ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია პროგრამის შინაარსის განხილვით კანონს არღვევს — კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

28 იანვარი, 2021 • 1135
კომუნიკაციების კომისია პროგრამის შინაარსის განხილვით კანონს არღვევს — კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირების მიზნით წამოწყებულ აქტივობებს ეხმაურებიან და მიაჩნიათ, რომ კომისია კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მათი განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. კოალიცია აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა. მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება ცენზურის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

საუბარია კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე სადავო განხილვების შესახებ. ამჟამად სადავოა 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემაში – „შაბათის მთავარი” – გასული სიუჟეტი . მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა , რომელშიც ჟურნალისტი ბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე შენობაში გადაღებული მასალებით, იქვე ჩაწერილი კომენტარებითა და საავტორო ტექსტით, ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც კომისიის 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, თეიმურაზ ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათია. აღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აცხადებს, რომ კომინიკაციების კომისია აპელირებს 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თუმცა კომისიის მოსაზრება სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეესაბამება.

მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებას კომისიასა და სასამართლოში. სადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

კოალიცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს არცერთ პარაგრაფში, არც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზე, რომ ასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოსარჩელის გარეშე, თავად გადაწყვეტს, რომ კონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობას.

“აღნიშნული არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვრცელ მსჯელობას უძღვნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სააფრთხეებს, მაშინ, როდესაც დაცვის საგანი ხდება სუბიექტური გრძნობები და აბსტრაქტული ცნებები. აღნიშნული რისკები კი კიდევ უფრო მეტად იზრდება მაშინ, როდესაც ამ საკითხებს განიხილავს არა დამოუკიდებელი ხელისუფლების შტო (მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე), არამედ ადმინისტრაციული ორგანო, საკუთარი ინიციატივით.

სასამართლო აღნიშნავს: „ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას”, — აღნიშნავს კოალიცია.

მათივე თქმით,  მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მთელ გადაწყვეტილებაში საუბარი მიმდინარეობს როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მხრიდან სწორედ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე  და ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულა კომისიის მანდატი.

კოლიაციის განცხადებით,  ამის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს არც გააჩნდა, ვინაიდან სადავო ნორმები გასაჩივრებული იყო მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში, რომელიც არც მაშინდელი და არც ამჟამინდელი პრაქტიკით არ მოიცავს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლებას.

“საკონსტიტუციო სასამართლო კი ყოველთვის შებოჭილია იმ სასარჩელო მოთხოვნით, რაც დაყენებულია მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მსჯელობა, თითქოს საკონსტუტიციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით და ერთ-ერთი სადავო ნორმის გაუქმებით კომისიას რაიმე უფლებამოსილება მიანიჭა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის მიერ საკუთარი თავისთვის თვითნებურად დაწესებული მანდატი წარმოადგენს უკანონო ქმედებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უპატივცემულობას, რომელიც არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მის სულისკვეთებას.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 56-ე მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად გაჩნდა მისი მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და ისიც მხოლოდ იმ მიზნით, რომ კონკრეტულ ინდივიდს ჰქონდეს შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენის საშუალება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებენ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეიძლება მოხდეს”, — აცხადებს კოალაიცია.

მათი თქმით, კომუნიკაციების კომისიის ხელში კი ჩნდება საშიშროება, რომ მაუწყებელს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც დაეკისრება, თუკი სადავო პროგრამას არ ეყოლება უშუალოდ დაზარალებული და უფლებაშელახული ადამიანი და ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასული სადავო სიუჟეტს სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითად ასახელებენ, რომლის “მთავარი გმირის, ივანე მაჭავარიანის პოზიციით კომისია საქმის განხილვისას არც კი დაინტერესებულა”.

კოალიცია აღნიშნავს, რომ თვითრეგულირებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის უხამსობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისიას არასდროს უმსჯელია. მათი თქმით, კომისია საჯარო განცხადებებშიც უთითებდა, რომ 56-ე მუხლის მიმართ მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საკითხები მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია.

“მაგალითად, 2017 წლის 8 ნოემბრის განცხადებაში „კომისია აღნიშნავს, რომ პროგრამული შეზღუდვების დაუცველობის შემთხვევები ექცევა მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლების განხილვის ქვეშ. კერძოდ, ომის პროპაგანდის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამების, პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის და სხვ. განთავსება არ იწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს.”, — აცხადებს კოალიცია.

მედიაკოალიცია ხაზს უსვამს თვითრეგულირების არსს, რომელიც გაშუქების ხარისხისა და ეთიკური დარღვევების გამოსწორების მყისიერი და ეფექტიანი გზაა. მათი თქმით, მედიის მთავარი მონაპოვარი მისი რეპუტაცია და ნდობაა, თუკი მის მიმართ არ იარსებებს ნდობა, ის უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს.

“ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რას ამბობენ კოლეგები და მათი აუდიტორია. მედიამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეძლოს გააცნობიეროს და გამოასწოროს დარღვევა. ხოლო კომუნიკაციების კომისიის ის პოზიცია, რომ თვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში არ მუშაობს სათანადოდ, ვერ იქნება, რადგან თავად ეს ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან მუშაობაზე”, — აცხადებს კოალიცია.

კომისიაში მიმდინარე წარმოების უარყოფითი გავლენა მედიაზე

კოალიცია აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომლის უფლებამოსილებებს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონები. ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების შინაარსი, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განიმარტება.

მათი თქმით, თავის მხრივ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნის პრეცედენტს, რომელიც ზუსტი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

“გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე. მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას, იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების აღიარებულ სტანდარტებს”, — აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

მასალების გადაბეჭდვის წესი