ახალი ამბები

საგარეო კომიტეტმა წელს „რუსულ კანონის“ განხილვა აირიდა

8 აპრილი, 2024 • 1244
საგარეო კომიტეტმა წელს „რუსულ კანონის“ განხილვა აირიდა

პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.

კომიტეტის სხდომა 12 აპრილს გაიმართება. ოპოზიციამ მოითხოვა, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით.

უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა. სხდომის წამყვან გიორგი ვოლსკის თქმით, სხვა კომიტეტების წევრებს შეუძლიათ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრონ.

„ა(ა)იპ-ების და მედიის დეკლარაციების ჩაბარების საკითხი არ არის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განსახილველი… [საკითხი] არ ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არ განიხილავს ამ საკითხს იმიტომ, რომ არ არის ჩვენი კომპეტენციის სფერო“, — განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

თუმცა, გასულ წელს, იგივე კანონპროექტი, წამყვანი იურიდიული კომიტეტის გარდა, საგარეო და თავდაცვისა კომიტეტების გაერთიანებულ კომიტეტზე განიხილეს და სხდომას სწორედ ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა.

კომიტეტის სხდომა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონს აკრიტიკებენ აშშ-ში და ევროკავშირში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, კანონპროექტის მიღება ქვეყანას ევროპულ გზას ჩამოაცილებს.

საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონპროექტებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

მასალების გადაბეჭდვის წესი