თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, მთავრობა ამიერიდან ვალდებულია, შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურება დააფინანსოს. საქმე ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც საჭიროა ანესთეზია.
შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში შეიტანა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით – „ამ ინსტიტუტის მიზანია, რომ სარჩელის გადაწყვეტამდე თუ დაზიანდება ადამიანების ინტერესები მნიშვნელოვნად – არ დაველოდოთ სარჩელს. მანამდე შეგვაქვს ხოლმე და მერე შედის სარჩელი“.
საქმე ის არის, რომ შშმ პირების ნაწილს სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ ანესთეზიის ზემოქმედების ქვეშ შეუძლია. ანესთეზია კი ძვირი ჯდება — როგორც წესი, ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება 1 000 ლარს აღწევს. აღნიშნული კი, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებისთვის ხელმიუწვდომელია.
მიუხედავად ამისა, საყოველთაო დაზღვევა სტომატოლოგიურ სერვისს აქამდე არ აფინანსებდა, ხოლო დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება — მათ შორის, თვითმმართველობებიდან – დიდ დროსთანაა დაკავშირებული, დადებითი პასუხი კი გარანტირებული არაა.
სწორედ ამ საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა:
„დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30- დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება” ,- PHR ამბობს, რომ საქმის მოსამართლე დავით წერეთელი იყო.
როგორც ნეტგაზეთს სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ანა არგანაშვილმა უთხრა, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ისტორიულია. მართალია, სასამართლო ვერ იმსჯელებდა იმ მექანიზმზე, რომლითაც ჯანდაცვამ სერვისი უნდა დააფინანსოს – ამიერიდან შშმ პირებმა ეს მომსახურება მოცდის გარეშე უნდა მიიღონ.
ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:
შშმ პირების მტანჯველი ტკივილი და სარჩელი, რომელმაც ეს უნდა შეცვალოს