ახალი ამბები

ლომჯარია მოუწოდებს მთავრობას, ნოვრუზთან დაკავშირებით, 1 დღით მოხსნას “კომენდანტის საათი”

20 მარტი, 2021 • 1010
ლომჯარია მოუწოდებს მთავრობას, ნოვრუზთან დაკავშირებით, 1 დღით მოხსნას “კომენდანტის საათი”

სახალხო დამცველი და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მოუწოდებენ მთავრობას, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა. ნინო ლომჯარიას თქმით,  ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, შეუფერხებლად და ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული.

მანამდე, აღნიშნული თხოვნით მთავრობას საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ორგანიზაციებმა მიმართეს. მთავრობამ მათ წერილს უარით უპასუხა და მიზეზად მსგავსი ღონისძიებების დროს, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი დაასახელა.

“სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღიარებს, მის მიზანს – ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, — წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე დასძენს, რომ საქართველოში უკვე აქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ამ კონტექსტში ლომჯარია მართლმადიდებლურ შობას ახსენებს.

ამასთან, ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებითაც არის დაგეგმილი. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო-ესპანეთის მატჩზე სტადიონზე გათვალისწინებულ მაყურებელთა 30%-ს დაუშვებენ, თამაშის სტუმრები კი სახლში დაბრუნებას 12 საათამდე, ე.წ. “კომენდანტის საათის” ამოქმედების შემდეგაც შეძლებენ.

“სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით”, — ვკითხულობთ განცხადებაში.


დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო — უმთავრესად, ირანში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ავღანეთში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში — ნოვრუზ ბაირამით გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის ახალ წელთანაც არის გაიგივებული.

სადღესასწაულო რიტუალების დიდი ნაწილი კი ღამით იმართება. ტრადიციის მიხედვით, ღამით ანთებენ კოცონს, შლიან სუფრას, მართავენ შეჯიბრს წითელი კვერცხებით და ერთმანეთთან არიგებენ ნაჩხუბარ ადამიანებს.

საქართველოს აზერბაიჯანელმა თემმა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, დღესასწაული სრულყოფილად ვერც გასულ წელს იზეიმა.

რატომ შეიძლება “კომენდატის” მოხსნა ფეხბურთისთვის და არა — ნოვრუზ ბაირამისთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი