ახალი ამბები

მსახიობი ბესო ზანგური დროებით მოხსნეს ყველა როლიდან

16 აპრილი, 2021 •
მსახიობი ბესო ზანგური დროებით მოხსნეს ყველა როლიდან

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი ბესო ზანგური დროებით მოხსნეს ყველა როლიდან. უკვე არსებობს ოფიციალური ბრძანებაც, რომელიც 16 აპრილითაა დათარიღებული.

თეატრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე ზანგური „რეპერტუარის ყველა როლიდან მოხსნილია“.

რობერტ სტურუას ბრძანებაში ნათქვამია, რომ ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

“როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ”, – წერს ბესო ზანგური ფეისბუკზე.

რობერტ სტურუას ბრძანების თანახმად, ბესო ზანგურის ნაცვლად სპექტაკლებში სხვა მსახიობები ითამაშებენ.

მანამდე, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თავად მოუწოდა ზანგურს, რომ თეატრი თავისი ნებით დაეტოვებინა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს, და კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. იმიტომ, რომ მე მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – თქვა წულუკიანმა.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

მაყაშვილს მანამდე საჯაროდ გამოუცხადეს სოლიდარობა  რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ და სხვებმა.

თავად ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს, ნინუცა მაყაშვილმა კი საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი ყოფილი ქმრის დაკავება არ არის.

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი