ახალი ამბები

მთავრობამ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირება გადაწყვიტა – მინისტრი

27 ნოემბერი, 2020 • 1290
მთავრობამ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირება გადაწყვიტა – მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებას მოახდენს, რათა პურზე ფასი არ გაიზარდოს. მისივე თქმით, სუბსიდირება მომავალი კვირიდან დაიწყება და მარტამდე გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში პროდუქტზე ფასი არ გაიზრდება.

როგორც დავითაშვილმა დღეს, 27 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასი ტონა ხორბლის მარაგი იყო, თუმცა სექტემბრიდან შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ხორბალზე ფასი $200-დან $270-მდე გაიზარდა, ეს კი  ფქვილზე ფასის გაზრდის წინაპირობას ქმნიდა. პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებული ფასი, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 53 ლარს არ გადააჭარბებს. ბიუჯეტს ფქვილის ოთხი თვით სუბსიდირება 10 მლნ ლარამდე დაუჯდება.

“მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. [სუბსიდირების] პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს. შემდეგ უკვე დავაკვირდებით სიტუაციას საერთაშორისო ბაზრებზე. თუ როგორი იქნება ხორბლის ფქვილზე გლობალური ფასი, ამის მიხედვით მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას ამ პერიოდის გასვლის შემდეგ”, – აცხადებს დავითაშვილი.

დღესვე განცხადება გაავრცელა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა. განცხადების თანახმად, თუ მთავრობა სუბსიდირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ერთი 50- კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, ეს კი უშუალოდ პურის ფასს დაახლოებით 10 თეთრით გაზრდიდა.

მათივე ცნობით, საქართველოში სექტემბრიდან ხორბლის ფასი მუდმივად იზრდება და ხასიათდება აღმავალი ტენდენციით. $200/ტონიდან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით $12-$15-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად, დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან შედარებით და შეესაბამება $270/ტონა ნიშნულს.

ასოციაცია ფქვილზე ფასის ზრდას სხვადასხვა მიზეზით ხსნის:

  1. ხორბლის მსოფლიო ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6-ში დაფიქსირდა მოსავლის და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება. რუსეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალმა მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნის პრობლემები, შედეგად, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება;
  2. მსოფლიოში “კოვიდ-19-ის” ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოდ 30%-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას;
  3. რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ხორბლის პირველი ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, წლის განმავლობაში უკვე მეორედ განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს;
  4. შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებით, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე.
აქედან გამომდინარე, “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციასა” და “საქართველოს პურის მრეწველთა კავშირში” მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ვერ მოხერხდება ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი