ახალი ამბები

მინიმუმ ბოლო 70 წელია რიონი იმ ნიშნულზე არ ამოსულა, რასაც ახლა ესენი ასახელებენ – გოლეთიანი

11 აპრილი, 2021 • 881
მინიმუმ ბოლო 70 წელია რიონი იმ ნიშნულზე არ ამოსულა, რასაც ახლა ესენი ასახელებენ – გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის გარძელებას აპირებენ და მოქალაქეებს რიონის ხეობაში მისვლისკენ მოუწოდებს. აქტივისტები მოითხოვენ ნამოხვანში, მათ მიერ შერჩეულ უსაფრთხო ადგილას, კარვების დადგმის საშუალება მიეცეთ. გოლეთიანის თქმითვე, აქტივისტებმა პოლიციას შესთავაზეს ნამოხვანში უსაფრთხო ადგილზე გაეშალათ კარვები, რაზეც უარი მიიღეს.

“კარვის აღების მიზეზად დასახელდა ის, რომ რიონის დონე იწევდა და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მინიმუმ ბოლო 70 წელია, რაც რიონი იმ ნიშნულზე არ ამოსულა, რასაც ახლა ესენი ასახელებენ. მეტი არგუმენტი არ დარჩათ და ამას ამბობენ თითქოს რიონი წაგვლეკავს და ამიტომ უნდა აგვიშალონ კარვები, მაგრამ ჩვენ მათ ვუთხარით რომ ხეობაში ალტერნატიული ადგილი არსებობს, იგივე ნამოხვანში, სადაც შეგვიძლია კარვები გავშალოთ. ამასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ. გამოდის, რომ საფუძველი მართლა რიონის ამოსვლა კი არ არის,  რომც ამოდიოდეს, საფუძველი არის ის რომ უბრალოდ ნამოხვანიდან აგვყარონ. “-აცხადებს გოლეთიანი.

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ნამოხვანში აღებული კარვების გუმათში ჩამოტანა შესთავაზეს, სადაც ამ დრომდე გრძელდება პროტესტი და აქციის მონაწილეებს კარავიც აქვთ გაშლილი.

“თვითონ ჩამოყალიბდებიან… სადაც უნდათ გააგრძელებენ პროტესტს. იმ ხეობაში გამომდინარე ამ პირობებიდან, რაც უკვე მოგახსენეთ [რიონის კალაპოტის შესაძლო მატება] შუძლებელია. შევთავაზეთ ჩვენ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა და მშვიდობიან ვითარებაში პროტესტის გაგრძელება,”-აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

დღეს, 11 აპრილს, ნამოხვანში კარვების დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებით ახსნა.

პოლიციამ რიონის ხეობიდან აქტივისტების გაყვანა და კარვების დაშლა დააანონსა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი