ახალი ამბები

გაუგებარია, რატომ არ მიეცათ პლედის გამოყენების უფლება — ომბუდსმენი რაჭის პროტესტის მონაწილეებზე

23 ნოემბერი, 2023 • 2596
გაუგებარია, რატომ არ მიეცათ პლედის გამოყენების უფლება — ომბუდსმენი რაჭის პროტესტის მონაწილეებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მოუწოდებს, უზრუნველყონ რაჭის ტყეების შესახებ პროტესტის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ომბუდსმენის მიერ დღეს, 23 ნოემბერს, გავცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიეცათ პროტესტის მონაწილეებს პლედის გამოყენების უფლება გასულ ღამეს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ გამოხატვის ფორმა მოიცავს კარვებისა და სხვა სახის კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობას.

“შეკრების მონაწილეებს გარანტირებული აქვთ უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი ტერიტორიის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. ამასთან, აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით ან განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას”, — აცხადებს სახალხო დამცველი.

უფრო მეტიც, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როცა მოქალაქეთა შეკრება მშვიდობიანია, სახელმწიფომ მათ მიმართ შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროტესტის ფორმა “ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით” არღვევს.

“პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა, თუმცა ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

გუშინ, 22 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროს წინ შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ მათ პლედის ჩამოფარების საშუალება არ მისცა. კონკრეტულად, პროტესტის ერთ-ერთი ლიდერს, მაკა სულაძეს სურდა, ცელოფნებით შემოსაზღვრულ სივრცეზე პლედი გადაეფარებინა, რათა თავი დაეცვა ქარისა და სიცივისგან. მაკა სულაძემ პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად ღამე სამინისტროს წინ გაათენა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი ლაშა სალუქვაძე შეკრებილებს ეუბნებოდა, რომ “კეთილი ნება გამოიჩინა”, როცა მათ ცელოფნის დამაგრების საშუალება მისცა, თუმცა პლედის გამოყენების უფლებას აღარ მისცემდა. სალუქვაძე მაკა სულაძეს სთავაზობდა, თუ სციოდა, პლედი ტანზე შემოეხვია, მაგრამ “კონსტრუქციების მოწყობის” უფლებას არ მისცემდა.

არაერთი თხოვნისა და კითხვის მიუხედავად, შეკრებილებს არცერთმა პოლიციელმა არ განუმარტა, რის საფუძველზე უშლიდნენ პლედის გამოყენებას. “არ გაძლევთ უფლებას” – ეს იყო პოლიციელების პასუხი.


18 ნოემბრიდან გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოქალაქეები რაჭის ტყეებზე ლიცენზიის კერძო პირისთვის გადაცემას აპროტესტებენ. ისინი რაჭიდან მსვლელობით ჩამოვიდნენ, სადაც ორი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა.

ჩამოსვლის დღესვე პოლიციამ აქციის 11 მონაწილე დააკავა, მათ შორის, პროტესტის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი. დაკავებულები მეორე დღეს გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესები კი 29 და 30 ნოემბრისთვის გადაიდო. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დაკავებულთა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეკრებილებს პოლიცია შენობის ეზოში ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის საშუალებას არ აძლევს. სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლის ის ალტერნატივა, რაც შესთავაზეს პროტესტის მონაწილეებს, ამ უკანასკნელთა შეფასებით, ვიწრო, ციცაბო, ტალახიანი შესაძრომია. როგორც მათდამი დამამცირებელ მოპყრობაზე, პროტესტის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს და ცენტრალური შესასვლელიდან გადაადგილების უფლებას ითხოვენ.

გარდა ამისა, პოლიცია მათ კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს არც სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონს, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესის გამკაცრება უნდოდა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი