ახალი ამბები

ესპანეთთან მატჩზე დამსწრეებს 28 მარტს ღამის 12 საათამდე შეეძლებათ გადაადგილება

18 მარტი, 2021 •
ესპანეთთან მატჩზე დამსწრეებს 28 მარტს ღამის 12 საათამდე შეეძლებათ გადაადგილება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, ის პირები, რომლებიც 2021 წლის 28 მარტს ესპანეთთან გამართულ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან დინამო არენაზე, სახლში დაბრუნებას 12 საათამდე, ე.წ. “კომენდანტის საათის” ამოქმედების შემდეგაც შეძლებენ.

“ბილეთები გაიყიდება ონლაინ, პირადი ნომრის გამოყენებით. ყველა ის ადამიანი, რომელიც ბილეთს შეიძენს, იქნება ბაზაში რეგისტრირებული და ღამის 12 საათამდე შეძლებს [გადაადგილებას]”, – განაცხადა დავით მუჯირმა.

საფეხბურთო მატჩი თბილისის დროით, საღამოს 8 საათზე დაიწყება. საფეხბურთო შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და მასზე დასწრება სტადიონზე გათვალისწინებული მაყურებლების 30 პროცენტს შეეძლება, რაც დაახლოებით 15 ათას ადამიანს ნიშნავს.

დღეს 18 მარტს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში უცვლელი ფორმით კვლავ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

მთავრობის ამჟამინდელი გეგმით, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლის დასწრება პირველი აპრილიდან უნდა აღდგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი