ახალი ამბები

“დაუსაბუთებული ჩარევაა ადამიანის უფლებებში” — უფლებადამცველები ნამოხვანში კარვების აღებაზე

12 აპრილი, 2021 • 1019
“დაუსაბუთებული ჩარევაა ადამიანის უფლებებში” — უფლებადამცველები ნამოხვანში კარვების აღებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება სოფელ გუმათთან პოლიციის მიერ აქტივისტების კარვების აღებას.

გუშინ, 11 აპრილს, „რიონის ხეობის მცველების“ კარვები პოლიციამ აიღო, რაც ახსნა იმით, რომ რიონი კალაპოტიდანაა გადმოსული და მოქალაქეებს საფრთხე ემუქრება. თავად აქტივისტები აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე უბრალოდ საბაბია, სინამდვილეში კი პოლიციას „საფუძველი არის ის, რომ უბრალოდ ნამოხვანიდან აგვყარონ“.

სწორედ ამ მოვლენას აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორც „უხეში და დაუსაბუთებული ჩარევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში,“.

„მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში.

აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიროტირიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან. აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა, უშუალოდ ხეობის მცველების გარდა, შეეხოთ მედიის წარმომადგენლებსაც. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის“ ეს შეზღუდვა გაუმართლებლად მიიჩნიეს“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ამასთან,  ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კარვების დაშლის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია „ბანაკის ტერიტორიიდან ალკოჰოლური სასმელის ბოთლების ამოღების“ შესახებ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ აღქმული იქნა მათი მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობად – „ამ ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებულ ეჭვებს ამძაფრებს თავად დემონსტრანტთა ბანაკში დამკვიდრებული შინაგანაწესი და პრაქტიკა, მკაცრად გაკონტროლდეს ქცევის წესები,  რაც ალკოჰოლის მოხმარებას კრძალავს“.

„მნიშვნელოვანად მივიჩნევთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას გადადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე და საკუთარი მოქმედებები მოაქციოს ადამიანის უფლებების სტანდარტებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რიონის ხეობის მცველების მუდმივი მცდელობა და არაერთგზის გაცხადებული განზრახვა, მიმდინარე პროცესები დარჩეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში, რასაც ისინი გუშინ საკუთარი მოქმედებებით ადასტურებდნენ და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, არ სწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობს პოლიციის მიერ დადგენილი შეზღუდვების მიმართ.

არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ “რიონის ხეობის მცველების” ფუნდამენტური უფლებების ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი შეზღუდვა ქმნის პროცესების დამატებით გართულების რისკებს, რასაც არათუ არ აზღვევს, არამედ  ამწვავებს ხელისუფლების საპოლიციო მოქმედებებს, რაც მოვლენების შემდგომ განვითარებას მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევს“.

ორგანიზაციები მოწუოდებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს მიეცეთ სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა;

საქართველოს მთავრობას: 

– გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს;  უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს:

– მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა


უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში, კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

თუმცა, უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო. დღეს, 12 აპრილს იგეგმება კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ხეობაში, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა თბილისშიც გადმოინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი