ახალი ამბები

სატელევიზიო რეიტინგების ბუნდოვანი მომავალი

19 დეკემბერი, 2019 • 2737
სატელევიზიო რეიტინგების ბუნდოვანი მომავალი

შეცვლის თუ არა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე თამაშის წესებს რეიტინგების მზომავი კომპანია “ნილსენის” საქართველოდან  გასვლა? გაჩნდება თუ არა რეიტინგებით მანიპულირების რისკები, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს შემოსავლებს დააკარგვინებს?

ეს არის კითხვები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტელევიზიებისთვის, თუმცა კონკრეტული პასუხები მათაც არ აქვთ. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი რამ: საქართველოს ბაზრიდან გადის რეიტინგების მზომავი საერთაშორისო კომპანია “ნილსენი”, ადგილზე კი რჩება მისი კონკურენტი “კანტარ მედია”.

როგორ იზომებოდა სატელევიზიო რეიტინგები

“ნილსენის” პარტნიორი საქართველოში ამ დრომდე იყო “თი ვი ემ არ საქართველო”, ხოლო “კანტარ მედიასი” – “ტრიმედია ინტელიჯენსი”. წინასწარი ინფორმაციით, “ნილსენის” გასვლის შემდეგ იგეგმება ახალი ქართული კომპანიის დაფუძნება, რომელიც უნდა წარმოიქმნას ამ დრომდე არსებული კონკურენტების,  “თი ვი ემ არ საქართველოსა” და “ტრიმედია ინტელიჯენსის” შერწყმით.

ტელეკომპანია “ფორმულის” დირექტორი ზუკა გუმბარიძე წლების განმავლობაში “რუსთავი 2-ში” მუშაობდა და “ფორმულაში” მას შემდეგ გადავიდა, რაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. გუმბარიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ქართულ სარეკლამო ბაზარზე ტელევიზიის რეიტინგების გამზომავი ორი კომპანიის არსებობის საჭიროება არ დგას და 2016 წელს, როცა “ტრი მედია ინტელიჯენსმა” ფუნქციონირება დაიწყო, მისი საჭიროება სრულიად გაუგებარი იყო. მისივე თქმით,  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს კომპანია “იმედის” მიმართ გამოკვეთილად ტენდენციური იყო, მის მიერ დათვლილი სხვა ყველა არხის რეიტინგი კი – უფრო დაბალი.

ამის საპირისპიროდ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედს” პრეტენზიები ჰქონდა “თი ვი ემ არ საქართველოსთან” (“ნილსენის” ქართული პარტნიორი), რომელიც სატელევიო რეიტინგებს საქართველოში 2005 წლიდან ზომავს. შესაბამისად, 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში “ნილსენის” კონკურენტი “კანტარ მედია” შემოვიდა და მისი პარტნიორი “ტრიმედია ინტელიჯენსი” გახდა, ამ კომპანიის მომსახურების შესყიდვა დაიწყეს “იმედმა”, “მაესტრომ”, GDS-მა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

“თი ვი ემ არ საქართველოს” კლიენტებად 2016 წლიდან დარჩნენ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები: “რუსთავი 2” (რომელიც ქიბარ ხალვაშს 2019 წლის ივლისში დაუბრუნა), “კავკასია”, “მთავარი არხი”, “ტვ პირველი”, ტელეკომპანია “ფორმულა” და სხვა.

“თი ვი ემ არ საქართველოს” 100%-იან წილს კომანდიტური საზოგადოება “თი-ვი ემ-არ” ფლობს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ნინო გოგოლაძეა.

რაც შეეხება “ტრი მედია ინტელიჯენსს”, მის  50%-50%-ს მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი ფლობენ. ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (გორბი) ერთ-ერთი მფლობელია. მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ახალი მთვლელი

“თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორის, ნინო გოგოლაძის თქმით, ახალი მთვლელი ბაზარზე არსებული ორი კომპანიის, “თი ვი ემ არ საქართველოსა” და “ტრი მედია ინტელიჯენსის” შერწყმის შედეგად უნდა შეიქმნას. გოგოლაძისვე ცნობით, ორ კომპანიას შორის თანაბარი თანამონაწილეობით ახალი კომპანიის შექმნის შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე არსებობს.

მისივე თქმით, ახალმა კომპანიამ სატელევიზიო რეიტინგები 2020 წლის იანვრიდან უნდა დათვალოს. შესაბამისად, “ნილსენის” ლიცენზიის მფლობელი საქართველოში “თი ვი ემ არ საქართველო” საკუთარ კლიენტებს სერვისს პირველ იანვრამდე მიაწვდის. ერთი კომპანიის შექმნის მიზეზად ნინო გოგოლაძე მცირე ბაზარს ასახელებს და ამბობს, რომ “ორი გამზომის არსებობს ბაზარს ანგრევს.”

ნინო გოგოლაძე განმარტავს, რა მექანიზმით იგეგმება ახალი მთვლელის მართვა:

“იქმნება ინდუსტრიის კომიტეტი, მან უნდა მართოს ახალი გამზომი კომპანია, რომელიც “თი-ვი-ემ-არ საქართველოსა” და “ტრი მედია ინტელიჯენსის” 50-50%-იანი, ანუ თანაბარი მონაწილეობით შეიქმნება. ამ კომპანიის მართვა, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ინდუსტრიის კომიტეტის მიერ იგეგმება. თავის მხრივ, კომიტეტში  შევლენ ინდუსტრიის წარმომადგენლები: სატელევიზიო მედია, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამის განმთავსებლები”, – ამბობს გოგოლაძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

“თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ასევე გვეუბნება, რომ ამ კომიტეტის წესდება სამუშაო ვერსიის სახით უკვე გაუგზავნეს ტელევიზიებს. გოგოლაძის თქმით, კომიტეტი განსაზღვრავს, რა მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიებით დაითვლება რეიტინგები.

“თი ვი ემ არ საქართველო” სატელევიზიო რეიტინგებს ამ დრომდე საერთაშორისო სტანდარტით, “ნილსენის” ტექნოლოგიით, სპეციალური მოწყობილობა ფიფლმეტრის საშუალებით ითვლიდა.

როგორც კომპანია განმარტავს, ფიფლმეტრები მონტაჟდება კვლევაში ჩართული ოჯახების ყველა ტელევიზორზე. თითეული მოწყობილობა აფიქსირებს და ინახავს ინფორმაციას საკვლევი პანელის ცალკეული წევრის ტელეყურების შესახებ ყოველწამიერად, 24 საათი დღე-ღამეში, 365 დღე წელიწადში. ფიფლმეტრი ამ ინფორმაციას წარმოების ცენტრს ჩვეულებრივი სატელეფონო ან  GSM სატელეფონო ხაზის მეშვეობით გადასცემს. ინფორმაცია კვლევში ჩართული ოჯახების შესახებ საჯარო არ არის.

ბუნდოვანი მომავალი

იმ ტელეკომპანიებისთვის, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, რეიტინგების მთვლელ კომპანიებში დაგეგმილი ცვლილებები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჯერჯერობით ცხადად ვერ ხედავენ მექანიზმს, თუ როგორ გაიზომება ახალი სატელევიზიო რეიტინგები, რამდენად იქნება გამჭვირვალე და სანდო, ასევე, რამდენად იქნება მოქნილი ხარვეზებზე რეაგირების მექანიზმი.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა “ფორმულა” ახალ მთვლელთან, ტელეკომპანია “ფორმულის” დირექტორი ზუკა გუმბარიძე გვპასუხობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ტელეარხი რეიტინგების დათვლის გარეშე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

“ნილსენის ტექნოლოგია და მისი “ფიფლ მეტრები” ბაზარზე აღარ იარსებებს. ეს ინფორმაცია ნინო გოგოლაძისგან მაქვს. ჩემი ინფორმაციით, ახალი მთვლელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კანტარის პანელს და ტექნოლოგიებს გამოიყენებს. სანამ როტაცია მოხდება, გამზომი აპარატები ისევ იმ ოჯახებში იქნება დაყენებული. პასუხი არ გვაქვს, რამდენად სწრაფად მოხდება იმ პანელიდან “ფიფლმეტრების” როტაცია, რადგან “კანტარის” აქაური წარმომადგენლობის “(“ტრი მედია ინტელიჯენსი”) მიმართ თავიდანვე არსებობდა ეჭვები ბევრი ტელეკომპანიის მხრიდან”, – უთხრა ნეტგაზეთს ზუკა გუმბარიძემ.

