ახალი ამბები

“ოცნებას” სურს, პროცესი ერთპარტიული ინტერესით წარმართოს” – სამნიძე ISFED-ისთვის უარზე

18 აგვისტო, 2022 • 764
“ოცნებას” სურს, პროცესი ერთპარტიული ინტერესით წარმართოს” – სამნიძე ISFED-ისთვის უარზე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნების”( ISFED) არდაშვება ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს, პროცესი იყოს ინკლუზიური.

მისი თქმით, “ოცნება” აპირებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში მხოლოდ საკუთარი თანამოაზრეები ჰყავდეს და ერთპარტიული ინტერესით მიიღოს გადაწყვეტილებები.

ეს კი, სამნიძის თქმით, სახიფათო და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

“როდესაც ჩვენ, ოპოზიციის ნაწილმა, უარი განვაცხადეთ სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ პროცესი და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი როგორი იქნება, არ უთქვამს “ქართულ ოცნებას”. მათ შორის, არ უთქვამს, როგორ იქნება კრიტერიუმები, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ექსპერტები და კონკრეტულ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები[…]

ISFED-ზე უარი არის დასტური, რომ “ქართულ ოცნებას” სურს, პროცესი წარმართოს საკუთარი, ერთპარტიული ინტერესით, დისკრედიტაცია მოახდინოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციური პარტიის, რომელიც არ ეთანხმება მის პოზიციებს”, – განაცხადა სამნიძემ.

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) არ მიიწვია.

“სამართლიანი არჩევნებია” ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი პროფილი სწორედ საარჩევნო საკითხებია.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრი 2 ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა სხვადასხვა პროფილის არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პარლამენტს აღნიშნულ ჯგუფში სამუშაოდ სწორედ ISFED-ის და საის ჩართვა შესთავაზა.

თუმცა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და  ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ISFED ნეიტრალური ორგანიზაცია არაა, რადგან ივნისში გამართულ აქციებზე, მისი წარმომადგენლები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნების”( ISFED) არდაშვების გამო, აღნიშნული ჯგუფის შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი