ახალი ამბები

სამინისტრო მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების ინიციატივით მიმართავს

25 მარტი, 2021 •
სამინისტრო მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების ინიციატივით მიმართავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობას მიმართავს ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების ინიციატივით. სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი მოდელით ფქვილის სუბსიდირების კიდევ 3 თვით გაგრძელებას დაუჭირეს მხარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

“პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

სამინისტროს ცნობითვე, ეს დავითაშვილმა დღეს, 25 მარტს, პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობამ ნოემბერში განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას მოახდენდა. “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ლევან სილაგავს განმარტებით, პურის ქარხნები 53 ლარად იღებენ ტომარა ფქვილს და ასე ნარჩუნდება პურზე ფასი. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს უხდის იმ წისქვილ-კომბინატებს, რომლებიც ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს პურის ქარხნებს 53 ლარად აძლევენ.

ნეტგაზეთმა სამინისტროს მიმართა, გვინდოდა გაგვეგო, ამ შემთხვევაში რამდენით დაფინანსება ხორბლის ფქვილი, თან იმ ფონზე, როცა იმპორტიორები რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის გაძვირებაზე საუბრობენ, რამდენი დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს სამთვიანი სუბსიდირების პროგრამა, ასევე, რატომ გასცა სამინისტრომ ფქვილის კომპონენტის სუბსიდირების რეკომენდაცია, რა გათვლებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამ ეტაპზე ამ საკითხზე უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი