ნეტგაზეთი | ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით – Netgazeti
Batumelebi | RU

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

“ტვ პირველი” ავრცელებს აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

რას ვიგებთ ჩანაწერებიდან?

6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში, ტელეარხის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. მისივე ცნობით, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.

მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში, ტელეარხის ცნობით, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს ეკითხება, რა გეგმაა ვინმე ლადოსთან დაკავშირებით და არის თუ არა საქმის კურსში ხსენებული ლადოს მამა, რის შემდეგაც ასეთი დიალოგი იმართება:

(სავარაუდოდ) ანზორ ჩუბინიძე: ჯერ მოდი, ის გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა, რომ ფეისბუკით ბოდიში მოგიხადოს და მაგას რა უნდა მერე, მამამისის იმას…

(სავარაუდოდ) ბერა ივანიშვილი: გვინდა, რომ მოგვიხადოს და მაგ შემთხვევაში მამა გვაწყობს თუ არ გვაწყობს?

ანზორ ჩუბინიძე: თუ გვინდა, სახლში უნდა მივიდე მაშინ და ყველა ვარიანტში ალბათ ეხლა მაინც დამხვდება, გვიან მივალ და…

ბერა ივანიშვილი: ცვეტში ხო?

ანზორ ჩუბინიძე: ხო.

ბერა ივანიშვილი: აუ, დან*რეული აქვს მაგას მაშინ, ჰა?

ანზორ ჩუბინიძე: ნუ, ყველაზე მთავარი მგონი გუშინ იყო. რაც საჭირო იყო, მოხდა”.

ამის შემდეგ, ტელეარხის ცნობით, საუბარი იმართება ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, რა დროსაც ზუსტდება, მართლაც აგინა თუ არა ბერა ივანიშვილს ვინმე ლადომ, რათა შეცდომა არ დაუშვან და “ტყუილად არ მიაკაჩაონ”.

“ჩვენ ავალთ მაინც და ისე მაინც.ვეტყვი, რომ შენი იქიდან[პროფილიდან] შემოსულია ლანძღვა და მეორედ გააკონტროლე, თორე ვიღაცას ხელები მოატყდება მეთქი, ეგრე მაინც ვეტყვი”, — ამბობს პირი – ტელეარხის ცნობით, ჩუბინიძე.

აღნიშნულის შემდეგ “ტვ პირველი” კვლავ “ბერასა და ანზორ ჩუბინიძის” ჩანაწერს გვთავაზობს, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ პირი, ვისთანაც “მივიდნენ”, ამტკიცებდა, რომ “არავითარი ცუდი სიტყვა არ დაუწერია”.

“ტვ პირველის” თანახმად, კიდევ ერთ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აანალიზებს ერთ-ერთი პირის “დასჯის” დეტალებს. პირი, ტელეარხის ცნობით – ღარიბაშვილი, იყენებს ტერმინებს “კანკალებდა” და “გათეთრდა”, სავარაუდოდ, “დასჯილის” შესახებ.

“კაროჩე, თუ გინდა, სხვა სახელით შედი, რაც გინდა, ქენიო. 1 საათში გიპოვით შენ და შენ ძმაკაცებს და გაგაქრობთ ყველასო”, — ყვება კიდევ ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. ტელეარხის ცნობით, ეს სიტყვები იმ მოზარდს უთხრეს, რომელიც ასევე “დაისაჯა” ბერას შეურაცხყოფისთვის.

კიდევ ერთ ფრაგმენტში, “ტვ პირველის” ცნობით, კვლავ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ და ამჯერად განიხილავენ გლდანში მცხოვრები სკოლის მოსწავლის ამბავს, რომელიც ბერასადმი შეურაცხყოფის გამო დაამცირეს. ჩანაწერში ამბობენ, რომ მოზარდს აგინეს, დაემუქრნენ და ამ ყველაფრის ფონზე, სკოლაშიც ვერ წავიდოდა, რადგან სტრესი მიიღო.

რა უთხრა ანზორ ჩუბინიძემ “ტვ პირველს”?

ჩანაწერების ეთერში გასვლამდე, “ტვ პირველმა” ანზორ ჩუბინიძეს ჰკითხა, მართლაც იყენებდნენ თუ არა ასეთ პრაქტიკას ბერა ივანიშვილის მლანძღველთა მიმართ და მაგალითად, მას ეკუთვნის თუ არა სიტყვები “ხელები მოატყდება”.

“წარმოუდგენელ რამეს მეუბნებით”, — უპასუხა ჩუბინიძემ.

კიდევ ერთ კითხვას, უთხოვია თუ არა მისთვის ბერა ივანიშვილს ხსენებულ პირთა დასჯა, ჩუბინიძე პასუხობს:

“არასდროს არ უთხოვია, როგორც თქვენ ლაპარაკობთ, იმ ფორმით… ვიღაც დასაჯე და რაღაცა…”

ამის შემდეგ, ჟურნალისტმა სდსს-ს უფროსს ჰკითხა, უთხოვია თუ არა ბერას იმ ადამიანის ვინაობის გარკვევა, ვინც შეაგინა.

“ვერ ვიხსენებ, მართალი გითხრათ… არ მახსენდება. ბავშვურ რაღაცაზე თუ ლაპარაკობთ, შეიძლება, ეგ იყო. არ მახსენდება”, — პასუხობს ანზორ ჩუბინიძე.

რა თქვეს ჩანაწერებზე მმართველ გუნდში?

ანონსში, რომელშიც ითქვა, რომ “ტვ პირველმა” ირაკლი ღარიბაშვილის ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერები მოიპოვა, 5 მარტის ღამით გავრცელდა.

ანონსშივე ითქვა, რომ ისინი იმ პირების დასჯაზე საუბრობდნენ, რომლებიც ივანიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებით ეხმაურებოდნენ. ვიდეორგოლი შეიცავდა ჩანაწერების ფრაგმენტებსაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედმა” 6 მარტის დილითვე გაავრცელა ანზორ ჩუბინიძის კომენტარი. ის “გამიზნულ პროვოკაციას” უწოდებს ხსენებულ ჩანაწერებს.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. თუმცა, ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა.

ეს არის აბსურდული მცდელობა, ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა, ბავშვებს დასდევს და უსწორდება”, — დასძინა მან.

ჩანაწერების შეფასების კუთხით, მმართველი გუნდიდან განსაკუთრებით აქტიურობდა სოზარ სუბარი, რომელმაც რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ ყოველივე ეს ფაბრიკაციაა და მასალა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას მომზადდა.

“მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას. ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი… ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას…” — ამბობდა ის.

“TV პირველის” ანონსზე დღის განმავლობაში “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.  მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში 6 მარტის საღამოს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ამ მასალების შესახებ ჰკითხეს. მდინარაძია თქმით, ეს არის “ფაბრიკაცია”, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მოამზადეს.

“შემიძლია ზუსტად გითრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011 და 2012 წლების, მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ 2010 წლის…

შესაძლოა, რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები. არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია”, — თქვა მან.

მანამდე, გია ვოლსკი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ  “2011 წელს არის რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული”.

რა თქვა სახალხო დამცველმა?

გადაცემის ანონს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც განცხადება “ფეისბუქზე” გაავრცელა. მან “ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და ფაბრიკაციის” პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლებია, ეს პრაქტიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და სხვების “მორალური განადგურების” იარაღად გამოიყენება.

“სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს“ – წერს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან