რუსთაველის თეატრთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ და ძალადობის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, შელაპარაკება მოხდა. შეკრების დაწყებიდან მალევე, აქტივისტებთან მივიდა რამდენიმე მსახიობი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, ძალადობა არ წაუხალისებია.
რა მოხდა თეატრთან?
ადგილზე აქცია პროფკავშირ “გილდიისა” და ქალთა გაერთიანების, “ფემინას” ორგანიზებით იმართებოდა. აქციაზე თქვეს, რომ მიუღებელია განცხადებები, რომლებიც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გაახმიანა მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა თავისი ყოფილი მეუღლე, ამავე თეატრის მსახიობი — ბესო ზანგური — საჯაროდ დაადანაშაულა ძალადობაში.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა გიგა ბექაურმა თქვა, რომ ასეთი განცხადებები ახალისებს ძალადობას და სტურუამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“ამ ადამიანის განცხადებები გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ ორგანიზაციაში დასაქმებულთა უფლებები არის შელახული. განსაკუთრებით, არათანაბარი მოპყრობა, ლოგიკურია, რომ იყოს ქალების მიმართ. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ასე უყურებს საკითხს, შეუძლებელია, მან სამუშაო პროცესში ეს არ ასახოს”, — თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.
შეკრება მცირე ხნის დაწყებული იყო, როცა აქტივისტებთან რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობი, მათ შორის, გოგა ბარბაქაძე და პაატა გულიაშვილი მივიდნენ. მათ რობერტ სტურუა დაიცვეს, თქვეს, რომ ის ძალადობას არ ახალისებს და სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ბესო ზანგური სპექტაკლებიდან დროებით მოიხსნა.
“გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს რობერ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური. …მოხსნილია ეს კაცი[ზანგური] ყველა სპექტაკლიდან… იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, ეს გააკეთა.
სხვა აღარაფერი არ შეუძლია ჯერჯერობით. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას.
სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც… ხომ ნიშნავს ეს, რომ თეატრი გმობს ძალადობას?.. გარეთ რა ხდება, იმას ლაპარაკობენ და შიგნით არაფერი არ იციან. ეგ როგორ ხდება? მე ვარ ამ თეატრის მსახიობი და ვიცი, რაც ხდება”, — უთხრა ჟურნალისტებს გოგა ბარბაქაძემ.
მისივე თქმით:
“1 რაღაცა თქვა [სტურუამ] და 7 000-მა კაცმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, ისეთი სიტყვებით, ეს დანაშაული არ არის?”
ბაქბაქაძემ ასევე გამორიცხა, რომ სტურუა თეატრში დასაქმებულებს არასათანადოდ ეპყრობა.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული. აქცია სერიოზული ინციდენტების გარეშე დასრულდა.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები მანამდე
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა 12 აპრილს, ტელეეთერში განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – მსახიობი ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა.
მაყაშვილს საჯაროდ გამოუცხადეს სოლიდარობა რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ და სხვებმა.
თავად ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს, ნინუცა მაყაშვილმა კი საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი ყოფილი ქმრის დაკავება არ არის.
მაყაშვილის ხსენებული განცხადებიდან მეორე დღეს, 13 აპრილს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში დაწერა:
“ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!”
რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაგმო ძალადობა, 14 აპრილს კი აფიშიდან მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა.
აღნიშნულის შემდეგ, 16 აპრილს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ “კარგი იქნება, თუ ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს”. მანვე მოუწოდა ნინუცა მაყაშვილს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კი თქვა, რომ არ აპირებს, თანამდებობიდან მოხსნას რობერტ სტურუა.
ამავე დღეს, რობერტ სტურუას ბრძანებით, ბესო ზანგური დროებით მოიხსნა ყველა როლიდან. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილებას თავად ზანგურიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ყველაზე დიდი დარტყმაა მსახიობისთვის.
ჟურნალისტებამ ამ მოვლენების შესახებ პარლამენტის ჯულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძესაც ჰკითხეს. მან თქვა, რომ რობერტ სტურუას ხსენებული განცხადება არ ყოფილა ძალადობის წახალისება. ბოლქვაძის სიტყვებით:
“…ეს ისეთი თემაა, რომ არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? ეს გასარკვევია და ამისთვის საქმე უნდა იყოს აღძრული. ბატონი რობერტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალადობას მხარს ვერ დავუჭერ, რა თქმა უნდა”.
ზემოხსენებულ აქციაზე ბოლქვაძის ეს განცხადებაც გააკრიტიკეს და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს როგორც მისგან, ისე სტურუასგან.
“10 წელი სად იყო?… ” – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება