ახალი ამბებიკომენტარი

ქორიძე: ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების მოქმედი სტანდარტის დანგრევას ცდილობს

11 მარტი, 2021 • 2928
ქორიძე: ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების მოქმედი სტანდარტის დანგრევას ცდილობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველთან” დაკავშირებული განჩინებით, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას მისცა სამაუწყებლო კომპანიიდან გარკვეული მასალების ამოღების ნებართვა, ხელისუფლება ცდილობს დაანგრიოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც ქვეყანაშია.

ქორიძის თქმით, კანონი ინტერპრეტაციის საშუალებას არ ტოვებს და პირდაპირ განმარტავს, რომ პროფესიული საიდუმლოს წყარო აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. შესაბამისად, მისი თქმით, არავის აქვს უფლება, წყაროს გამხელა მოითხოვოს არც პირდაპირი და არც ირიბი გზებით. ქორიძის თქმით, როდესაც პროკურატურა გამოძიებას იწყებს, მისი ინტერესის მთავარი საგანი ინფორმაციის წყაროს გარკვევა არ უნდა იყოს:

“კანონი არ ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას. ის პირდაპირ ამბობს ,რომ წყარო არის დაცული. აი, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს მისი გამხელა. იქვე არის ჩანაწერი, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.

წყარო, რომელიც აწვდის ჟურნალისტს ინფორმაციას, პროფესიული საიდუმლოების წყაროა და ,შესაბამისად, ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ეს წყარო, რამდენადაც თავად წყაროა დაცული აბსოლუტური პრივილეგიით. შესაბამისად, როდესაც იწყებს პროკურატურა რაიმე ტიპის გამოძიებას, მისთვის მთავარი საგანი არ უნდა იყოს ინფორმაციის წყაროს გარკვევა. თუ ძალიან უნდა, არკვიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან არ შეიძლება პირდაპირ ან ირიბად მოითხოვოს ამ წყაროს გათქმა ჟურნალისტისგან”, – ამბობს ზვიად ქორიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას”.

ქარტიის საბჭოს წევრის განცხადებით, პროკურატურა ამ გზით ცდილობს პირდაპირი ან ირიბი გზით მედია აიძულოს გათქვას წყაროს ვინაობა, რაც დაუშვებელია და აღნიშნული პროცესი ხელისუფლების მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასარღვევად ახალი პრაქტიკის დადგენას ემსახურება,

“ამიტომ, თუ პროკურატურას სურს ამ წყაროს გათქმა, მან შეიძლება ეს დაადგინოს ისე, რომ ამ პროცესში მას არ დასჭირდეს ჟურნალისტის იძულება. შესაბამისად, იმ დოკუმენტების, მატერიალური მტკიცებულებების ამოღებაც, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვიტა პროკურატურამ და მიაღწია სასამართლოსგან განჩინებას, პირდაპირ იკითხება, რომ ემსახურება წყაროს გარკვევას.

დღეს პროკურატურა ცდილობს სასამართლო მექანიზმი გამოიყენოს ,პირდაპირი ან ირიბი გზით აიძულოს მედია გათქვას წყარო. პირდაპირ ვთქვათ, დღეს პროკურატურამ დაიწყო არა კონკრეტული საქმის გამოძიება, არამედ პრაქტიკის დადგენა, როგორ დაარღვიოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი და როგორ დაიწყოს ინფორმაციის წყაროს გარკვევის ოპერაცია” ,- ამბობს ქორიძე.

მისი თქმით, ეს მიზნად ისახავს სწორედ აღნიშნული დემოკრატიული სტანდარტის ნგრევას, რაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს:

“დაშინების მცდელობა იმდენად იქნება, რამდენადაც დაშინდება კონკრეტული ჟურნალისტი ან მედია. მე დაშინებას არ ვიტყვი, რამდენადაც მივიჩნევ, რომ ჟურნალისტები ძალიან მყარად დგანან და იცავენ მათ პროფესიულ უსაფრთხოებას.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელისუფლების გაცხადებულ სურვილთან, რომ მათ არ მოსწონთ სიტყვისა და გამოხატვის ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც არის ქვეყანაში, და ყველანაირად ცდილობენ ეს სტანდარტი დაანგრიონ. ტელეკომპანია არის სრულად დაცული, რომ არ გასცეს ის ინფორმაცია, რომელიც მისი ვარაუდით ემსახურება იმას, რომ უნდა გაითქვას ინფორმაციის წყარო” ,- ამბობს ქორიძე.

ქარტიის საბჭოს წევრის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ასევე მიმართულია იმ ადამიანების დასაშინებლად, რომლებმაც მომავალში შესაძლოა სისტემის მამხილებელი მტკიცებულებები გაასაჯაროონ:

“მათ ეშინიათ მამხილებლების, ეშინიათ იმ ადამიანების, რომლებმაც შეიძლება კონკრეტული უწყებებიდან გამოიტანონ მამხილებელი დოკუმენტები და ფაქტები, რომელმაც შეიძლება შეარყიოს ეს ხელისუფლება.

ჩვენ არ ვიცით, ხვალ განათლების სამინისტროდან ვინ იქნება მამხილებელი და რა ტიპის ინფორმაციას გამოიტანს, ზეგ ვინ იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან და ა.შ. მაგრამ ხელისუფლებამ იცის, რომ ასეთი მამხილებლები მათ სისტემაში იქნებიან და სწორედ მათი დევნა და დაშინება სურთ, რაც მაჩვენებელია დიქტატურის”, – ამბობს ქორიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი