კომენტარი

„თუ შევეგუებით, დიქტატურა არ აგვცდება“ — ქორიძე გვარამიას განაჩენზე

2 ნოემბერი, 2022 • 1429
„თუ შევეგუებით, დიქტატურა არ აგვცდება“ — ქორიძე გვარამიას განაჩენზე

„დღეს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღეს დიქტატურის სასარგებლოდ“, — ასე აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე.

ქორიძე ხაზს უსვამს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ერთი კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და უნდა ვიფიქროთ, როგორ იმოქმედებს ის საზოგადოების განვითარების პერსპექტივაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ქვეყანაში და მის ევროპულ მომავალზე.

 „ხელისუფლებამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დაიჭირა და ედავება ისეთ საკითხს, რომელშიც დაზარალებული არ არსებობს. ეს არის კლასიკური მაჩვენებელი, ხელისუფლებამ როგორ შეიძლება დააკავოს ადამიანი არა იმიტომ, რომ ის სჩადის დანაშაულს, არამედ იმიტომ, რომ მას ის არ მოსწონს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და მანამდე „რუსთავი 2“ აკეთებდა ხელისუფლებისთვის ცუდ საქმეს. ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ საზოგადოებრივი განწყობა არ არის მთლად პოზიტიური, ამიტომ, მოდი, ამ განწყობას გამოვიყენებ მის გასანეიტრალებლად — დავაპატიმრებ და ვიქნები მშვიდად. მერე რა, რომ ამის გამო ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება მეტი დარტყმა მიიღოს თავისუფლების თვალსაზრისით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას სერიოზული პრობლემა შეექმნას, ევროინტეგრაციას პრობლემა შეექმნას“, — ამბობს ზვიად ქორიძე.

მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილს შეიძლება ნიკა გვარამია არ მოსწონდეს სხვადასხვა მოტივებით, მაგრამ შედეგი, რომ ადამიანი ციხეში ზის აზრის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და ბერკეტად გამოყენებულია სისხლის სამართლებრივი ნორმები, დამანგრეველია ქვეყნისთვის.

„ეს არის ზუსტად ის სქემა, რომელსაც იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები. პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ზარალდებოდნენ, რადგან საპატიმროში ყოფნა ძნელია, მაგრამ არანაკლებ ,თუ მეტად არა, ზარალდებოდა ის საზოგადოება, სადაც ეს ხდებოდა. ამიტომ იყო დაბეჩავებული ტოტალიტარული საზოგადოებები ყველგან, მათ შორის საბჭოთა კავშირში. ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ასეთი ტიპის საქმე გვაძლევს ტოტალიტარიზმის ფორმულას. ჩვენ ამას ან მივიღებთ და შევეგუებით, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ვაფორმებთ ტოტალიტარულ გარემოს, რომელიც არავის დატოვებს მოუკითხავს. ნიკა გვარამია რომ ამ ფორმით იხდის სასჯელს, ეს არის თუ არა დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის? — ჩვენ ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა ვარჩევდეთ სისხლისსამართლებრივ დეტალებს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ქორიძემ.

ზვიად ქორიძის აზრით, მოსამართლეთა მორიგმა ჯგუფმა დღეს დაარღვია საზოგადოების განვითარების წონასწორობის პრინციპი ხელისუფლების სასარგებლოდ:

„ეს არის ავტორიტარიზმის ანატომია, დიქტატურის ანატომია, რომელზეც, ვიდრე გვაქვს რესურსი, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და უნდა ვილაპარაკოთ ყველამ, იმიტომ, რომ ხვალ ვერავინ ილაპარაკებს — ვერც ერთად, ვერც ხმამაღლა და ვერც საპროტესტოს, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმი და დიქტატურა მოიგებს“.

ზვიად ქორიძის თქმით, თუ საზოგადოება თავისი პასიურობით ხელს შეუწყობს დიქტატურის დამყარებას, შედეგზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

„ახლა საჭიროა ძალიან მკაფიოდ ამ პოზიციის გააზრება და მერე უკვე გარკვეული მუხტის შექმნა, რომელმაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი ხასიათის პროტესტი გამოიწვიოს ჩვენს საზოგადოებაში. საჭიროა, რომ ყველა ჯგუფმა, ყველა პოლიტიკურმა, საზოგადოებრივმა დაჯგუფებამ, ყველა მოქალაქემ, რომელიც დიდი ან მცირე აუდიტორიის წინაშე გამოდის, ჩვენმა მეცნიერებმა აკადემიურ სივრცეებში, მკაფიოდ გამოთქვან თავიანთი აზრი. „ეს ჩემი საქმე არ არის“-ის დრო ახლა არ არის. თუ ახლა ვიტყვით, ეს ხომ მე არ მეხება, ეს ნიშნავს, რომ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოების მომავალზე და ვამბობთ, ჯანდაბას, რაკი მე არ დამიჭირეს, აზრის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ვინც გინდა, დაუჭერიათ. თუ შევეგუებით სინდისის პატიმარს, შევეგუოთ, მაგრამ მერე ნუღარ ვიტყვით, თუ რა დაგვემართა, რადგან დიქტატურა არ აგვცდება“, — განაცხადა ქორიძემ.

იგი სვამს კითხვას, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების და საზოგადოებრივი კონსენსუსის გარანტი, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას,  რომ „მართლმსაჯულებამ ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით. აშშ-ის საელჩომ საქართველოში და რიგმა ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს, რომელიც ბოლო პერიოდში აკრიტიკებს მთავრობის  ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომებისთვის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

გვარამიას საქმე: სააპელაციოს განაჩენი და “ოცნების” რიტორიკა ჰარმონიაში მოვიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი