ახალი ამბები

ბრძოლა სატელევიზიო რეიტინგებისთვის — რატომ სურს მარეგულირებელს აუდიტის ჩატარება

8 აპრილი, 2021 • 1692
ბრძოლა სატელევიზიო რეიტინგებისთვის — რატომ სურს მარეგულირებელს აუდიტის ჩატარება

“კომუნიკაციების კომისია ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის” — ასე ეხმაურებიან ოპოზიციური ტელეარხები კომისიის სურვილს, თავისივე დაკვეთით ჩაატაროს აუდიტი საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელ ორ კომპანიას. სწორედ სატელევიზიო რეიტინგები განსაზღვრავს, ვინ რამდენ რეკლამას მიიტანს ამა თუ იმ მედიასაშუალებაში.

ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიას ბაზარზე არსებული ორად ორი მთვლელიდან იმ კომპანიის გაგდება სურს, რომელსაც ოპოზიციური არხები ენდობიან და თანამშრომლობენ კიდეც.

კომისია ბრალდებებს არ ეთანხმება და საუბრობს მიზეზებზე, რომელთა გამოც რეიტინგების მთვლელ კომპანიებში აუდიტის საჭიროებას ხედავს.

ვინ ზომავს ქართული ტელევიზიების რეიტინგებს?

პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა 16 წლის წინ თავად ტელევიზიების დაკვეთით დაიწყო, “თი-ვი ემ-არ საქართველოა”.

სატელევიზიო რეიტინგებს მთვლელი მეორე კომპანია “ტრი მედია ინტელიჯენსია”. ის ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მას უნდობლობა გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა ტელეარხებმა — “რუსთავი 2-მა” (ნიკა გვარამიას დირექტორობისას”), “კავკასიამ” და ტვ “პირველმა”.

“თი-ვი ემ-არ საქართველო” რეიტინგების მთვლელი კომპანიის, “ნილსენის” პარტნიორია. ის სატელევიზიო რეიტინგებს ქვეყანაში 2005 წლიდან ზომავს. კომპანიის 100%-იან წილს საზოგადოება “თი-ვი ემ-არ” ფლობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოშია რეგისტრირებული.

წლების განმავლობაში “თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგებს ზომავდა. თუმცა სურათი შეიცვალა 2016 წელს, როდესაც ქვეყანაში შემოვიდა “ნილსენის” კონკურენტის, “კანტარის” წარმომადგენელი “ტრი მედია ინტელიჯენსი”.

ამ უკანასკნელის 50%-50%-ს მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი ფლობენ. ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (გორბი) ერთ-ერთი მფლობელია, თევდორაშვილი კი წილებს ფლობს “პალიტრის” ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში.

საქართველოში შემოსვლისთანავე  “ტრი მედია ინტელიჯენსის” მომსახურების შესყიდვა დაიწყეს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ხელისუფლებასთან აფილირებულმა ტელევიზიებმა: “იმედმა”, “მაესტრომ” და GDS-მა.

“თი-ვი ემ-არ საქართველოს” კლიენტებად 2016 წლიდან დარჩნენ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები: “რუსთავი 2” (რომელიც ქიბარ ხალვაშს 2019 წლის ივლისში დაუბრუნა), ტვ “პირველი”, “კავკასია”, “რუსთავი 2-დან” ნიკა გვარამიას წამოსვლის შემდეგ კი, ახლად დაფუძნებული “მთავარი არხი” და ტელეკომპანია “ფორმულა”.

ხელისფულებასთან აფილირებული ტელევიზიები მიიჩნევენ, რომ “თი-ვი ემ-არ საქართველო” რეიტინგებით მანიპულირებს და ამიტომ მხოლოდ “ტრი მედია ინტელიჯენსის” მონაცემებს ეყრდნობიან. საპირისპიროდ, “ტრი მედია ინტელიჯენსის” სანდოობაში შეაქვთ ეჭვი ოპოზიციურ ტელეარხებს და მხოლოდ “თი-ვი ემ-არ საქართველოს” უცხადებენ ნდობას.

სატელევიზიო რეიტინგები ყველა ტელევიზიისა და რეკლამის მსხვილი დამკვეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეკლამის დამკვეთები სწორედ სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით წყვეტენ, რომელ ტელეარხში რა ოდენობის რეკლამა განათავსონ.

ორი მთვლელის პრობლემურობა — რატომ სურს კომუნიკაციების კომისიას აუდიტი

რეიტინგების მთვლელ კომპანიებში პერიოდული საერთაშორისო აუდიტი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მიმდინარე პერიოდში აღნიშნული პროცესის დაფინანსების მზადყოფნა სახელმწიფო მარეგულირებელმა — კომუნიკაციების კომისიამ გამოთქვა.

მიზეზებზე საუბრისას კომისია თავის განცხადებაში ამბობს, რომ ხსენებული ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის მონაცემები( სატელევიზიო რეიტინგები) ერთმანეთისგან განსხვავდება. უწყების თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, “ყველა განვითარებულ ქვეყანაში” სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს.

2 აპრილის განცხადების თანახმად, კომისიაში ფიქრობენ, რომ ეს მოცემულობა სარეკლამო ბაზარსაც ვნებს:

“…სარეკლამო ბაზარზე ორი განსხვავებული მონაცემი არსებობს, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მაუწყებლებისთვის, არამედ რეკლამის დამკვეთებისთვის. განსხვავებული მონაცემების პირობებში რეკლამის დამკვეთებმა არ იციან, რომელია ზუსტი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე”.

სწორედ ამით ხსნის კომუნიკაციების კომისია მის მიერ გამოთქმულ “მზადყოფნას”, დაეფარა საერთაშორისო აუდიტის ხარჯები, რომლის შედეგებიც სარეკლამო ბაზარზე არსებულ კითხვის ნიშნებს გასცემდა პასუხს.

განცხადების მიხედვით, კომისიამ ორივე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა, თავად შეერჩიათ საერთაშორისო აუდიტორი, რაზეც ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები მიიღო.

“კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებაზე “ტრი მედია ინტელიჯენსმა” თანხმობა განაცხადა, უფრო მეტიც, კომპანიისს ხელმძღვანელობა მზად იყო, მათ კომპანიაში აუდიტი შპს “თი-ვი ემ-არ საქართველოს” მიერ შერჩეულ საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიას ჩაეტარებინა.

მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ “თი-ვი-ემ-არ საქართველოს” წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის შეთავაზება არ მიიღეს. ამის მიზეზად კომპანიამ იმ მაუწყებლების პროტესტი დაასახელა, რომლებიც მისი დამკვეთები არიან”, — ვკითხულობთ კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში.

რა უპასუხა “თი-ვი ემ-არ საქართველომ” კომისიას

ის, რომ კომისიის ინიციატივა ხელმომწერ ტელეკომპანიებს არ მოსწონთ, “თი-ვი ემ-არ საქართველომაც” დაადასტურა 5 აპრილის განცხადებაში. კომპანიის თქმით, საერთაშორისო აუდიტისთვის ცალსახად მზადაა და ეს ოთხჯერ უკვე მოხდა, თუმცა დამკვეთებთან თანამშრომლობით და არა — სახელმწიფო მარეგულირებლის ინიციატივით.

“საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და არც სხვა რომელიმე სტრუქტურა არაა უფლებამოსილი შეარჩიოს/მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი.

შესაბამისად, ვერც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანია თავად ვერ შეარჩევს აუდიტორულ კომპანიას, ამისი პრეროგატივა მხოლოდ სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს გააჩნიათ.

ცხადია, ბაზრის მონაწილეებში, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოში მაუწყებელ ტელეკომპანიებსა და აგრეთვე სარეკლამო სააგენტოებსაც”, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 5 აპრილს გავრცელდა.

კომპანია განცხადებას თან ურთავს წერილსაც, რომელიც მისმა ხელმომწერებმა — “მთავარმა არხმა”, “ტვ პირველმა”, “ფორმულამ” და “კავკასიამ” — მისწერეს კომუნიკაციების კომისიას.

ტელეკომპანიების თქმით, შეისწავლეს უწყების წერილები “თი-ვი ემ-არ საქართველოს” მიმართ, რის შემდეგაც ფიქრობენ, რომ  უწყება კომპანიისგან საერთაშორისო აუდიტს “დაჟინებით მოითხოვს”, მიუხედავად “თი-ვი ემ-არ-ის” არაერთი განმარტებისა.

“კომისია ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის”

ოპოზიციური ტელეარხების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეიტინგის მთვლელ კომპანიებში აუდიტის ჩატარებას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მათთვის მიუღებელია, ეს მოხდეს კომუნიკაციების კომისიის ინიციატივითა და დაფინანსებით. ისინი ამაში მარეგულირებლის არაჯანსაღ, მათთვის საზიანო მოტივაციას ხედავენ.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ არ ეწინააღმდეგება აუდიტს და ეს სასარგებლო პროცესად მიაჩნია, თუმცა კომისიის მიერ გახმიანებული ინიციატივა “არასანდოა და ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს”.

“კომისია საკუთარი ბიუჯეტით, ანუ ჩვენ მიერ გადახდილი ფულით აპირებს, რომ აუდიტი გააკეთოს. ეს ნიშნავს, რომ აუდიტის დამკვეთი იქნება თავად კომისია, რაც წარმოუდგენელი ამბავია და ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერც ერთ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა. კომისია აპირებს, ფული დახარჯოს ამბავში, რომელიც კანონით მისი საქმიანობის სფეროში არ შედის”, — აღნიშნავს ის.

ნანა აბურჯანიძე

ამ პოზიციას ტვ “პირველის” ფინანსური დირექტორი ნანა აბურჯანიძეც იზიარებს. აუდიტში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამ მოცემულობით ორი საკითხი მიაჩნია პრობლემურად: კომისიის უფლებამოსილება და ფინანსური ნაწილი.

“გარდა იმისა, რომ არ შედის [ეს საკითხი] მათი რეგულირების სფეროში, ამის [აუდიტის] დაფინანსება უნდათ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავლებიდან. მგონია, რომ ეს თანხები უნდა მიემართოს ამ სფეროსკენ[რეგულირებისკენ] და არა სხვა სფეროს აუდიტისკენ”, — ამბობს აბურჯანიძე.

კომისიის ინიციატივას ტელეკომპანია “კავკასიაც” ეწინააღმდეგება. ტელეარხის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დასძენს, რომ “კომისია ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის”:

“მხოლოდ ინდუსტრიას აქვს უფლება, დაუკვეთოს პირობები, აუდიტი თუ სხვა ნებისმიერი პარამეტრი მთვლელ კომპანიას. მხოლოდ მის დამკვეთებს აქვთ უფლება. მხოლოდ იმ ტელევიზიებს შეუძლიათ, რაიმე მოსთხოვონ მთვლელ კომპანიას, რომლებიც მისი ხელმომწერნი არიან…”

“თი-ვი ემ-არ საქართველოს” მიერ გასაჯაროებულ წერილს ტელეკომპანია “ფორმულაც” აწერს ხელს. ტელეარხის დირექტორი ზუკა გუმბარიძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ კომისია “ყოველთვის ცდილობს, თავის დისკრეციას გასცდეს”. მისივე განცხადებით, “თი-ვი ემ-არ საქართველოში” საერთაშორისო აუდიტის ჩატარება “ფორმულასაც” სურს და იმედი აქვს, რომ სხვა ტელეარხებიც შეუერთდებიან. ოღონდ, არა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივითა და დაფინანსებით.

ზუკა გუმბაძე. სქრინი: ტაბულა

ამ საკითხზე “ნეტგაზეთს” “იმედის” მოსაზრების მოსმენაც სურდა. ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

რატომ ახლა, როცა ორი მთვლელი წლებია, არსებობს

ტელეკომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, დიდწილად ეთანხმებიან კომისიის პოზიციას, რომ უმჯობესია, სატელევიზიო რეიტინგებს ერთი კომპანია ზომავდეს. თუმცა დაისვა კითხვებიც, რატომ დაინტერესდა კომისია ამ საკითხით ახლა, როცა მეხუთე წელია, ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს ორი ასეთი კომპანია.

“ჯერ ერთი, ეს საკითხი თუ პრობლემურია, პრობლემური უნდა იყოს ტელეარხებისთვის და არა კომისიისთვის. მისი გადასაწყვეტი არ არის, რამდენი მზომველი იარსებებს.

გარდა ამისა, თვითონ ბექაური 2014 წლიდან არის კომისიაში და ეს მეორე მთვლელი სწორედ კომისიაში მისი ყოფნის დროს შემოვიდა ბაზარზე. ამდენი წელია, კომისიას პრობლემა არ ჰქონია მეორე მზომველთან დაკავშირებით. ახლა რომ ჩნდება პრობლემა, მგონი, ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა”, — უთხრა ნეტგაზეთს “მთავარი არხის” იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

ტვ “პირველის” ფინანსური დირექტორის აზრით, “ჯანსაღ გარემოში” რეიტინგების ერთი კომპანიის მიერ დათვლა ცუდი იდეა არ არის, თუმცა, მისივე სიტყვებით, “ამ გარემოში, როცა პოლარიზებულია მედია, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის არჩევანი, ვინ გაზომავს ან არ გაზომავს რეიტინგებს”.

აბურჯანიძე ასევე ეჭვობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანია, “ბაზარზე დარჩეს ერთი მზომველი, რომელიც გაზომავს “იმედს”, “პოს ტვ-ს… სამთავრობო არხებს”. კითხვას, მოცემულ შემოთავაზებაში ხედავს თუ არა ამის რისკებს, ტვ “პირველის” ფინანსური დირექტორი პასუხობს:

“პროგნოზებს ვერ დავიწყებთ, უბრალოდ, მთელ ამ პროცესში ვხედავ პრობლემას. უბრალოდ, ახლა მიდის იმის მტკიცება, როგორ დიად საქმეს ემსახურება კომისია, როგორ მზად არის “ტრიმედია ინტელიჯენსი”, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორ არ არის მზად “თი-ვი ემ-არი”.

“თი-ვი-ემ-არ საქართველო” მზად არის. უბრალოდ, ჩვენ, მისი ხელმომწერი არხები ვიძახით, რომ ჩვენ, დამკვეთებმა უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი ფინანსებით და არა მარეგულირებელმა კომისიამ თავისი ფინანსებით.

მარეგულირებელი ამბობდა, რომ თქვენ აარჩიეთ აუდიტი, ვინც გინდათ, მოიყვანეთო. ნამდვილად იყო ეს შემოთავაზება. მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც ფასადურია იმიტომ, რომ პრეცედენტის შექმნაში ვხედავ მე პრობლემას, რომ მარეგულირებელი კომისია თავისი ფინანსებით ატარებს აუდიტს იმ კომპანიებში, რომლებიც საერთოდ არ ექცევა მისი რეგულირების ქვეშ…”

მსგავსი პოზიცია აქვს “კავკასიის” დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილსაც:

“[კომისია] ცდილობს, რომ [თი-ვი ემ-არ საქართველო] ბაზრიდან გაუშვას, უბრალოდ, შარი რომ მოსდონ, ის უნდათ. მე არ ვამბობ, რომ ბექაურს ყველაფერი გათვლილი აქვს, სწორად აქვს გათვლილი და აუდიტით რამეს დაუშავებს. უბრალოდ, უნდა, საიდანღაც შემოუაროს. ვფიქრობ, წინასწარვე იცოდა მან, რა პასუხიც იქნებოდა კომპანიისგან. წინასწარ იცოდა ეს და ახლა ვითომ ამის დემონსტრირება უნდა, აქეთ მხარეს რა ცუდი რამეები ხდება”.

მათ შორის, ვისაც ორი მთვლელის არსებობა პრობლემურად მიაჩნია, “ფორმულას” დირექტორი ზუკა გუმბარიძეცაა. თუმცა აქვე ამახვილებს ყურადღებას ორ საკითხზე: ერთი მხრივ, ის არ ენდობა მეორე მთვლელს — “ტრიმედია ინტელიჯენსს” — და მიიჩნევს, რომ ის პირდაპირ კავშირშია კომუნიკაციების კომისიასთან. მეორე მხრივ, დასძენს, რომ ამ ვითარების შეცვლა და რეიტინგების დათვლის მისიის ერთ კომპანიაზე გადაბარება რთული პროცესია, რომელიც მოკლე ვადებში არ გვარდება.

“ამას თავისი წესები აქვს. უნდა გაკეთდეს ინდუსტრიული კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ტელევიზია, გაერთიანდებიან რეკლამის დამკვეთები, სარეკლამო სააგენტოები… ეს არის ხანგრძლივი პროცესი. გაიწერება ზუსტი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის მიხედვით მოხდება ერთი მთვლელის შერჩევა. ასე მსგავსი ტიპის პრობლემების გადაწყვეტა უბრალოდ არ ხდება”, — დასძენს ის.

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიების გაერთიანების მცდელობა 2019-20 წლებში იყო, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა და ბაზარზე კვლავ ორი მოთამაშე დარჩა.

“გაუგებარია მაუწყებლების ნაწილის პროტესტი” — კომისიის პასუხი

ნეტგაზეთი კომუნიკაციების კომისიას დაუკავშირდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ტელევზიებს რეიტინგების მთვლელ კომპანიებში აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით აწუხებთ.

წერილობით პასუხში კომისია ამბობს, რომ “გაუგებარია მაუწყებლების ნაწილის პროტესტი კომისიის შეთავაზებაზე”. კომისიის თქმით, მათ, “როგორც მაუწყებლობის სფეროში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ, სატელევიზიო რეიტინგების მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად  ბაზარზე არსებულ ორივე რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა საერთაშორისო აუდიტის ჩატარების დაფინანსება.

კომუნიკაციების კომისიას, როგორც ამას მაუწყებლები თქვენთან საუბარში აცხადებენ, არ მოუთხოვია აუდიტის ჩატარება, კომისიამ ორივე კომპანიას შესთავაზა ხარჯების დაფარვა რათა სარეკლამო ბაზარზე არსებულ კითხვებს  გაეცეს  პასუხი.”

კომისიას ასევე ვკითხეთ, რატომ დაინტერესდა კომუნიკაციების კომისია ამ საკითხით და მისი თანმდევი პრობლემებით ახლა, როცა 5 წელია, ორი კომპანია ერთდროულად ოპერირებს ბაზარზე. კომისიის თქმით:

“სწორედ იმიტომ, რომ ბაზარზე ორი მთვლელი კომპანია წლებია არსებობს, თუმცა, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, პრობლემა კი  წლებთან ერთად უფრო ღრმავდება, რაც სარეკლამო ბაზარზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს განვითარებით დაინტერესებული უწყება, გამოვიდა აღნიშნული შეთავაზებით”.

კომისია უარყოფს, რომ მისი მიზანი “თი-ვი ემ-არ საქართველოს” ბაზრიდან გაშვებაა, როგორც ამას ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიებში ამბობენ. უწყების თქმით, “მაუწყებლების ნაწილის ეს ბრალდება სრულიად აცდენილია რეალობას”.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომუნიკაციების კომისიას ადანაშაულებენ ისეთი საკითხის გაკონტროლების მცდელობაში, რაც მის უფლებამოსილებას სცდება.

“ცენზურის დაკანონება” — ასე შეაფასა “მთავარმა არხმა” კომუნიკაციების კომისიის ქმედება, როცა მარეგულირებელმა მიმდინარე წლის იანვარში “მთავარი არხი” დამრღვევად ცნო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის კადრებთან დაკავშირებით, თუმცა სანქცია არ დააკისრა.

კომისიის გადაწყვეტილება ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს “მთავარი არხის” გადაცემა “შაბათის მთავარში” გასულ სიუჟეტს. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა. ამ სიუჟეტში გავიდა პარლამენტში მჯდომი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, სადაც ჩანს, როგორ ეხება ის გენიტალიებს. სიუჟეტი კომისიის 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიას უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა მედიის შინაარსზე. მედიის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების საქმე (უშუალოდ მედიებში არსებული თვითრეგულირების ორგანოების, ან პროფესიული წრეების) და არა — სახელმწიფო მარეგულირებლის. ქორიძეც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცენზურის დაკანონების მცდელობაა.

მედიის შინაარსში ჩარევით საკუთარ უფლებამოსილებას რომ გადააჭარბა და კანონი დაარღვია, მიიჩნევს კოალიცია მედია ადვოკატირებისთვისაც. კოალიციის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

კომუნიკაციების კომისია პროგრამის შინაარსის განხილვით კანონს არღვევს — კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

მასალების გადაბეჭდვის წესი