ახალი ამბებიკომენტარი

კომუნიკაციების კომისიას მედიის შინაარსზე მსჯელობის უფლება არ ჰქონდა – ზვიად ქორიძე

28 იანვარი, 2021 • 2074
კომუნიკაციების კომისიას მედიის შინაარსზე მსჯელობის უფლება არ ჰქონდა – ზვიად ქორიძე

„ცენზურის დაკანონება“ — ასე შეაფასა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება არხის ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელიც კომისიის ხედვით, უხამსობას შეიცავდა. რამდენად დასაბუთებულია ეს გადაწყვეტილება? ჰქონდა თუ არა კომუნიკაციების კომისიას უფლება, ეს საკითხი განეხილა? „ნეტგაზეთს“ ამ საკითხებზე მედიაექსპერტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ზვიად ქორიძე ესაუბრება:

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ სამართალდამრღვევად ცნო ეთერში, მათი განმარტებით, უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?

ეს გადაწყვეტილება თავისთავად გაურკვევლობას ქმნის, — თუ არის მაუწყებლობის კანონის ნორმის დარღვევა, ალბათ, სანქციაც უნდა დაეკისრებინა კომისიას…

ამ შემთხვევაში კომისია იტყვის, რომ მისი მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა. ამას ასე ასაბუთებს.

თუ უფრო ფართო კონტექსტში შევხედავთ ამ მოვლენას, კომისიის მიზანი იყო არა საზოგადოების დაცვა უხამსობისგან და ერთგვარი „ზნეობრივი ბერკეტის“ ამოქმედება, არამედ მედიის წარმოებულ პროდუქციის შინაარში შესვლა და ამ შინაარსზე მსჯელობა; იმ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, რაც, ჩემი აზრით, — და საზოგადოებრივი თანხმობაც არსებობს ამაზე, — ჩაბარდა წარსულს მაშინ, როცა დასრულდა ტოტალიტარიზმის ხანა და საბჭოთა კავშირი დაინგრა. მაშინ დამთავრდა ცენზურა და ასეთი ხისტი ჩარევა მედიაპროდუქციის შინაარსში.

დღევანდელი გადაწყვეტილებით კომისიამ საზოგადოებას უთხრა, რომ „მე ზუსტადაც დღეს ვიწყებ ამ პროცესს, ვხდები განმსაზღვრელი იმისა, ესა თუ ის მედიაპროდუქტი შეიცავს თუ არა უხამსობას; ეს არ არის თვითრეგულირების სფერო, და შემდეგი ეტაპი იქნება, რომ მე ამას პოსტ-ფაქტუმ კი არა, პროაქტიულად შევაფასებ, — ანუ მანამდე, ვიდრე ეს მედიაპროდუქტი დღის სინათლეს ნახავს“. 

კომისიის მიზანია, საზოგადოებას და მედიას გაუჩინოს განცდა, რომ საჭიროა მედიაპროდუქტის შინაარსის კონტროლი. ამ სულისკვეთებით მას ექნება ამის სურვილი და მეტიც, შეიძლება საკანონმდებლო ნორმაც გამოაცხოს.

კომისია მიუთითებს, რომ დაეყრდნო 2009 წლის 10 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დასაშვებად ცნო პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა იმ შემთხვევაში, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამა ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად უფლებებს. კომისიის ინტერპრეტაციით, ის ვალდებული იყო, განეხილა და სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი „უხამსობის შემცველი“ გადაცემა განთავსდა…

კომუნიკაციების კომისიას არანაირი უფლებამოსილება და არც ვალდებულება არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტირება დაიწყოს და განმარტოს ეს გადაწყვეტილება;

საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობდა „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის იმ ნორმებზე, რომელიც კრძალავდა „მაუწყებლის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებას კომისიასა და სასამართლოში“.

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა: იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება, ან შეელახა რაიმე უფლება უხამსი პროგრამის გადაცემით, მას უნდა ჰქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა, რათა მოითხოვოს ზიანი და ანაზღაურებაო. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის საუბარი ადმინისტრაციულ ორგანოზე [როგორიცაა GNCC].

საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ დააყენა კონკრეტული ინდივიდის, მოქალაქის ინტერესები დარღვეული უფლებების აღდგენის თვალსაზრისით და განაცხადა, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავად მიმართოს სასამართლოს, როგორც მოსარჩელემ.

საინტერესო ისაა, რომ ამ შემთხვევაში GNCC-მ მინისტრ მაჭავარიანის მიმართ არ დაადგინა დარღვევა, „არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებების“ დარღვევა დაადგინა [რადგან „უხამსობის შემცველი სიუჟეტი“ 21:57 საათზე გავიდა]…

მაჭავარიანს თავისთავად ამისი განცდა არა აქვს. მას რომ ამისი განცდა ჰქონდეს, — თუ ჩათვლიდა, რომ სიუჟეტი, რომელიც გადასცა „მთავარმა არხმა“, იყო უხამსი შინაარსის შემცველი და ამ უხამსობამ შელახა მისი რაიმე უფლება, — მაშინ ის საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართავდა სასამართლოს. სასამართლოს და არა კომუნიკაციების კომისიას. და აქ იქნებოდა საქმე „ივანე მაჭავარიანი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ“, რასაც განიხილავდა სასამართლო.

მაგრამ ივანე მაჭავარიანს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. მას საერთოდ საჯაროდაც არ განუცხადებია, რომ არის ღირსებაშელახული ან რაიმე უფლებაშელახული ამ სიუჟეტის გამო. არანაირი მექანიზმი, რაც მას მიანიჭა საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებამ, არ აუმოქმედებია.

ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს, ამისი არც უფლება ჰქონდა და, მეტიც, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა იმის უფლება, ამაზე მსჯელობა დაეწყო. ეს არის ზუსტად ის საკითხი, როდესაც კომისია ატყუებს საზოგადოებას და ეუბნება, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია შევიდეს ასეთ სიღრმეებში და დაიწყოს ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსის განხილვა და შეფასება. 

ეს არის ყველაზე სახიფათო, ვიტყოდი, მოლიპული გზა ქართული დემოკრატიის განვითარებისა, რომელზეც შედგა კომუნიკაციების კომისია. ის დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად ანგრევს დემოკრატიულ პროცესს და ცდილობს, როგორც და როცა მოუნდება, ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის დამაზიანებელი ქართული საზოგადოების განვითარებისთვის.

ეს გააკეთა დღეს კომუნიკაციების კომისიამ. მან ზუსტად იცის, რომ არ ჰქონდა საფუძველი, რაიმე სანქცია გამოეყენებინა. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში სანქცია ვერ გამოიყენა, მაგრამ თქვა, რომ დაირღვა. თუ დაირღვა, მაშინ გამოიყენე სანქცია. სანქცია არ გამოიყენა, მაგრამ თქვა, რომ დაირღვა. და რა დაირღვა, ამის საფუძველი თავისთავად არის არასწორად შერჩეული.

არ შეიძლება ერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, იმის მიუხედავად, რომ მას დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი აქვს განსაზღვრული კონსტიტუციით, პრაქტიკულად ფეხქვეშ გაიგდოს კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციური ნორმა და აქ არ შეიძლება, ასეთი ინტერპრეტაციებით იხელმძღვანელოს. 

არ შეიძლება, არც კომისიის წევრებმა, არც კონკრეტულმა კლერკმა, რომელიც მუშაობს კომისიაში და გარკვეულ დეპარტამენტში სპეციალისტია, საკუთარი ინტერპრეტაციით გადაწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება და შემდეგ ამის საფუძველზე დაშენდეს ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ კომისია გავიდა კანონის, კონსტიტუციის ფარგლებიდან და ისეთ რაღაცებს წაეთამაშა, რაც ანგრევს დემოკრატიულ ქსოვილს ქვეყანაში.

არ მჩვევია ხმამაღალი, პათეტიკური შეფასებები, მაგრამ ამას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს. არაფერი არ აძლევს კომისიას საფუძველს, რომ ფეხქვეშ გაიგდოს გამოხატვის თავისუფლების ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც ქვეყანაშია.

მედიის უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ კომისია დიდი ხანია მედიაპროდუქტის შინაარსში შესვლას ცდილობს. როგორც ვხვდები, თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას… 

ეს უნდა სწორედ, მას არ აკმაყოფილებს გარკვეული ტექნიკური პარამეტრების რეგულაცია, მით უმეტეს, ციფრული მაუწყებლობის განვითრების პირობებში, — და ჩვენ ციფრული მაუწყებლობის კიდევ ახალ თაობაზე გადავალთ, სადაც კიდევ უფრო მეტად შემცირდება რეგულაციის ხარისხები. არ აკმაყოფილებს ეს ვიწრო ტექნიკური რეგულირების მექანიზმები.

მას სურს, ერთი მხრივ, საზოგადოებიას უთხრას, რომ მისი საჭიროება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ამიტომაც მუდმივად ამბობს, შინაარსის კონტროლიც უნდა დავიწყოო, მეორე მხრივ კი, ეს არის პოლიტიკური განაცხადიც: თუ ის შევა შინაარსში, ეს იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაც, აზრის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაც, ეს იქნება ცენზურის დაშვებაც, რადგან არ შეიძლება აფრთხილო მედია იმის გამო, თუ რა გამოაქვეყნა მან, თუნდაც იქ იყოს გამოქვეყნებული რაიმე შეცდომა ან თუნდაც უხამსობა. 

ეს არ არის კომუნიკაციების კომისიის გადასაწყვეტი, მაგრამ თუ ამ პრაქტიკას შექმნის, ის გადავა ამ პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებაზე და არ ვართ დაზღვეული, რომ ერთ მშვენიერ დღეს კომისია გამოვიდეს ინიციატივით, „მთავლიტის“, ცენზურის საბჭოთა ინსტიტუტის, მსგავსი ორგანო შექმნას და წინასწარ აკონტროლოს, მედიასაშუალება რას გაუშვებს და როგორ. 

ეს გავლილი ეტაპია, ტოტალიტარიზმის პრაქტიკაა, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია თქვა უარი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდელ ქართულ სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარების სტანდარტებზე და ამ დროს ერთ უწყებას, — და მეტად სარისკოცაა, როცა მას მეტი საკონსტიტუციო დაცულობა გააჩნია, — მოსდის თავში აზრად, რომ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებები წაშალოს, გადააფასოს და საზოგადოებას უთხრას, რომ ამ სახელმწიფოს აქვს ტოტალიტარისტული პერსპექტივა და ამოწმოს, ყველა მედიას გამოუტანოს გადაწყვეტილება.

როდესაც ხარ ჟურნალისტი, მუშაობ მედიასაშუალებაში, აკეთებ რეპორტაჟს და ამ დროს შენს თავში, იმის მიუხედავად, მუშაობ თუ არა ცენზურის უკან, ირთვება თვითცენზურის ინსტინქტი და იწყებ ფიქრს, „ამის გამო, თუ მე ამას ვიტყვი, არ დააჯარიმონ და არ გამოუცხადონ საყვედრი, სანქცია არ დააკისრონ ჩემს მედიას და მე არ მივაყენო ზიანი“.

შეიძლება, მენეჯერმა მეტი თავისუფლება წაახალისოს, მაგრამ იმაში, რომ თვითცენზურა სადმე იმუშავებს, დარწმუნებული ვარ. თვითცენზურა კი ცენზურის ერთ-ერთი სახესხვაობაა. ხვალ-ზეგ ასეთი კონსტრუქციის მარეგულირებელი ორგანო, რა თქმა უნდა, ტრანსფორმირდება და გახდება ცენზურის ინსტრუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი