ახალი ამბები

ომბუდსმენი ნინუცა მაყაშვილის საქმეს შეისწავლის

16 აპრილი, 2021 •
ომბუდსმენი ნინუცა მაყაშვილის საქმეს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სრულ მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური თანაცხოვრების პერიოდში მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, სცემდა ორსულობის პერიოდში.

“იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნაწილი კვლავ არ არის სოლიდარული ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ, აღნიშნულზე ღიად საუბარი დიდ გამბედაობას და სიმამაცეს მოითხოვს და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას”, — აცხადებს სახალხო დამცველი და დასძენს, რომ მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საქმეს და შესაბამისი უწყებების მხრიდან მასზე განხორციელებულ რეაგირებას.

გარდა ამისა, ომბუდსმენი დამაზიანებლად მიიჩნევს იმ საჯარო პირთა განცხადებებს, რომლებმაც ნინუცა მაყაშვილი გააკრიტიკეს, ან ფინანსურ ინტერესს გაუსვეს ხაზი.

“საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის, საჯარო პირების მხრიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის და სხვათა კომენტარები, ქალის ფინანსურ ინტერესსა თუ საჯაროდ დაგვიანებით საუბართან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს.

საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან”, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი