ახალი ამბები

პარტნიორები ვაშინგტონიდან არ მიიღებენ თქვენს აზრს, რომ ისინი ტყუიან – კელი პაპუაშვილს 

21 ოქტომბერი, 2023 • 2665
პარტნიორები ვაშინგტონიდან არ მიიღებენ თქვენს აზრს, რომ ისინი ტყუიან – კელი პაპუაშვილს 

საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიუთითა, რომ პარტნიორები ვაშინგტონიდან არ მიიღებენ აზრს, რომ ისინი ტყუიან. ასე გამოეხმაურა ის პაპუაშვილის განცხადებას, რომ აშშ არ ასაჯაროებს მტკიცებულებებს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზების შესახებ.

“თქვენ კარგად იცით, რატომ არ გასაჯაროვდა მტკიცებულებები მის [ოთარ ფარცხალაძის] წინააღმდეგ უსაფრთხო არხებს მიღმა. თქვენი “სტრატეგიული პარტნიორები” ვაშინგტონში არ მიიღებენ თქვენ აზრს, რომ ისინი ტყუიან. თუმცა, შეიძლება არც გაღელვებთ ეს”, – წერს იან კელი პლატფორმა X-ზე.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ დაწყებული გამოძიება შეიძლება შეწყდეს, რადგან აშშ საქართველოს არ აწვდის მტკიცებულებებს მისი სავარაუდო დანაშაულების შესახებ.


14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძეს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. თუმცა, ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიანიშნებენ, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, შესაძლოა, გამოძიება შეწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი