ახალი ამბები

რუსეთი ხორბალზე ბაჟს ზრდის, რომელი ქვეყნებიდან შემოიტანენ საქართველოში ამ პროდუქტს

1 მარტი, 2021 • 1479
რუსეთი ხორბალზე ბაჟს ზრდის, რომელი ქვეყნებიდან შემოიტანენ საქართველოში ამ პროდუქტს

“ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გააძვირა, იმპორტიორები ქვეყანაში ხორბალს სხვა ქვეყნებიდანაც შემოიტანენ. უმთავრესად საუბარია ყაზახეთზე. ასევ,ე განიხილება უკრაინაც.

სილაგავა ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ერთ ტონა ხორბალზე რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული გადასახადი ჯერ 25 ევრო იყო, შემდეგ კი 50 ევრომდე გაიზარდა. ამის გათვალისწინებით ის ამბობს, რომ რუსული ხორბლის ფასი თითქმის გაუტოლდა ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბალის ფასს, რომელიც იმპორტიორებს აქამდე უფრო ძვირი უჯდებოდათ ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისიწნებით.

“რუსული ხორბალი ყველაზე იაფი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო საბაჟო ტარიფის გაზრდის, რუსული ხორბალი გაძვირდა. ანუ, თუ 280 დოლარად ერთი ტონა ხორბალი რუსეთიდან შემოგვქონდა, დღეს ამ თანხას ემატება 50 ევრო. ფასის გაძვირებამ საშუალება მისცა, ქართულ ბაზარზე ყაზახეთი შემოსულიყო. ყაზახური ხორბლის ფასი 5-10 დოლარით ძვირი იყო რუსულთან შედარებით, ამას ემატებოდა გზა, რომელიც უფრო ძვირი ჯდებოდა. ამ 50-მა ევრომ დააბალანსა, ფაქტობრივად, ყაზახეთის გზის ხარჯებიც და ძვირი ყაზახური ხორბალიც”.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  ხორბლის იმპორტში რუსეთის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ყაზახეთი ხორბალს სხვა ქვეყნებშიც ყიდის. სილაგავას განმარტებითვე, საქართველოში ხორბალი ყაზახურთან ერთად რუსეთიდანაც შემოვა. იმპორტი შესაძლოა ასევე განხორციელდეს უკრაინიდანაც, თუ, როგორც სილაგავა ამბობს, იმპორტიორებისთვის მისაღები ფასი იქნება.

“სანამ რუსეთი საბაჟო გადასახადს გაზრდიდა, ამის შესახებ წინასწარ ვიცოდით. 15 თებერვალს გაიზარდა გადასახადი ჯერ 25 ევროთი, მარტიდან კი- 50 ევროთი. მანამდე, ისევე როგორც ყველა ქვეყანამ, ვეცადეთ, რაც შეიძლება მეტი შემოგვეტანა, ანუ მანამდე, სანამ ბაჟის გადასახადი ამოქმედდებოდა. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის გვაქვს დაახლოებით 1.5-2 თვის მარაგი. ეს სახელმწიფო მარაგები არ არის და სხვადასხვა კერძო კომპანიას შემოაქვს. ეს მარაგები კეთდება იმისთვის, რომ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი არ გაუწყდეთ. ან შესაძლოა რაიმე გაუთვალიწინებელი მოხდეს. შესაბამისად, წისქვილს ყოველთვის აქვთ მსგავსი მარაგი.”

სილაგავა ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ბაზრის ნაწილობრივი ჩანაცველბა სხვა ქვეყნით არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხორბალი დაბალ ფასად შემოვა, “ერთი მაღალი ფასი მეორე მაღალი ფასით ჩანაცვლდა.” ასევე ამატებს, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასი 200-დან 280 დოლარამდეა გაზრდილი და თუ სექტემბერში ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარი ღირდა, დღეს 68 ლარი ღირს. საქართველოს მთავრობამ ნოემბერში განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას მოახდენდა. ლევან სილაგავს განმარტებით, პურის ქარხნები 53 ლარად იღებენ ტომარა ფქვილს და ასე ნარჩუნდება პურზე ფასი. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს უხდის იმ წისქვილ-კომბინატებს, რომლებიც ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს პურის ქარხნებს 53 ლარად აძლევენ.

“ამის შემდეგ იანვარში ჩატარდა ახალი ტენდერი, რომელიც უკვე თებერვლისა და მარტის სუბსიდიას ეხებოდა. ამ შემთხვევაში სუბსიდირების თანხა 15 ლარს შეადგენდა”. ფქვილზე სუბსიდია მარტის ბოლომდე მოქმედებს. შესაბამისად, მთავრობამ პირველ აპრილამდე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გააგრძლებს თუ არა ხორბლის სუბსიდირებას.

ჩვენ, წისქვილ-კომბინატები ჩვეულებრივი ბიზნესი ვართ. ჩვენთვის მისაღებია საბაზრო ფასი. ხორბალი დავფქვით, კონკურენციის პირობებში გამოვიტანეთ ბაზარზე, წაიღო პურის ქარხანამ და პური გამოაცხო. რადგან ეს არის სოციალური საკითხი, სახელმწიფო ამას ასუბსიდირებს, რათა პურზე ფასი არ გაიზარდოს. შესაბამისად, [სუბსიდირების პრინციპი] მთლიანად აღებულია სახელმწიფოს მიერ და არა ჩვენი ხედვიდან გამომდინარე. ჩვენთვის ეფექტი ნულის ტოლია.”

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან დაახლოებით 488 ტონა 107 მლნ აშშ დოლარის ხორბალი და მესლინი შემოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი