პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

უწყების განცხადებაში საუბარი არაა, ვინ არიან დავით ფეიქრიშვილის თანამესაკნეები და მასთან ნამდვილად შეასახლეს თუ არა შოთა და ვატო ყიფიანები, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდევ ორი პირი. ფეიქრიშვილი ფიზიკურ ძალადობაში სწორედ მათ ადანაშაულებს. 

ასევე, უწყება ამ ეტაპზე არაფერს ამბობს, გადაიყვანეს თუ არა დავით ფეიქრიშვილი 19 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“, რაც სამედიცინო დაწესებულებამ დაადასტურა.

რაც შეეხება თვითდაზიანებას, უწყება ამბობს:

„დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა. ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია“, – წერია უწყების განცხადებაში.

პენიტენციური კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 19 ოქტომბერს იშუამდგომლეს საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება) და ბრალდებულს მიეცა  დედასთან სატელეფონო ზარის ერთჯერადად განხორციელების უფლება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის.

„ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“, – წერია განცხადებაში.


დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დამტვრეული აქვს ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული აქვს თავის ქალა.

ადვოკატმა დღეს თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა, ხოლო გუშინ, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმა.

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. ძალადობაზე ცნობები პენიტენციურმა უარყო.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები  ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურმა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.