კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „მთავარი არხი“ დამრღვევად ცნო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის კადრებთან დაკავშირებით, თუმცა სანქცია არ დააკისრა.
საუბარია 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტზე. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა. ამ სიუჟეტში გავიდა პარლამენტში მჯდომი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც კომისიის 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა.
GNCC წერს, რომ კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ „უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა“, რის გამოც სანქცია არ დააკისრეს „მთავარ არხს“. „კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს, დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„გილოცავ, ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს“, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამ გადაწყვეტილებას.
GNCC-ის მხრიდან წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, თეიმურაზ ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათი.
დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, მისი პოზიციით, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.
კოალიცია აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა. მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება ცენზურის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
ვრცლად: