კომენტარი

ეს არის კამპანია ქვეყანაში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ — ქორიძე ბერძენიშვილზე

23 იანვარი, 2023 • 1556
ეს არის კამპანია ქვეყანაში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ — ქორიძე ბერძენიშვილზე

„კამპანია ქვეყანაში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ“ – ასე აფასებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების წამოწყებულ სიძულვილის კამპანიას.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც არაფორმალურ გარემოში მყოფ ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ვიდეო ატვირთა ფეისბუკ მომხმარებელმა და „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ. ვიდეოში ისმის ქალის ხმა, რომელიც ბერძენიშვილს ეუბნება, რომ ერეკლე მეორე გმირია, ხოლო თავად – არაკაცი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერეკლე II-ის დაცვის საბაბით ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერები.

„ეს არის კამპანია ქვეყანაში თავისუფალი აზრის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ასეთი კამპანიები ყოველთვის ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს მეტი შიში, გაჩნდეს მეტი უნდობლობა თავისუფალი აზრის მიმართ, გაჩნდეს მეტი აგრესია აზრის თავისუფალი გამოხატვის ფორმების მიმართ. და ამიტომ, ეს უფრო შორს მიმავალი კამპანიაა. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ მასობრივი მორალური ტერორი ხორციელდება ბატონ ლევანზე. რა თქმა უნდა, შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანის ხასიათს არ გატეხს და ვერაფერს უზამს, მაგრამ მთლიანობაში ეს ქმნის გარემოს, სადაც ნორმალური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები იქნება იგნორირებული, დევნილი და პრაქტიკულად, ეს არის პირველი ნაბიჯი, სერიოზული ნაბიჯი იქითკენ, რომ საზოგადოება შეაგუონ ავტორიტარიზმს.

ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალისა და მათგან მართული ამ აგენტურის დარტყმის საგანი არ არიან მხოლოდ პოლიტიკოსები, არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისუფალი აზრით, აზროვნების თავისუფლებით, გამოხატვის თავისუფლებით, და მათ შეუძლიათ საზოგადოებას მიაწოდონ ხშირ შემთხვევაში ისეთი მოსაზრებები, ისეთი ხედვები, რომლებიც არ არის „მეინსტრიმული“, რომელსაც საყველპუროდ არ იზიარებს მთელი საზოგადოება და რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი „სუფრის კონიუნქტურის“ ნაწილი“.

ნეტგაზეთთან საუბარში ქორიძე საუბრობს საზოგადოების როლზეც და ამბობს, რომ ტოტალიტარული საზოგადოების შემოქმედი 1-2 ადამიანი არაა, არამედ ყველა მოქალაქე, რომელსაც მსგავსი ქმედებების მიმართ პასიური დამოკიდებულება აქვს.

„ისეთი, რომელიც დავინახეთ ამ გადასასვლელზე, როდესაც ლევან ბერძენიშვილი გააჩერა ამ ქალბატონმა და რაღაცები აკადრა, ან, დავუშვათ, რაც ყვარელში ვნახეთ და ა.შ. მარტო ის ადამიანები კი არ შექმნიან ასეთი ტოტალიტარული საზოგადოების მატრიცას, არამედ ჩვენც – სხვა ადამიანებიც, რომლებიც ამას არ ვიზიარებთ, ჩვენც გავხდებით მონაწილენი ტოტალიტარული სივრცის ჩამოყალიბებისა. ეს კი არავის ინტერესებში არ შედის, მათ შორის, იმ ადამიანების ინტერესებშიც კი, რომლებიც ტაშს უკრავენ ახლა, რომ უი, რა კარგად უპასუხა ლევან ბერძენიშვილს ამ ქალბატონმა. ბუნებრივია, შეიძლება, მას პირადი, ნეგატიური განწყობაც ჰქონდა ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებაზე, მაგრამ მან საკუთარი ნეგატიური განწყობა კი არ გამოხატა და კი არ უთხრა, არამედ მან პერფორმანსი დადგა, გადაიღო ეს, რომ მერე ეჩვენებინა სხვებისთვის, რომ ასეთი მოქცევა არის კარგი, არის ნორმა და ასე უნდა მოვიქცეთ.“

თუ ასე მოვიქცევით ხშირად და ასე მოვექცევით ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული აზრი, შეხედულება, მოსაზრება შეიძლება გააჩნდეს, ჩვენ წავალთ აზრის უზურპაციისკენ და წავალთ გაუგებარი მორალური იმპერატივებისკენ, რომლებმაც შეიძლება, მთლიანად დაანგრიოს დემოკრატიული წესწყობილება ქვეყანაში და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდეთ ზნეობის პოლიციის პირისპირ“, — უთხრა ქორიძემ ნეტგაზეთს.

რაც შეეხება ერეკლე II-ის საკითხს, კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ „ერეკლე II-ის არჩევანით შესაძლოა, ხელისუფლება პრორუსული კურსის ერთგვარ გამართლებას ცდილობდეს, ის დასძენს:

„ეს მათი წუხილებია, თუ ასე ხედავენ და თუ ისინი ფიქრობენ, რომ ერეკლე მეორის ეს კონკრეტული ნაბიჯი არ იყო პოზიტიური, ან არ იყო სასარგებლო ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომი განვითარებისთვის და, დავუშვათ, ხედავენ თანამედროვე საქართველოს გეოპოლიტიკურ განვითარებას და ფიქრობენ ზოგადად ამაზე — ეს კარგია…

მაგრამ, მოდი, ასე ვთქვათ: თუ გაწუხებს შენი პოლიტიკური კურსი და გინდა, რომ გაამართლო სხვადასხვა ისტორიული პარალელით, შენი მიზანსწრაფვა, რომ იყო უფრო მეტად დაკავშირებული რუსეთთან, რუსეთის თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან და იყო რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე – და ამისთვის ეძებ პარალელებს შენს ისტორიაში – ამ თვალსაზრისით მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიანაც დროული და სწორი ჰიპერბოლა გამოუყენებია ლევან ბერძენიშვილს, როდესაც დაიწყო საუბარი გეორგიევსკის ტრაქტატის მანკიერებაზე და ერეკლეს მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯის მძიმე შედეგებზე. სწორი მინიშნება გაუკეთებია და, შესაბამისად, ამიტომაც გაბრაზდა მაშინ ხელისუფლება“, — მიიჩნევს ქორიძე.

ერეკლე II-ის არჩევანზე საუბრისას ზვიად ქორიძე ხაზს უსვამს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მუდმივად იყო და იქნება საზოგადოებრივი მსჯელობის საკითხი, რადგან „ეს არ არის აქსიომა. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს ასე უნდა იყოს და მორჩა“:

„ამაზე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კადრს მიღმა ხელისუფლებას სწორედ ეს აწუხებს დღეს და ამიტომ გეგმავს ასეთ აქციებს, ეს არის ფსიქოანალიზის თემა და ამაზე სხვებმა უნდა იმსჯელონ. მე მაინც მიმაჩნია, რომ დღეს ხელისუფლება არის შეწუხებული ამ საკითხით და ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი კაპიტულანტური დამოკიდებულება რუსეთთან სხვადასხვა საკითხებში გადაფაროს რაღაც ისტორიული ემოციებით და ისტორიული პარალელებით.

ეს მას უნდა, რომ ასე მოხდეს, ამიტომაც დაირაზმა რაღაც გაუგებარი პარადიგმით, რომ „ერეკლე პაპას შვილიშვილები გამოვენთეთ და ვიცავთ“ .. რას ვიცავთ, იმასაც ვერ ვამბობთ, რისგან ვიცავთ და რატომ ვიცავთ, ვერც ამას ვერ ვამბობთ, მაგრამ ერეკლე პაპას ვიცავთ. აი, ეს, საკმაოდ არასწორი, არაჯანსაღი საზოგადოებრივი პროცესია, მაგრამ ხელისუფლება ამ არაჯანსაღ პროცესს ბოლომდე წაახალისებს. ბუნებრივია, მათი ამოცანა ახლა ეს არის“.


ერეკლე II და ლევან ბერძენიშვილი – რა ხდება

28 მაისს თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.

„ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“. ამას წინ უძღოდა ბერძენიშვილი ინტერვიუ. კერძოდ, იუტუბ-არხთან საუბრისას თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?“

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა; „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც – კონტექსტიდან ამოგლეჯილი, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

ამის შემდეგ, ამავე წლის 6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

15 იანვარს ყვარელში „ალტ-ინფომ“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩაშალა. ლექციის ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქციის წევრებმა გზა გადაკეტეს და ყვიროდნენ, რომ ისინი „ერეკლეს შვილიშვილები იყვნენ,“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე :

მასალების გადაბეჭდვის წესი