ავთვისებიან სიმსივნესთან Რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე საჯარო პოლიტიკას დაუბრუნდა.
პოლიტიკოსი, რომელიც გასულ წელს რუსული კანონის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, საჯარო სივრციდან 2023 წლის მიწურულს მოულოდნელად გაქრა. მას მძიმე დაავადების გამო ქვეყნის დატოვება და მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება მოუწია.
საჯარო პოლიტიკაში რუსული კანონის შემობრუნებასთან ერთად გამოჩნდა. მოქალაქეებს ბრძოლისკენ ჯერ გერმანიიდან მოუწოდებდა, ახლა კი საქართველოში დაბრუნებული აპირებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებას და მომავალ პარლამენტში სხვა პაციენტების ხმაც იყოს.
სიმსივნესთან ბრძოლაში განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე ხათუნა სამნიძეს ნეტგაზეთი ესაუბრა.
„Როცა სიმსივნეზე იეჭვეს, არ მჯეროდა, ჩავთვალე, რომ ექიმები ცდებოდნენ“
პირველ რიგში, ყველა ქალს ვურჩევ, 6 თვეში ერთხელ გადაამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. Მე ამას ვაკეთებდი, რადგან დედა მყავს სიმსივნით დაკარგული, მისი თხოვნაც იყო და ისედაც ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. არაფერი არ მაწუხებდა. შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე ჯანმრთელად ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი, კვებას ვაქცევდი ყურადღებას, რეჟიმს… ამიტომ არაფერი არ მაწუხებდა, პირიქით, ძალიან ენერგიაზე და ჯანზე ვიყავი, დღეში 20 კილომეტრს დავდიოდი. ამიტომ, როცა იეჭვეს [სიმსივნეზე] , არ მჯეროდა, ჩავთვალე, ექიმები ცდებოდნენ, რადგან ჯერ ეჭვი გაჩნდა.
ეჭვი გაჩნდა ერთ-ერთი შემოწმების დროს, მე თვითონ მივედი შემოწმებაზე. ბათუმში როცა ჩავდივარ, სიცივეშიც ვცურავ ზღვაში და ოქტომბერში, ერთ-ერთი ასეთი ცურვის დროს, ვიფიქრე, რომ გავცივდი და მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი გაციებული და ამიტომ ვიეჭვეთ, რამე სხვა ხომ არ ხდება. ონკომარკერმა, რითაც შეგიძლია გაიგო, რამე ხომ არ არის სხეულში ონკოლოგიური, აჩვენა, რომ იყო ნორმაზე მაღლა. თუმცა ექიმმა თქვა, რომ ეს შეიძლება რაღაც ანთების პროცესი იყოსო.
ეს ხდებოდა ოქტომბერ-ნოემბერში. Მე დაბადების დღე მაქვს 28 ნოემბერს და აქ, პარლამენტში ვიყავი, ტორტი დამახვედრეს თანამშრომლებმა, ძალიან ბედნიერი დღე იყო. ტორტი ჩავაქრე და მოვიდა კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხი, სადაც ეჭვი იყო, რომ რაღაც ხდება. Საბოლოო პასუხი, რომ სიმსივნე მაქვს, მჭირდება მძიმე ოპერაცია და შემდეგ თერაპია, მივიღე მაშინ, როცა ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ აქ, პარლამენტში მოვედი შამპანურით ხელში და არც მითქვამს ჩემი თანამშრომლებისთვის და არავისთვის, რომ ეს ვიცოდი. Ძალიან ბედნიერი ვიყავით სტატუსის მიღებით. მახსოვს, ბრიფინგი გავაკეთეთ გოგოებმა, შამპანურიც დავლიეთ… მე უკვე ვიცოდი, რომ სიმსივნე მქონდა, თუმცა იმ დღეს ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ სტატუსი მივიღეთ. ამ დღის მერე დავიწყე მზადება.
იყო შესაძლებლობა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა წელს იანვარში, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ დეკემბერშივე გამეკეთებინა და ახალ წელს შევხვდი ჩემს მედდებთან ერთად საავადმყოფოში, რეანიმაციიდან ახალი გამოსული ძალიან მძიმედ და სუსტად ვიყავი, მაგრამ, ბედნიერი, რომ გადავრჩი, რადგან ოპერაცია საკმაოდ რთული იყო.
„თვალებში ჩავხედე სიკვდილს, რადგან ამაზე ფიქრს ვერ გავექცეოდი“
დასარწმუნებლად, რომ [სიმსივნე მქონდა], გამიკეთდა ლაპარასკოპია ანუ მიკროსკოპულად ჩაიხედეს, რა ხდებოდა, რადგან არცერთმა შემოწმებამ, არც ექოსკოპიამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, დარწმუნებით არაფერი დასკვნა არ დადო. იქ ეწერა, რომ არაფერი არ მჭირს. უბრალოდ, ქირურგი აღმოჩნდა ძალიან ფრთხილი, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად შევხედოთ, რა ხდება მიკროსკოპულად და დავრწმუნდეთ, რომ არაფერი არ არის. Როცა ნარკოზს მიკეთებდნენ და ამ პროცედურაზე შევყავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი არ მქონდა.
ამ პროცედურის ჩატარებამდე სამი მივლინება მქონდა დარჩენილი და მოვითხოვე, მოეცათ და ისიც კი მოვახერხე, რომ არცერთი არ გავაცდინე. Ბევრი დრო დავხარჯე და არ შეიძლებოდა დროის გაცდენა, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი არ ხდებოდა, წავედი მივლინებებში და ყველა მივლინება რომ დავასრულე, მერე დავწექი ამ შემოწმებაზე.
თვალი რომ გავახილე, ქირურგი დამხვდა და მითხრა, რომ ეს ის არის, რაზეც ეჭვი გვქონდა [სიმსივნე]. მე ვერ აღვწერ, რა მომივიდა. ეს იყო ისეთი შოკი, ახლაც ცუდად ვხდები, რადგან ეს არის კოშმარი. დღესაც მესიზმრება ის მომენტი, როცა ექიმმა მითხრა, რომ ეს ის არის, რაზეც ვიეჭვეთ. პირველი გამახსენდა დედა, რადგან მან ძალიან იწვალა. მახსოვს, ბევრჯერ ვთქვი, რომ რამე დედასნაირი რომ დამემართოს, ალბათ, ამდენს არ ვიბრძოლებ-მეთქი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ერთი წუთითაც არ დაუწუწუნია. Მე ვუვლიდი, მერე ჩემი და-ძმა უვლიდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველი ის გამახსენდა.
ექიმს ახსოვდა დედის ამბავი, იმ წუთას შემატყო ეს და მითხრა, ერთი წამითაც არ გაავლო პარალელიო, რადგან შენ ხარ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ფიზიკურად ძალიან მომზადებული ამასთან საბრძოლველად და ეს სულ რაღაც პირველი სტადიააო. თუმცა მან სპეციალურად მითხრა, რომ ეს პირველი სტადია იყო, რადგან მიხვდა, სერიოზული შოკი მივიღე. ისეთი შოკი, რომლიდანაც ვერ გამოვდიოდი – თვალებში ვუყურებდი, უაზროდ ვუსვამდი შეკითხვებს, ცრემლები თავისით მომდიოდა და ვეკითხებოდი, ქიმიაც მიწევს-მეთქი, რადგან ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, ოპერაციის ნაკლებად. Მან დამიმალა, რომ ეს იყო თითქმის მეოთხე სტადია იმის გამო, რომ სერიოზული შოკი მივიღე. მადლობა მას, რომ ეს გაითვალისწინა. Მას რომ პირდაპირ ეთქვა, რა ტიპის ოპერაციის მოლოდინი იყო, მერე რა მელოდა და რომელი სტადია იყო, ალბათ, ვერ გადავიტანდი.
იმ ღამეს პალატაში მარტო დავრჩი. ჩემდა სამწუხაროდ, არავინ არ შემოუშვეს, რადგან არ შეიძლებოდა. დავრჩი საკუთარ თავთან მარტო და ეს იყო ყველაზე რთული ღამე. Რა თქმა უნდა, იმ ღამეს არ მიძინია და ხმამაღლა ვტიროდი პალატაში, რასაც ჰქვია მოვთქვამდი. მიუხედავად იმისა, რამდენჯერ მოგვისმენია, ეს განაჩენი არ არის, თან მეგონა, რომ პირველი სტადია იყო, თან მართლა ჯანმრთელი ადამიანი ვარ და ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვიყავი მაშინ, ფსიქოლოგიურად ის იყო ღამე, როცა ამას თვალებში ჩავხედე. თვალებში ჩავხედე სიკვდილს, რადგან ვერ გავექცეოდი იმას, რომ ამაზე არ მეფიქრა. თვალებში ჩავხედე იმას, რომ ძალიან სერიოზული ტანჯვა მელოდა.
ეს ვიცოდი და ბევრი კითხვა დავუსვი თავს, მინდოდა თუ არა ეს ტანჯვა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე არ გავიკეთებ ქიმიოთერაპიას. Რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა დავუსვი ექიმს – ქიმიოთერაპია რომ არ გავიკეთო, რა მოხდება-მეთქი. Მან მითხრა, რომ მაშინ ოპერაციის შემდეგ ძალიან მცირე შანსი დარჩება გადარჩენის, სულ რაღაც რამდენიმე თვე გექნებაო. წარმოიდგინეთ ამის მოსმენა, თან, მარტო ვიყავი. იმ ღამეს საკუთარი თავი გამოვიტირე და რეალობას შევხედე თვალებში, რომ უნდა მოვმზადებულიყავი.
ეს ხდებოდა საქართველოში. იმის დრო არ იყო, რომ სადმე გადამემოწმებინა. თან, მიკროსკოპით დაინახეს და არაფერი გადასამოწმებელი არ იყო. Რა თქმა უნდა, ველოდებით პასუხს, რა ტიპის იყო და რომელი სტადია. Რიგრიგობით შემოდიოდნენ Მედდები და ექიმები. ზოგი მიბრაზდებოდა და მეჩხუბებოდა, რას ჰქვია, ასე ტირი და ასე განიცდი, ვის არ გადაუტანიაო. Შემოდიოდნენ ისეთებიც, ვინც მეფერებოდა. არაფერი არ მესმოდა, სრულად დაბლოკილი იყო ყველა, არავინ არ არის იქ რეალური ადამიანი… ძალიან მინდოდა, რომ მეგობრები შემოეშვათ, მაგრამ არავინ არ შემოუშვეს. შესაძლებელია, დამხმარებოდნენ ამასთან გამკლავებაში, მაგრამ ასე მოხდა. შესაძლოა, ეს უკეთესიც იყო, რადგან მე მაინც არ მესმოდა არავისი, მე ვიყავი საკუთარ თავთან მარტო და ყველაფერზე ვფიქრობდი, პირველ რიგში, შვილზე.
იმ დღის მერე აღარ მიტირია. მეორე დილას რომ დამათენდა, უკვე ცრემლები აღარ მქონდა. მივხვდი, რომ ოპერაციისთვის უნდა მოვემზადო. Მერე ნელ-ნელა, თანდათანობით გამაგებინეს, რომ ეს არ იყო პირველი სტადია და ძალიან რთული ვითარება იყო. Მე რომ ქიმიის მეშინოდა, პირველი სერიოზული პრობლემა ოპერაციის გადატანა იყო, რადგან ეს იქნებოდა სერიოზული შოკი როგორც ორგანიზმისთვის, ასევე ფსიქიკისთვის და ტვინისთვის, რადგან ძალიან ბევრ ორგანოზე იყო გადასული ეს ყველაფერი.
„ყველაზე რთული შვილისთვის თქმა იყო“
პირველად მივწერე ჩემს და-ძმას. ეჭვების დროს მათთან კომუნიკაცია რომ მქონდა, ვეუბნებოდი, რომ ცდებიან და არაფერი არ მჭირს-მეთქი. ბოლოს მივწერე, ეს ყველაფერი დადასტურდა-მეთქი. ისინი მიხვდნენ, რა ცუდადაც ვიყავი.
ყველამ იცოდა შვილის გარდა. ას არ არის პატარა, 22 წლისაა, მაგრამ რომ გადავწყვიტე მეთქვა, დავჯექი და ლაპარაკი დავიწყეთ, ეს იყო მეორეჯერ, როცა ერთად ვიტირეთ. Მასთან მომიწია ლაპარაკი, რომ არ უნდა შეეშინდეს და შეიძლება ყველაფერი მოხდეს… არც კი მახსოვს, რას ვამბობდი, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ველაპარაკე, ის, რასაც სინამდვილეში ვფიქრობდი, მასთან ბოლომდე მაინც ვერ ვთქვი. Მეუბნებოდა, რომ შანსი არ არის, გამოძვრები და კარგად იქნებიო, მაგრამ გულში რა ხდებოდა, ვინ იცის. ერთად ვიტირეთ ბევრი. ყველაზე რთული მისთვის თქმა იყო.
დედ-მამა ერთ პერიოდში დავკარგე და ძალიან რთული იყო მშობლების გარეშე ამ პროცესში შესვლა. Მთელი ტანჯვის პერიოდში ღამე არ იყო, რომ არ დამსიზმრებოდნენ. Ძალიან უცნაურია, მაგრამ ტკივილების შემცირებასთან ერთად მცირდებოდა ჩემს სიზმრებში მათი გამოჩენა.
ყველაზე მძაფრი რეაქცია იყო ჩემი ძმისგან. ჩემი ძმა ჩამოვიდა [თბილისში] და მოვემზადე ოპერაციისთვის, რომელიც გადავწყვიტე, რომ 2023 წელს ყოფილიყო და ახალ წელს შევხვედროდი უკვე ამისგან გათავისუფლებული, რომ თერაპიისთვის მოვმზადებულიყავი.
ვფიქრობდი, ეს ყველაფერი საქართველოში უნდა გამეკეთებინა. არც კი მიფიქრია სადმე წასვლა მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ ისმოდა – საქართველოში პრობლემებია, წამლების ჩამოტანას აგვიანებენ, წამლების ხარისხზე შეკითხვებია, არ არიან ასეთი მაგარი სპეციალისტები და ა.შ. Მე გადაწყვეტილების მიღების თავიც არ მქონდა, ისეთი მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ამიტომ, გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე არსად არ წავიდოდი.
Მე და მყავს ამერიკაში და მითხრეს, იქ წავსულიყავი, მაგრამ ვთქვი, რომ არ მინდა, მას კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მივაღებინო, რადგან ბოლო სტადიაზე, სიკვდილის წინ, დედა მასთან იყო. მეგობრები მყავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვთქვი, არცერთ მეგობართან არ წავიდოდი, რადგან ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი – სხვის ცხოვრებაში შეიჭრა და გიყუროს, როგორ ხარ.
მე არ მაქვს გამოცდილება სისუსტის და უსუსურობის და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი, რომ მე ვიქნები უსუსური. აქამდე ყოველთვის პირიქით ვცდილობდი, რომ მე დავხმარებოდი ყველას და უცებ მე გავხდი უსუსური. Ძალიან მძიმე შესაგუებელია, რომ ახლა შესაძლოა, ვიღაცისთვის ტვირთი გავხდე.
ისტორიას კი ვყვები, მაგრამ აქედან გაკვეთილებიც ხომ მივიღე. Მგონია, რომ ასეთი ისტორიის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი სერვისი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. Ჩვენთან ეს არ არის და როცა ადამიანს ასეთ დიაგნოზს უსვამ, ამ დროს თავსა და ორგანიზმში ისეთი პანიკაა, უმნიშვნელოვანესია, რომ ფსიქოლოგიურად ადამიანებს გვერდში დაუდგე და აუხსნა.
„Მე არ ვფიქრობდი არსად წასვლაზე“
Მე არ ვფიქრობდი არსად წასვლაზე. Ნორმალურად რომ გადავიტანე ოპერაცია და გამწერეს, გამოწერის შემდეგ უფრო სუსტად გავხდი.
ყოველდღიურად ვსუსტდებოდი და აქაურმა ექიმებმა დაიწყეს, პრაქტიკულად, გამოცნობა იმის, რა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ამ ოპერაციის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან მყარად ვიყავი, სინამდვილეში ვიყავი ძალიან სუსტად. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა და ამ დროს ვხედავდი, რომ ყოველდღიურად უფრო სუსტად ვხდებოდი, მქონდა სიცხე და ვეღარ დავდიოდი.
დავიწყე სხვადასხვა ექიმთან მისვლა. კონკრეტული მიმართულების ექიმი, რომელიც დამჭირდა, იმ კლინიკაში, სადაც ოპერაცია გავიკეთე, არ იყო და სხვაგან უნდა წავსულიყავი. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი, რატომ უნდა უწევდეს სხვა კლინიკებში სიარული ადამიანს, რომელიც ვერ დადის? აქ დაიწყო ჩემი სერიოზული ფრუსტრაცია და მივხვდი, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პაციენტზე კი არა, კლინიკაზეა ორიენტირებული. Სულ უფრო და უფრო მერეოდა ბრაზი და უფრო და უფრო ვსუსტდებოდი. დავიწყე ისევ გადასხმები, ანტიბიოტიკოთერაპია, ახალი რაღაცები შემოვიდა… დაწოლას მიპირებდნენ კლინიკაში და იმდენად გავბრაზდი, რომ არ დავწექი და არ დავემორჩილე ექიმებს და მერე იძულებული გავხდი, დავწოლილიყავი.
Მეორეჯერ რომ მომიწია დაწოლა, ორ დღეში წამოვედი. კიდევ უნდოდათ გაჩერება, მაგრამ დიდი ამბავი ავტეხე, მე აქ არ გავჩერდები, რადგან არ იცით, რას მიკეთებთ და გამოცნობაზე რატომ უნდა ვიყო-მეთქი. გავბრაზდი და ამ დროს უკვე ჩაერთნენ ჩემი ნათესავები და მეგობრები და თქვეს, რომ შენ აქ არ უნდა დარჩე, რადგან 10 დღეა გამოწერილი ხარ და ყოველდღე უარესად ხდებიო. დაიწყო ლაპარაკი იმაზე, სად შეიძლება წავსულიყავი.
Მეგობრებთან წავსლა არ მინდოდა, ვერ შევაწუხებდი და მერე ჩემმა ძალიან კარგმა ნათესავმა თქვა, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემს სახლში იცხოვრო ჩემს ნათესავთან [გერმანიაში], ის მოგაქცევს ყურადღებასო.
ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დამაკავშირა სერიოზულ კლინიკასა და პროფესორთან, რომელთანაც ონლაინ კომუნიკაცია მქონდა. ის ამბობდა, ჩამოდიო, რადგან ხედავდა, რომ უარესად ვხდებოდი და სურათი ყოველდღიურად იცვლებოდა უარესობისკენ. Ამ დროს ქიმიოთერაპია იყო სასწარაფოდ დასაწყები და აქ ვერ იწყებდნენ, რამაც ძალიან შემაშინა. ადრე რომ ვიძახდი დედიდან გამომდინარე, მე ქიმიოთერაპიას არ გავიკეთებ-მეთქი, უცებ ისე მომინდა სიცოცხლე, რომ ვიხვეწებოდი, ქიმიოთერაპია დაიწყეთ-მეთქი. ეს ყოფილა ადამიანის ფსიქოლოგია. Შეიძლება, ბევრ რამეზე ვიბრიქებოდეთ, მაგრამ სიკვდილს რომ შეხედავ თვალებში, სიცოცხლისთვის ყველაფერს აკეთებ.
Ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს ფულის შეგროვება. ამის მთავარი მედროშე იყო თამარ კორძაია, რომელიც ყველას ელაპარაკებოდა, ამაში ჩართული იყო ყველა. Წინა პლანზე წამოვიდა ადამიანური ამბები და ყველანაირი პოლიტიკური შეხედულება უკან გადავიდა ყველას მხრიდან. Შეგროვდა რაღაც თანხა, რომელიც საკმარისი არ იყო, მაგრამ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თქვა, წადი და მერე ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებო. ისე მძიმედ ვიყავი, ვერც კი წარმომედგინა, თუ შევძლებდი ფრენას, მაგრამ ჩავედი.
„გერმანიაში შევწყვიტე სიკვდილზე ფიქრი“
გერმანიაში სწრაფადვე მიხვდნენ, რა მჭირდა და ორ დღეში დაიწყეს ქიმიოთერაპია. ასეთი განსხვავებაა ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის. ამიტომ ითხოვს ონკოპაციენტების ჯგუფი, რომელიც ყველა აქციაზე იყო, ევროპული დონის მხარდაჭერას და ულიმიტო ბიუჯეტს. ეს არის გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
გერმანიაში დავიწყე ქიმიოთერაპია. Ჩემი ძმა იყო ჩემთან, მარტო ვერაფერს ვერ შევძლებდი, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ მთავარი რაც იქ იყო, ეს იყო ექიმების ნდობა და რწმენა. Საერთოდ აღარ ვნერვიულობდი. Მათ დაინახეს, რომ ფსიქოლოგიურად მიჭირდა და ამ მხრივაც დახმარება აღმომიჩინეს. Მე იქ გამიქრა შიში. Ძალიან მიჭირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ აქ რომ ვყოფილიყავი, ფსიქოლოგიურად ვერ გავუმკლავდებოდი ამ რთულ გზას.
იქ, სადაც ვიყავი, ჩემზე ორიენტირებული იყო მთელი პროცესი – არ უნდა მტკენოდა არაფერი, თუ რამე მეტკინებოდა, იქვე ხდებოდა გამოკვლევა, მაქსიმუმ გვერდზე ფილიალში თუ გამიშვებდნენ. აქ როცა უკან მიდიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკადან გაწერის შემდეგ, დაიწყეს, რომ შეიძლება ინფექცია იყოს, შეიძლება ანთება იყოს… იქ როგორც კი ჩავედი, გადამიღეს პეტ კატე (პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია). Საქართველოში პეტ კატეს პრობლემა არის და, როგორც ვიცი, თურქეთში დადიან ამისთვის. Პეტ კატემ აჩვენა, სად იყო პრობლემა — ეს იყო ინფექცია თუ ანთება. Მაშინვე გამოჩნდა და დაინიშნა კონკრეტული წამალი.
Საქართველოში წამლების ხარისხის პრობლემაც არის და ამაზე ნაწილობრივ საუბრობენ ექიმები და ნაწილობრივ თავს არიდებენ, მაგრამ ანტიბიოტიკების თვალსაზრისითაც კი პრობლემა ყოფილა. გერმანიაში, გამიკეთეს თუ არა წამალი, ორ დღეში მოვმჯობინდი და დაიწყეს ქიმიოთერაპია. Რადგან სანამ სუსტად ხარ, ქიმიოთერაპია არ შეიძლება. [საქართველოსა და გერმანიას შორის] სხვაობა იყო სწორი დიაგნოსტიკა.
გარდა იმისა, რომ ქიმიოთერაპიაზე ტკივილები გახსენდება ადამიანს, ნანახიც მქონდა, დედას როგორ გადაჰქონდა ეს პროცესი. Როცა მას ჰქონდა მძიმე დღეები, არასდროს უთქვამს აქ ექიმს, რომ მას ეს არ უნდა სტკიოდეს. გერმანიაში პირველი ქიმიები გამიჭირდა და როცა დავრეკე, რომ მძიმე რეაქციები მქონდა, კვირა იყო, ჩემი ექიმი სხვა ქალაქში იყო და თქვა, რომ ახლავე ჩამოვალო. Მითხრა, რომ უნდა გავარკვიო [მიზეზი], რადგან შენ ასე არ უნდა იტანჯებოდეო და გაარკვიეს. ორიენტირებული იყვნენ, რომ არაფერი არ მტკენოდა. Მაფრთხილებდნენ, რომ უნდა იგრძნო სისუსტე და ამას უნდა ებრძოლო, 15 წუთი მაინც უნდა ადგე და გაისეირნო, არ უნდა იფიქრო, რომ ავად ხარო.
Სხვათა შორის, პირვლივე შეხვედრაზე მიხვდა ჩემი იქაური პროფესორი და მკითხა, სიკვდილზე ფიქრობო? Შეწყვიტე სიკდილზე ფიქრიო. Მე არც გამიცნობიერებია ეს, მაგრამ თურმე ვფიქრობდი და იქ შევწყვიტე სიკვდილზე ფიქრი.
გერმანიაში ეს არის ჩვეულებრივი ქრონიკული დაავადება. Ძალიან მიკვირდა, რომ როცა გადასხმას მიკეთებდნენ, ხალხი ყველა კარგ ხასიათზე მოდიოდა, ლაპარაკობდა და იცინოდა. Მე ერთი თვე დამჭირდა, მერე მეც ვიცინოდი და ვხუმრობდი უკვე, რადგან მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ ერთი რამ, რასაც დავაკვირდი გერმანიაში, ძირითადად ასაკოვანი ხალხი იყო და საქართველოში ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს ეს პრობლემა.
მყარად რომ ვიგრძენი თავი, ქიმიის ბოლო გადასხმამდე ჩამოვედი საქართველოში. Საქართველოში სამი გადასხმა მქონდა. მიუხედავადა იმისა, რომ ექიმი, ვინც ავარჩიე, ძალიან კარგი ადამიანი იყო და მეხმარებოდა, კლინიკაში ყოფნისას ორ სააათში მივხვდი, რომ საქართველოში ონკოპაციენტებს, უბრალოდ, გიყურებენ როგორც გადადებულ ადამიანს.
ანალიზს რომ მიღებდა ქალი, ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ასე რატომ მექცევით-მეთქი და ტირილი დავიწყე. გერმანიაში უმძიმესი დღეები გამოვიარე და არ მიტირია იმის გამო, რატომ არ გეცოდებით-მეთქი. Ძალიან შეწუხდა ის ქალი, მაგრამ ვერ მოვითმინე, რომ ეს არ მეთქვა. ეს დამოკიდებულება საქართველოში იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, რომ ონკოპაციენტები ამას გრძნობენ, თითქოს ჩვენ მაინც არაფერი არ გვეშველება.
„ფსიქოლოგიურად ყველაზე დიდი პრობლემა სხეულის ცვლილება იყო“
ფსიქოლოგიურად ყველზე დიდი პრობლემა იყო სხეულის ცვლილება. ისეთი ცვლილებები იყო, რომ სხვა ადამიანი ვიყავი. Სარკეში რომ ვიხედებოდი, ჩემს თავს მე ვერ ვცნობდი. ფიზიკურად მთლიანად შემეცვალა ფორმები, წონა, კანის ფერი, შეგრძნებები… სრულიად სხვა ადამიანი ვიყავი. Მე აღარ ვიყავი მე და ფსიქოლოგიურად ამასთან გამკლავება ძალიან რთულია. ამას რომ უყურებ, ვერ ფიქრობ, რომ ერთ დღეს ისევ იგივე ხათუნა ვიქნები. ახალი ჩასული რომ ვიყავი გერმანიაში, ბანაობისაც კი მეშინოდა, რომ ჩემი თავი არ დამენახა. ამას დასჭირდა პერიოდი.
იქ შემატყვეს, რომ ფსიქოლოგიურად მიჭირდა და მითხრეს, ფსიქოლოგი გჭირდებაო. Წამლებით დამეხმარნენ, რომ ფსიქოლოგიურად შევგუებოდი, რადგან ეს სერიოზული შოკია. თუმცა, რომ შემატყვეს, ცოტა უკეთ გავხდი, მითხრეს, ახლა უნდა შეწყვიტოო [ამ დამხმარე წამლების მიღება].
Მე გერმანიაში არ დამჭირვებია იქაური ფსიქოლოგი, ჩემმა კარგმა მეგობარმა მითხრა, რომ იქნებ საქართველოდან მქონოდა ონლაინ კონსულტაციები. თავიდან ძალიან სკეპტიკურად შევხედე, მეგონა, მე თავად გავუმკლავდებოდი. Მაშინ კომპლექსი მქონდა, თმა აღარ მქონდა, თავსაბურავს არ ვიშორებდი…
ფსიქოლოგთან ძალიან ბევრს ვსაუბრობდი სწორედ ამ ცვლილებებზე. Მე მაინც ვიყავი ორიენტირებული გარეგნობაზე, რადგან საჯარო ცხოვრებას მოაქვს გარეგნობაზე ზრუნვა. ჯერ ხომ დრო გაჩერდა ჩემთვის და აქამდე რაზეც მქონდა ორიენტირი, რომ ფორმაში იყო, უცებ ხვდები, რომ სრულიად დანგრეგული ხარ. გინდა, რომ არავინ დაგინახოს და ჩავიკეტე, ამ დაავადებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობდი. Ძალიან მალე მივხვდი, რომ უნდა ვილაპარაკო და მალე გამოვჩნდი პირველად საჯაროდ, თავსაბურავით, როცა რუსული კანონი გამოჩნდა. Მაშინ მივხვდი, რომ ვერ გავჩერდებოდი და გარდა ამისა, საჯაროდაც უნდა მელაპარაკა ამაზე. ეს იყო ყველაზე სერიოზული თერაპია ჩემთვის.
„Მეშინოდა საჯაროდ გამოჩენის“
Როცა გადავწყვიტე საჯაროდ გამოჩენა, იყო ასეთი აზრი, რომ შეიძლება, ვიღაცებს შევეცოდო. Მეგონა, უარყოფითი რეაქციები წამოვიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა. Მე არავისგან მიგრძვნია, რომ შევეცოდე. თითქოს დამიფასდა ის ბრძოლა, რაც დაინახეს. მივხვდი, რომ ამ საშინელებისგან, რაც მჭირდა, შეიძლება რაიმე სასარგებლო გავაკეთო — ონკოპაციენტებს ვუთხრა, რომ მოდით, ერთად ვიბრძოლოთ. ამან მომცა უდიდესი ძალა.
ახლა ძალიან სიძულვილია პოლიტიკაში და მეგონა, ესეც წამოვიდა, რომ „ღირსი ხარ“, „ღმერთმა დაგსაჯა“… მაგრამ არცერთი ასეთი შეწტყობინება არ ყოფილა. უამრავმა უცნობმა ქალმა მომწერა, რომ ძალა მოგვეცი და თუ ლაპარაკი გინდა, მეც დაგირეკავ და ვილაპარაკოთო… ამან იმხელა ენერგია მომცა, მერე კიდევ ერთხელ გავბედე [ტელევიზიას ჩავრთვოდი]. ამ პერიოდში მითხრეს, რომ შენი ყველაზე კარგი თერაპია საჯაროდ გამოჩენაა და არა ფსიქოთერაპიაო, რადგან კარგად გახდიო.
აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ მძიმე პერიოდში დიდ დანაკარგთან ერთად ბევრი რამ შევიძინე. ახლაც მიკვირს, რომ მეუბნებოდნენ, უფრო ძლიერი გამოხვალო, მაგრამ, მე მგონი, კი [გამოვედი]. ახალი ძალა გემატება.
მინდა, რომ ჩემნაირი პაციენტებისთვის და არამხოლოდ მათთთვის, ვიყო ხმა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მინდა, რომ სტიგმებიც დავარღვიო. თავსაბურავის გარეშე გამოჩენა არის ჩემი პირადი ბრძოლის ნაწილიც და სხვებისთვის ბრძოლისაც. Ჩეთვისაც არ არის მარტივი, მაგრამ ისეთი გამოხმაურებები, მხარდაჭერა და კომპლიმენტები მივიღე, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი და კიდევ არაერთხელ გამოვჩნდები თავსაბურავის გარეშე.
არიან ადამიანები, ვისთვისაც რთულია ამის დანახვა. Ბევრმა მითხრა, რომ გაახსენდათ დედა, ოჯახის წევრი, ნათესავი… ტირილიც აუტყდათ, როცა დამინახეს, რადგან უთმოდ გამოჩენა პირდაპირი მესიჯია, რომ ონკოპაციენტი ხარ. Ბევრისთვის ცოტა რთული იყო, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის სწორი. Სტიგმები უნდა დავარღვიოთ, რადგან ყველაფერთან ერთად ონკოპაციენტების პირველი შეჯახება რეალობასთან ესეცაა, როცა გარეგნულად ძალია იცვლები.
ადამიანის გადასაწყვეტია, თავის დიაგნოზზე საჯაროდ იტყვის თუ არა, მარგამ დიდი ძალაა, როცა სხვას აჩვენებ, რომ ახლა ჩემთვის ვიბრძოლებ, რათა გადავრჩე და მერე ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ნაკლები იყოს საბრძოლველი ჩვენნაირი პაციენტებისთვის. უფრო ეს გამოჩნდა, რომ კი არ შევეცოდე, ბრძოლაში მისურვეს გამარჯვება. ეს იყო განსაკუთრებული მესიჯი ჩემთვის.
Ხშირად ვეუბნები ჩემს მეგობრებს, რომ დავდევ დადებით ემოციებს. ამ მძიმე დაავადების დროს ვისწავლე, რომ არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც უარყოფით ენერგიას გრძნობ და სადაც ყოფნა სავალდებულო არაა, თუმცა კულტურა მოითხოვს.
Ჩემს შვილს ვეუბნები ხშირად, ვინმე რომ მოგენატრება და ვინმე თუ გიყვარს, არ შეგეზაროს, რომ უთხრა, რადგან არ იცი, ხვალ რა მოხდება. ეს კი წამიკითხავს, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ არ უნდა გადადო არაფერი.
„ვაპირებ, რომ ვიყო მათი ხმა მომავალ პარლამენტში“
Ძალიან მენატრებოდა მუშაობა და აქ, პარლამენტში მოსვლა, რადგან დიდი ხანია, პოლიტიკა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი.. Საკუთარ საქმესთან დაბრუნება არის ყველაზე მაგარი თერაპია და ესეც მინდა ვუთხრა ჩემნაირ პაციენტებს, რომ არ დარჩეთ მარტო ამ დაავადებასთან, აკეთეთ ყველაფერი, რასაც აკეთებდით აქამდე. ეს მე მითხრა ასევე ჩემნაირმა პაციენტმა და მერე გავიაზრე, რომ ძალიან სწორს მეუბნებოდა. ალბათ, ამ როლს ვერასდროს გავექცევი, რომ ონკოპაციენტი ვარ, გამოჯანმრთელების მიუხედავად, მკურნალობა და მონიტორინგი გრძელდება. უბრალოდ, ამის მიუხედავად ჩემს საქმეს დავუბრუნდები და დავუბრუნდი კიდევაც, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სუსტად ვარ.
ვაპირებ, რომ როცა საარჩევნო კამპანიაში ჩავერთვები, ვილაპარაკო ჯანდაცვის საკითხებზე. Მე არასდროს დავინტერესებულვარ ჯანდაცვის სფეროთი, არც კომპეტენცია მქონდა. ვაპირებ, რომ ახლა ეს თემები შევისწავლო. უნდა შევხვდე ონკოპაციენტების იმ ჯგუფს, რომელიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის და გავაძლიერო ისინი. ვაპირებ, რომ ვიყო მათი ხმა მომავალ პარლამენტში, თუ კამპანიაში წარმატება მექნება და პარლამენტში მოვხვდები. ეს ის საკითხებია, სადაც, როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილებაც უნდა გქონდეს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
Მეც მომისმენია ჯანდაცვის სფეროში პრობლემებზე, მაგრამ სულ სხვაა, როცა საკუთარ თავზე გამოცდი ამას. ტყუილად არაფერი არ ხდება. Მესმის, რომ ძალიან ძვირია მკურნალობა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე უამრავი ფონდი არსებობს, რომელთან თანამშრომლობაც შეიძლება ისე, რომ ამ ქვეყანაში თუნდაც წამალი მაინც არ აგვიანებდეს. Ჩვენ გვაქვს კონკრეტული თარიღი, როცა უნდა გაკეთდეს გადასხმა და თურმე საქართველოში თვეებიც აგვიანებს ზოგჯერ წამალი. ეს კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ მოგკლავს ეს დაავადებ, თუ დროზე არ გადაისხამ წამალს.
Მინდა, რომ გვერდში დამიდგნენ ის ადამიანები, რომლებმაც აქ მკურნალობდნენ და ჩემზე მეტი იციან ამაზე საკუთარი თავიდან გამომდინარე. ასეთი ადამიანები არსებობენ და ყველა აქციაზე მაგათ პლაკატებს ვეძებდი.
ვაპირებ, რომ ამ კუთხით ვიმუშაო და ძალიან მინდა, რომ ამ საკითხებზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხმამაღლა ვილაპარაკოთ. Მარტო რუსეთსა და ევროპაზე არა, ევროპა ნიშნავს კარგი ჯანდაცვის პოლიტიკას.