ახალი ამბები

სააკაშვილის შესაწყალებლად ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ზურაბიშვილზე ზეწოლას ცდილობენ — სამხარაძე

20 თებერვალი, 2024 • 588
სააკაშვილის შესაწყალებლად ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ზურაბიშვილზე ზეწოლას ცდილობენ — სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შემდეგ ევროპარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართონ.

ამის შესახებ მან დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ეს არის სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა.

„სამწუხაროდ, [მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე] პრეზიდენტი აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

მინდა საზოგადოებას ვამცნო იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ.

ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ, რომ პარალელები გაავლონ. ისევ ამოქმედებულია ძველი ლობისტური ხაზები, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. კიდევ ერთი მცდელობაა, რომ აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი და რადოსლავ სიკორსკი ერთსა და იმავე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ მას შეუძლია სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.

„ნატოში გაწევრიანების შემდეგ პირველი თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ვინც ეწვია საქართველოს. როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა, გითხრათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ გვახსოვს, ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ეს მისაღები იქნება“, – მიმართა რადოსლავ სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი