც არ იზიარებს ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს, რომ მასზე მსახიობი ბესო ზანგური ძალადობდა. ბოლქვაძის თქმით, სტურუამ მისი თეატრის მსახიობს მხარი დაუჭირა, რადგან არ სჯერა, რომ ის მოძალადეა. ამასთან, ბოლქვაძის თქმით, უნდა დავუშვათ ისიც, რომ მაყაშვილის მხრიდან 10 წლის შემდეგ ძალადობაზე საუბარი “ვიღაცას რაღაცის ასაგორებლად” სჭირდებოდეს.

“ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი. ამ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ ძალადობაში იყო ჩათრეული. ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ. ამხელა აგრესია რომ წამოვიდა, ამას უნდა კარგად გაანალიზება. იმიტომ, რომ მსოფლიოს ახსოვს ასეთი მაგალითები, როცა 20-30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება. ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და ამიტომაც უჭერს მხარს თავის მსახიობს. არიან ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ამის. ეს ისეთი თემაა, რომ არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? ეს გასარკვევია და ამისთვის საქმე უნდა იყოს აღძრული. ბატონი რობერტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალადობას მხარს ვერ დავუჭერ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

მაყაშვილს მანამდე საჯაროდ გამოუცხადეს სოლიდარობა  რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ და სხვებმა.

თავად ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი