ახალი ამბები

ტიკტოკერმა, ექიმმა სექსოლოგმა, ონლაინ შევიწროების გამო პოლიციას მიმართა

8 მარტი, 2024 • 1440
ტიკტოკერმა, ექიმმა სექსოლოგმა, ონლაინ შევიწროების გამო პოლიციას მიმართა

რეზიდენტმა ექიმმა რეპროდუქტოლოგმა და სექსოლოგმა ეკა კვირკველიამ, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია, სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ საგანმანათლებლო ვიდეოებს აქვეყნებს, ონლაინ შევიწროების გამო პოლიციას მიმართა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია PHR („პარტნიორობა ადამიანის უფლბებეისთვის“) იცავს.

როგორც კვირკველია აცხადებს, კონკრეტული კაცის წინააღმდეგ შეიტანა საჩვარი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, უწყვეტად ავიწროებდა — მისი სურვილის წინააღმდეგ უგზავნიდა შიშველ ფოტოებს, მათ შორის სასქესო ორგანოს, ურეკავდა და ა.შ. როგორც ექიმი ამბობს, შევიწროების ობიექტი სწორედ თავისი პროფესიული საქმიანობის გამო გახდა.

სექსოლოგი და რეპროდუქტოლოგი კვირველია თავის ვიდეოებში საუბრობს არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება კაცებისა და ქალების სქესობრივ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ა.შ.

„ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე ტაბუს ექვემდებარებოდა. ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ. თუმცა, თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით“, — აცხადებს PHR, ორგანიზაცია, რომელიც კვირკველიას უფლებებს იცავს.

მათივე ცნობით, 2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს მოქმედი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფო მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადექვატურ ზომებს.

„ეკას პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და მის მიმართ განხორციელებული ონლაინ სექსუალური ძალადობის უპასუხო დატოვება იქნებოდა ეკას მრავალათასიანი მსმენელი ქალისთვის გზავნილი, რომ ამ სახელმწიფოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ქალებისთვის აკრძალულია. სახელმწიფოს უმოქმედობა გამოიწვევს ქალების პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის უფლებების დარღვევას. ამ გზავნილის სანაცვლოდ  ჩვენ ეკას და სხვა ქალების გაძლიერებას ვემსახურებით, რათ  არცერთი წუთით თავი დაუცველად არ იგრძნონ ონლაინ, გენდერული ძალადობის წინაშე“, — აცხადებს PHR.

ექიმმა კვირკველიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა შევიწროების ამსახველი მიმოწერის ამსახველი ფოტოებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი