საზოგადოება

რა ელის რაჭის პროტესტს ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ

28 ნოემბერი, 2023 • 2578
რა ელის რაჭის პროტესტს ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანია ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული სპეციალური ლიცენზია გაუქმებულად გამოაცხადა. თუმცა რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეები, რომელთა მთავარი მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმება იყო, დაშლას ჯერ არ აპირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღის პირველ ნახევარში დააანონსა. მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სამინისტროსთან უწყვეტ რეჟიმში მყოფ პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ მხარეებს ერთმანეთისთვის ახალი ამბები ექნებოდათ გასაზიარებელი. ამ ახალ ამბებს კი სააგენტო დღის ბოლომდე გაასაჯაროებდა.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ლიცენზია მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღება გახდა. ლიცენზიას პროტესტის მონაწილეები იმთავითვე უკანონოდ გაცემულად თვლიდნენ და სწორედ მოსახლეობისთვის გვერდის ავლის საფუძვლით ითხოვდნენ მის გაუქმებას.

18 ნოემბრიდან პროტესტმა ამბროლაურიდან თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. პროტესტის მონაწილეებს 25 ნოემბრამდე არ აძლევდნენ საშუალებას, სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ კარავი გაეშალათ, სადაც ღამის გატარებასა და წვიმისთვის თავის შეფარებას შეძლებდნენ. აქტივისტებმა კარვის გაშლა პროტესტის მეშვიდე დღეს, 25 ნოემბერს გამართული აქციისას შეძლეს.

ნეტგაზეთი კომენტარისთვის ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კარავი სამინისტროსთან რჩება იქამდე, სანამ სამინისტროსთან შეხვედრა და დეტალების განხილვის შესაძლებლობა არ მიეცემათ რაჭის ტყეებში სამომავლოდ დაგეგმილი ზომების შესახებ.

“ფაქტია, რომ [ლიცენზია] გაუქმებულია. იმ საფუძვლით არა, რითაც ჩვენ ვითხოვდით, რომ უკანონოდ იყო გაცემული. მაგის აღიარება მათ არ უნდათ და მოიფიქრეს სხვა საფუძველი. ეს გასაგებია. გაუქმების შედეგი დადგა და, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ მეორე ნაწილი აქვს ამ ყველაფერს, შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს. გაუქმების საფუძველიც უკეთესად უნდა გავიგოთ. და მთავარი – ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას რომ აპირებენ და მცირე ნაწილზე უკვე შექმნილია კიდეც, ამასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან არ ყოფილა. ვერ გვექნება იმის ილუზია ჩვენი გამოცდილებისა და პროტესტის მთელი მიმდინარეობის გათვალისწინებით, რომ ეს ხალხი იქ ჩამოვა და ჩვენ რამეს გვკითხავს. ამიტომ შეხვედრა უნდა შედგეს აქ, ვიდრე კარავს ავიღებთ. უნდა მივიღოთ გარანტია, რომ არცერთი ნაბიჯი იქ არ გადაიდგმება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. 29-30-ში სასამართლო გველის [პროტესტის პირველ დღეს დაკავებული მონაწილეების საქმეებზე] და მინიმუმ იქამდე, სანამ სასამართლო არ ჩაივლის, კარავი ადგილზე რჩება. ხომ თქვა მინისტრმა, რომ ახალი როცა იქნება რამე გასაზიარებელი, მაშინ შევხვდებითო? წესით, აღარ უნდა იყოს პრობლემა ახლა ეს შეხვედრა და დაველოდებით”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი ნეტგაზეთთან.

ამავე თემაზე:

“ქულების დაწერის მიზანი აქვთ” – მინისტრი რაჭის პროტესტზე

25 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დაანონსდა

მასალების გადაბეჭდვის წესი