პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა.
ასე გამოეხმაურა სამხარაძე მუხთარლის განცხადებას, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
სამხარაძის თქმით, მუხთარლის გატაცების დეტალები საზოგადოებამ კარგად იცის და მათ შორის ისიც, ვინ იყო მაშინ საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღები და ქვეყნის პრემიერი.
“გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. რა თქმა უნდა,. ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვისი ბრძანებით გაკეთდა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, — განაცხადა სამხარაძემ.
მუხთარლი – პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.
მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.
მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.
მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.
აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში ასევე თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა. მუხთარლი მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად ასევე გერმანიაში, ოჯახთან გაემგზავრა.