“ფორმულის” დირექტორის თქმით, გარდა იმისა, რომ ახალ მთვლელს “კანტარის” ტექნოლოგია ექნება, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ინდუსტრიული კომიტეტის ჩამოყალიბება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. გუმბარიძისთვის ეს პროცესი გაუმჭვირვალეა.

“კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ კანტარის მონაცემები ვალიდაციას, საქართველოს გარდა, არსად არ გადის, მაშინ როცა “ნილსენის” შემთხვევაში მონაცემების ვალიდაცია შვეიცარიის ოფისში ხდებოდა. მაგალითად, თუ რომელიმე ფიფლმეტრის ნაწილში აცდენაა ძირითად ტრენდებთან და ეს ძალიან მოკლე პერიოდში ხდება, პროგრამა, რომელიც ამ მონაცემებს მონიტორინგს უწევს, მაშინვე იძლევა სიგნალს, რომ რაღაც სწორად არ მოხდა. მაგალითად, იქნებ რაღაც გაფუჭდა, ან ტელევიზორი ამ არხს არ იჭერს და ა.შ. ამ ყველაფერს “ნილსენი” ძალიან სწარაფად ასწორებდა”, – აცხადებს გუმბარიძე.

პროცესი ბუნდოვანია “მთავარი არხისთვისაც”. როგორც ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ ინდუსტრიულ კომიტეტში ტელევიზიები ინდივიდუალურად გაწევრიანდებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მათ ასოციაციის შექმნას სთავაზობენ, რომელიც ამ კომიტეტში გაწევრიანდება. ასოციაციების შექმნის შესახებ შეთავაზებას ამჟამად “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძეც ადასტურებს. მურადაშვილის თქმით, კომიტეტის ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე მათ მხოლოდ ნინო გოგოლაძე ესაუბრება და მეორე კომპანიასთან (“ტრი მედია ინტელიჯენსი”) კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

“ვერ ვიგებთ, ეს სტრუქტურა რა სქემით იმუშავებს… თან, ვერ ვხვდებით მის საჭიროებას. ბოლოს იყო შეთავაზება, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ეს შპს ნაციონალური მზომველი, სადაც 50%-იანი წლის მფლობელი მერაბ ფაჩულიას (“ტრი მედია ინტელიჯენსი”) ექნება, კომიტეტი კი სწორედ ამ კომპანიის დირექტორი იქნებაო. ფაქტია, რომ “თი ვი ემ არი საქართველოსგან” პირველი იანვრიდან მონაცემები აღარ გვექნება. ასე მიგვაყენეს კუთხეში. არავის აქვს გარანტია, რომ ამ ახალ კომპანიაში რაიმე ძვრები არ მოხდეს. ან კომიტეტს რა ბერკეტი ექნება, თუ კომპანიის 100% ფაჩულიამ იყიდა?  არ ვიცით არაფერი”, – უთხრა ნეტგაზეთს მურადაშვილმა.

ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შეიკავებს, რადგან უამრავი საკითხი დასაზუსტებელია, რაზეც კულუარულად მიმდინარეობს მსჯელობა.

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია გვეუბნება, რომ “კანტარის” ქართულ წარმომადგენლობას – “ტრი მედია ინტელიჯენსს” –  “პოლიტიზებული სოციოლოგია” ჰქონდა, რის გამოც “რუსთავი 2” მათთან არ თანამშრომლობდა. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა პრინციპით განთავსდება ოჯახებში ახალი ფიფლმეტრები, იქნებიან თუ არა ეს ოჯახები სოციოლოგიურად სწორად შერჩეული და ვინ და როგორ დაიცავს ინფორმაციას.

“შედეგების გაყალბება მარტივია, თუ იცი, რომელ ოჯახშია განთავსებული ფიფლმეტრები და ვინ იქნება პასუხისმგებელი გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე პასუხისმგებელი, ანუ რეაგირებისთვის ვის უნდა მივმართოთ. ეს საკითხები მაინტერესებს, თორემ თუნდაც ტელეკომპანია “იმედი” რომ იყოს ახალი მთვლელის მფლობელი, პრობლემა არ მაქვს”, – უთხრა ნეტგაზეთს ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ამბობს, რომ ნინო გოგოლაძეს ენდობა, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ახალი მთვლელის დირექტორი მხოლოდ პირველ ეტაპზე იქნება და მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში “მთავარ არხსა” და სხვა კლიენტებს მიიყვანს, შემდეგ კი მოხსნიან. ნიკა გვარამიას თქმით, ეს კითხვა გოგოლაძესაც დაუსვა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო.

