ახალი ამბები

15 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს ბავშვი, რომელსაც ბაღის აღმზრდელმა სცემა, საქმე კი არ გამოიძიეს

26 იანვარი, 2024 • 3488
15 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს ბავშვი, რომელსაც ბაღის აღმზრდელმა სცემა, საქმე კი არ გამოიძიეს

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ბავშვი, რომელზე ძალადობის საქმეც სახელმწიფომ არ გამოიძია, გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 15 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 26 იანვარს მიიღო.

რა მოხდა?

ბავშვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, 3.5 წლის ბავშვს ბაღის აღმზრდელმა სახლის დახატვა დაავალა, თუმცა ჩათვალა, რომ მან დავალება სათანადოდ ვერ შეასრულა. ამის გამო აღმზრდელმა ბავშვს სახისა და ყურის არეში ხელი გაარტყა. ბავშვის დედამ პოლიციას მიმართა. შემთხვევა 2017 წლის იანვარში მოხდა.

პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების არქონის გამო, მომხდარიდან წელიწადისა და სამი თვის გასვლის შემდეგ, ბავშვის დედამ დასახმარებლად PHR-ს მიმართა. ორგანიზაცია საქმეში 2018 წლის აპრილში ჩაერთო.

ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით PHR-მა ჯერ პროკურატურას, შემდეგ კი ზემდგომ პროკურორს მიმართა, თუმცა- უშედეგოდ. 2018 წლის ნოემბერში ოჯახისა და უფლებადამცველი ორგანიზაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით,საჩივარი გაიგზავნა გაეროს ბავშვთა კომიტეტში.

4 წლის შემდეგ, 2022 წლის 7 ივნისს, გამოქვეყნდა კომიტეტის გადაწყვერილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ დაარღვია გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი – ძალადობისგან დაცვის უფლება.

კომიტეტის გადაწყვეტილებში წერია, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ მიყენებულ დაზიანებებზე, რომლებიც მან საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ის ქმედებები, რაც ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა არასწორად, დაგვიანებით, ან საერთოდ არ გააკეთეს ბავშვის ინტერესების დასაცავად.

“კომიტეტის განმარტების თანახმად, სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი”, — აცხადებენ ბავშვის ინტერესების დამცველები.

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა ბავშვისთვის კომპენსაციის გადახდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს, 26 იანვარს კომპენსაციის ოდენობად 15 000 ლარი დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი