“საქართველოს რესპუბლიკური პარტია” მთავრობას მოუწოდებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს, დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა.
მანამდე, აღნიშნული თხოვნით მთავრობას საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ორგანიზაციებმა მიმართეს. მთავრობამ მათ წერილს უარით უპასუხა და მიზეზად მსგავსი ღონისძიებების დროს, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი დაასახელა.
“რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების შეუცვლელობის შემთხვევაში, გაჩნდება უთანასწორობის განცდა, ვინაიდან ცნობილია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გამონაკლისს უშვებს 28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო.
“21 მარტი არის ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებს საერთაშორისო დღესასწაული, სახალხო ზეიმი. ტრადიციის თანახმად, სწორედ ამ დღეს უსურვებენ ისინი ერთმანეთს ბედნიერ ახალ წელს, ჩუქნიან და უზიარებენ სითბოს, კეთილ სურვილებს…
ეს არის ხვალინდელი დღის სახალხო დღესასწაული. რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოხატოს საკუთარი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების მიმართ და ერთი ღამით დაუშვას გამონაკლისი კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების მიუღებლობა გააჩენს სრულიად სამართლიან განცდას უთანასწორო მოპყრობის, რადგან საყოველთაოდ ცნობილია პრემიერ-მინისტრის საჯარო მოწოდება 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების მიმართ, რომელიც, ასევე კომენდანტის საათის დროს უნდა გაიმართოს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა შექმნას ქვეყანაში თანასწორი გარემო და აზერბაიჯანელი თემისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის სათანადო აღნიშვნისათვის გამოავლინოს კომპრომისი.
20 მარტს გავრცელებული განცხადებით, მთავრობას კომპრომისისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმაც.
დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო — უმთავრესად, ირანში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ავღანეთში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში — ნოვრუზ ბაირამით გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის ახალ წელთანაც არის გაიგივებული.
სადღესასწაულო რიტუალების დიდი ნაწილი კი ღამით იმართება. ტრადიციის მიხედვით, ღამით ანთებენ კოცონს, შლიან სუფრას, მართავენ შეჯიბრს წითელი კვერცხებით და ერთმანეთთან არიგებენ ნაჩხუბარ ადამიანებს.
საქართველოს აზერბაიჯანელმა თემმა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, დღესასწაული სრულყოფილად ვერც გასულ წელს იზეიმა.
რატომ არის პრობლემა ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე