ახალი ამბები

ვაგრძელებთ კომუნიკაციას კომპანიასთან — ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

27 სექტემბერი, 2021 • 1031
ვაგრძელებთ კომუნიკაციას კომპანიასთან — ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მოლაპარაკებებს კომპანია „ენკასთან“, რომელსაც ნამახვანჰესი უნდა აეშენებინა. „ენკამ“ თქვა, რომ ჰესს არ ააშენებს და პროექტიან გადის.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე ინვესტორთან საუბარი.

„მე მემკვიდრეობით დამხვდა ეს კონტრაქტი. ბუნებრივია, ბევრი რაღაც იყო მიუღებელი და ამის შესახებ საუბარი მქონდა ინვესტორთან.

ეს არის სუვერენული უფლება, რომ ივესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა და მეც მაწუხებდა მათ შორის, როგორც რიგით მოქალაქეს. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან.

ჩვენ მათ ყველა პირობა შევუქმენით, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ მუშაობა, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობასთან კომუნიკაცია, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამგვარი საუბარი არ შემდგარა.

„ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია ერდოღანთან. ეს არის წმინდად სახელმწიფოსა და ინვესტორთან ურთიერთობა

ჩვენ ვუფრთხილდებით ყველა ინვესტორს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „მომდევნო წლებში სახელმწიფოს სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში“.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიის მიერ კონტრაქტის დატოვების შემთხვევაში, მისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა აუდიტის შედეგად უნდა დადგინდეს.

„შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – 3 სცენარი

მასალების გადაბეჭდვის წესი