ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიმართავენ თხოვნით, შექმნას გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოს 2024 წლის არჩევნებს დააკვირდება.
“2012 წელს ჩვენ ორივე ვაკვირდებოდით საქართველოს არჩევნებს, რამაც განამტკიცა ჩვენი პერსონალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაში. ჩვენმა გამოცდილებამ დაადასტურა გრძელვადიანი ჩართულობის მნიშვნელობა ყველა მხარისთვის, ისევე როგორც სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა თავისუფალი და სამართლინი არჩევნების უზრუნველსაყოფად”.
სენატორები წერილში აღნიშნავენ, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის მოწმენი გახდნენ და მზარდი ნიშნებია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეჩერების. სენატორების განცხადებით, ეს აშკარად გამოიკვეთა 2022 წელს, როდესაც ევროკომისიამ არჩია, არ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან.
“საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ბოლოდროინდელი წუხილების გათვალისწინებით, ასევე იმის გაცნობიერებით, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა მოითხოვს მრავალთვიან მომზადებას, მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და შეიმუშაონ ჩართულობის სტრატეგია საქართველოს 2024 წლის არჩევნებისთვის”, -წერენ სენატორები ბლინკენს.
სენატორების აზრით, ამ ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს მექანიზმები საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და არჩევნების მონიტორინგი, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა არჩევნების გაშუქების მიზნით:
“ადმინისტრაციამ ასევე პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოში ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. ამ საკითხებზე საკმარისი ფოკუსირებით, ჩართულობითა და დაფინანსებით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ არჩევნებმა გამოხატოს ქართველი ხალხის სურვილები. ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) აქვთ საქართველოში და მთელ მსოფლიოში სადამკვირვებლო სამუშაოების ორგანიზების დიდი გამოცდილება. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, USAID-ს და NED-ს, მჭიდრო კონსულტაცია გაიარონ NDI-ისა და IRI-ის მხარდასაჭერად საქართველოს დემოკრატიისა და არჩევნებისთვის”.
სენატორები ბლინკენისადმი 2 მაისს გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ, რომ “საქართველო გზაჯვარედინზეა” და აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს საქართველოს დემოკრატიის წარმატება და ქართველი ხალხის მხარდაჭერა:
“კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და მის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს მოვუწოდოთ ადმინისტრაციას, მიიღოს ზომები, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობისთვის”.