ახალი ამბები

რატომ არის პრობლემა ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე

18 მარტი, 2021 • 2402
რატომ არის პრობლემა ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ უმცირესობებზე, ტერმინი, საქართველოს შემთხვევაში, ალბათ არის პირობითი”, — თქვა პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, როდესაც ამავე კომიტეტის ბაზაზე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დაფუძნების შესახებ აცხადებდა.

ოდიშარიამ ამით ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს ხედვით, ქვეყნის მოქალაქეები თანასწორნი არიან, “მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ კანის ფერისა”.

ამ პათოსს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც იზიარებენ, თუმცა, არაერთ მათგანი თავშივე სკეპტიკურად უყურებს ახლადდაფუძნებული საბჭოს ეფექტიანობის პერსპექტივას. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული უწყების დიასპორის კომიტეტის ბაზაზე დაარსებით სახელმწიფო, ნებით თუ უნებლიედ, ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავს, როგორც სხვა ქვეყნის დიასპორას, რაც ინტეგრაციის პრინციპებს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

რა გადაწყვიტა პარლამენტმა?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს აფუძნებს, პარლამენტის ვებგვერდზე 15 მარტს გამოქვეყნდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საბჭოს ხელმძღვანელად პარლამენტარი რიმა ბერაძე დაასახელა.

ბერაძის ინფორმაციით, საბჭოს მიზნებს შორისაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა საპარლამენტო საქმიანობაში, აღნიშნული ჯგუფების მიმართ სისტემური პოლიტიკის ჩამოყალიბება და ორმხრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და სხვ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა 15.03.21 ფოტო: საქართველოს პარლამენტი

“დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა დღესვე საკონსულტაციო საბჭოს დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა”, — ნათქვამია საინფორმაციო ბიულეტენში.

როგორც რიმა ბერაძემ პარლამენტში საუბრისას აღნიშნა, “ამ ეტაპზე საბჭო 16 თემს აერთიანებს და ის ღიაა ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის”.

“ჩვენ არ ვართ დიასპორა” — რამ გამოიწვია კრიტიკა საბჭოს მიმართ

როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ისე ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, უშუალოდ საბჭოს შექმნაში პრობლემას ვერ ხედავენ. თუმცა, კრიტიკის ობიექტი გახდა გადაწყვეტილება, აღნიშნული საბჭო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთვის მიეკუთვნებინათ.

სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, ეროვნული უმცირესობა, ეს არის მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით. რაც შეეხება დიასპორას, ამჟამინდელი გაგებით, ეს არის საკუთარი ქვეყნის გარეთ მცხოვრები ემიგრანტული თემი.

კრიტიკოსებს არ ესმით, რატომ უნდა განიხილოს დიასპორის კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა უწყებამ იმ ეროვნულ უმცირესობათა საკითხები, რომლებიც საქართველოში ისტორიულად ცხოვრობენ. მათი აზრით, აღნიშნული ნაბიჯით კიდევ უფრო ძლიერდება ისედაც არსებული სტერეოტიპები ეთნიკურ უმცირესობათა შესახებ.

"მე დიასპორა არ ვარ" — საპროტესტო კამპანია საბჭოს შექმნის შემდეგ

“აღსანიშნავია, რომ საბჭოს ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმება და კულტურის მიმართულებით მუშაობაა.

რა თქმა უნდა, ასეთი მიზნით საბჭოს შექმნა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, როცა ასეთი საბჭო იქმნება დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, ნათელი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტიც და სახელმწიფოც ეთნიკურ უმცირესობებს უყურებს, როგორც სხვა ქვეყნების დიასპორას.

ეს მაშინ, როდესაც საქართველოს აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში, ღიად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების მიერ ჩვენს დიასპორად განხილვის რიტორიკას და პოლიტიკას”, — აღნიშნულია აქტივისტთა პლატფორმის, “სალამის” განცხადებაში.

“სალამმა” 18 მარტს პარლამენტთან გააპროტესტა საკანონმდებლო ორგანოს ეს გადაწყვეტილება. აქციის ლოზუნგი იყო “მე არ ვარ დიასპორა”. კამპანია, ამ ლოზუნგით, ფეისბუკზე დაიგეგმა.

“ძალიან დიდი სირცხვილია”

როდესაც სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ საბჭოს ამ ფორმით დაფუძნების შესახებ შეიტყო, იფიქრა, რომ ის დაფარავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.