ნიკა გვარამიას ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესში ჩარევის საკითხზეც ვკითხეთ, რაზეც Facebook-ზე დაწერილ პოსტში საუბრობდა.

“ხელისუფლებამ სარეკლამო ბაზარი ჩამოანგრია და სწორედ ბაზრის მოცულობაზეა დამოკიდებული “თი ვი ემ არ საქართველოსა” და “ტრი მედიას ინტელიჯენსის” არსებობა. ამასთან, ხელისუფლება “ნილსენს” ხელოვნურად უმცირებს დამკვეთებს. ახლა უკვე “რუსთავი 2”-ც გაჰყავდა, რაც “ნილსენმა” მშვენივრად იცოდა. მათი უდიდესი დამკვეთი ჩვენ [რუსთავი 2] ვიყავით მას შემდეგ, რაც “იმედმა” “ტრი მედია ინტელიჯენსთან” გადაინაცვლა. ხომ ასეთი გათვლა არსებობდა 2016 წელს, რომ “იმედს” საკუთარი მთვლელი გაეკეთებინა. ამასობაში, “რუსთავი 2”-ც წაერთმიათ და “ნილსენიც” გავიდოდა. უბრალოდ, მაშინ “რუსთავი 2”-ის საქმე შეყოვნდა… რეალურად,  ბაზარზე “ნილსენი” ჩვენ [რუსთავი 2-ს] გვეჭირა. რეიტინგების მთვლელს გადასახადს უხდი იმის მიხედვით, ბაზრის რა წილი გიკავია. შესაბამისად, “რუსთავი 2” “ნილსენს” 60%-ს უხდიდა” ,- ამბობს გვარამია.

“ნილსენის” (თი ვი ემ არ საქართველო”) კონკურენტი კომპანია “კანტარი” (“ტრი მედია ინტელიჯენსის”) ბაზარზე უპირატესობით რომ სარგებლობდა, ამის შესახებ ნინო გოგოლაძეც საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო ოთხი წელია, “თი ვი ემ არ საქართველოს” სახელმწიფო ტენდერი აღარ მოუგია  და გამონაკლისი იყო გასული თვე, როცა მცირეფასიან ტენდერში გაიმარჯვეს. მეტიც, 2018 წელს “იბერიასთვის” მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კონკურენტი კომპანია ტენდერებში მყიდველს დემპინგურ ფასს სთავაზობდა.

2014 წელს, მაშინ, როცა “თი ვი ემ არ საქართველო” სატელევიზიო რეიტინგების ერთადერთი მთვლელი იყო ბაზარზე, კომპანიაში შემოსავლების სამსახური შევიდა. მაშინ უწყების წარმომადგენლებს ფიფლმეტრების აღრიცხვაც სურდათ, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოჯახშია გადანაწილებული და რომელთა მეშვეობითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება. ფიფლმეტრების აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლებმა “თი ვი ემ არ საქართველოს” იმ ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვეს, სადაც ეს მოწყობილობებია განლაგებული, რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. მაშინ კომპანიამ სახელმწიფო უწყებას ეს ინფორმაცია არ გადასცა. ეს ფაქტი ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

“საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ქართული ბაზრიდან “ნილსენის” გასვლას სამწუხაროს უწოდებს:

“იმედია, ინდუსტრიული კომიტეტი შეიქმნება და ყველა დაინტერესებული პირის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. ამასთან, ეს პროცესი ზეგავლენას არ მოახდენს სატელევიზიო ბაზარზე, რადგან რეკლამა ტელევიზიების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა, დაფინანსება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა მედიის დამოუკიდებლობის”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

უახლოეს დღეებში თბილისში დაგეგმილია შეხვედრები, სადაც დაინტერესებულმა პირებმა, მათ შორის, მედიასაშუალებებმა და რეიტინგების მთვლელმა კომპანიებმა უნდა იმსჯელონ ყველა იმ საკითხზე, რაც ამ დროისათვის ბუნდოვანი და რთულად პროგნოზირებადია.

მასალების გადაბეჭდვის წესი