მას შემდეგ, რაც საბჭოს რეალური შინაარსის შესახებ შეიტყო, აღნიშნავს, რომ ეს “ძალიან დიდი სირცხვილია”.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცნობილი არ არის მათი მიზანი, სტრუქტურა, სტრატეგია… რაც უნდა იყოს, მსგავს კომიტეტში შექმნილი საბჭო უკვე საკმარისია იმის სათქმელად, რომ საკითხი პრობლემურია. საერთოდ არ ვიცოდით, ვინ როგორ არის ჩართული, ვინ არის ამ საბჭოში, რა დროს გადაწყდა მისი შექმნა”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვა მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯი კიდევ უფრო ართულებს ვითარებას იმ ფონზე, როცა “ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მაინც უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს”.

“ამ კომისიის შექმნა დიასპორის კომიტეტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო არ იცნობს თავის მოქალაქეებს. არ იცნობს, მის ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები ვინ არიან, ეროვნული ჯგუფები ვინ არიან, დიასპორები ვინ არიან… უყურებს, როგორც სხვა ქვეყნის საკუთრებას”, — დასძენს აქტივისტი.

პროტესტის პათოსს სამოქალაქო აქტივისტი ნორო გასპარიანიც იზიარებს. მისი თქმით,  საბჭოს შექმნა მისასალმებელია, თუმცა არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა.

“ის, რომ საბჭო იქმნება ამ კომიტეტის ბაზაზე, რა თქმა უნდა, მიუღებელია. აქამდე თუ ფურცელზე ყველაფერი კარგად იყო, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდა და დოკუმენტებს რაღაც მნიშვნელობას მაინც ანიჭებდნენ, ახლა დოკუმენტებსაც არ ანიჭებენ მნიშვნელობას და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეები კი არ ვართ, პირველ რიგში ვართ დიასპორა”, — დასძენს ის.

ხსენებულიდან გამომდინარე, ნორო გასპარიანს საბჭოს ეფექტურად მუშაობის მოლოდინი არ აქვს.

გამოხმაურება არასამთავრობო სექტორიდან

საბჭოს შექმნიდან მეორე დღეს განცხადება გაავრცელა 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლითაც მოითხოვა, გაუქმდეს აღნიშნული ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება დიასპორის კომიტეტის ბაზაზე.

NGO-ებს მიაჩნიათ, რომ “საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართული იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები”.

განცხადების ხელმომწერებს შორისაა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), რომლის წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რატომ მიაჩნია საბჭოს ამ ფორმით შექმნა პრობლემურად.

მაკო ღავთაძე ფოტო: TDI

“ერთ-ერთი პრობლემა ყოველთვის არის ეთნიკური უმცირესობების “სხვად” აღქმა. ეს ძალიან ბევრ ურთიერთობაში, გამონათქვამებში, გადაწყვეტილებებში ვლინდება ხოლმე. გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ეთნიკური ქართველები არიან მასპინძლები და ეთნიკური უმცირესობები — სტუმრები, “შეკედლებულები”.

ეს შინაარსი სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი ჩანს ხოლმე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს და აღრმავებს გაუცხოებას, აფერხებს ინტეგრაციას და რაც მთავარია, თანასწორობისა და ინკლუზიის პროცესს ეწინააღმდეგება — იმ მთავარ პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოსთვის ამოსავალი უნდა იყოს”, — დასძენს ის.

მაკო ღავთაძეს მიაჩნია, რომ საბჭოს დიასპორის კომიტეტის ბაზაზე შექმნა, ნებსით თუ უნებლიეთ, წარმოადგენს ხსენებული სტერეოტიპის დეკლარირებას საკანონმდებლო ორგანოს დონეზე, რაც “საგანგაშო და პრობლემურია”:

“გაუგებარია, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა, ვინ იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არ ყოფილა ეთნიკური უმცირესობების ფართო სპექტრთან კონსულტაციები, არც შესაბამის არასამთავრობოებთან და ექსპერტებთან”.

კრიტიკის საპასუხოდ, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დეპუტატ რიმა ბერაძეს, რომელიც საბჭოს თავმჯმდომარედ დასახელდა. დეპუტატმა, თავის მხრივ, კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან გადაგვამისამართა. მასთან დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი