ახალი ამბები

ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო დავა კითხვებს იწვევს პოტენციურ ინვესტორებში — თურნავა

4 მარტი, 2021 • 1208
ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო დავა კითხვებს იწვევს პოტენციურ ინვესტორებში — თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პროტთან დაკავშირებით მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოს ინვესტორების მოზიდვაში უშლის ხელს, რადგან პოტენციურ ინვესტორებში აჩენს გარკვეულ კითხვებს. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დღეს, 4 მარტს ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არის გამოწვევა ქვეყნისთვის, თუმცა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამის მიუხედავად, სახელმწიფო შეძლებს ინვესტორების დაინტერესებას:

“არბიტრაჟი მიმდინარეობს, სამწუხაროა, რომ ყოფილმა ინვესტორმა პროექტი ჩააგდო, დააგვიანა, თორემ ახლა ჩვენ გვექნებოდა ოპერირებადი პორტი და 600 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელებული. გარდა ამისა, ახლა გვედავება, რაც არის თავისთავად ხელის შემშლელი ფაქტორი არა სამართლებრივად, თუმცა გარკვეულ კითხვებს იწვევს ხოლმე ზოგადად პოტენციურ ინვესტორებში. ძალიან დასანანია, რომ ყოფილმა ინვესტორმა პროექტი ვერ განახორციელა და შემდგომში ცდილობს, ხელი შეგვიშალოს. იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად ამ გამოწვევისა, შევძლებთ და დავაინტერესებთ ინვესტორებს ამ პროექტით”, —განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის წინა ინვესტორმა, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”, დაფინანსების მოზიდვის პირობა დაარღვია, რაც თურნავას თქმით, ინვესტორის მიერ დადებული მთავარი პირობა იყო.

თურნავას განცხადებით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ეს პირობა დაარღვია სახელმწიფოს მხირდან გამოცხადებული თანადგომისა და გარანტირებული თანადაფინანსების მიუხედავად:

“მიუხედავად ყველა გამოცხადებული თანადგომისა სახელმწიფოს მხრიდან, მიუხედავად ჩვენი მხრიდან დაპირებული და გარანტირებული თანადაფინანსებისა, მიუხედავად ვადების ძალიან კომფორტულად გადაწევისა, მიუხედავად ჩვენს თავზე აღებული მთელი რიგი რისკისა, ვერ მოახერხა მაინც დაფინანსების შეკვრა და ეს არის მთავარი ამოცანა, რისთვისაც კერძო პროექტში გვჭირდება ინვესტორი. სხვაგვარად თავად სახელმწიფო ააშენებდა ამ პროექტს”, — განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, ხელისუფლების არჩევანია, რომ ანაკლიის პორტი იყოს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის შედეგი, სადაც “სახელმწიფოც მონაწილეობს, მაგრამ დიდი როლი კერძო ინვესტორს ეკისრება”.

ამასთან, კითხვაზე, დასავლელ პარტნიორებზე ხაზგასმა არის თუ არა პასუხი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის”, რომ პროექტის გაჩერება “ხელისუფლების რუსული პროექტის” ნაწილია, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს არის პოლიტიკური ნარატივი და პროექტის შეჩერება თავად ინვესტორის პასუხისმგებლობაა:

“ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ გავცეთ პასუხი ყოფილ ინვესტორს, რადგან ეს არის სრულიად პოლიტიზირებული და პოლიტიკური ნარატივი იმიტომ, რომ პირველ რიგში, თუკი ვერ შესრულდა ეს პროექტი, ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა – მთავარი ამოცანა, რაც მას ეკისრებოდა, დაფინანსების შეკვრა, ვერ მოხერხდა და ნებისმიერი ასეთი განცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა”, — განაცხადა თურნავამ.

ასევე, თურნავას თქმით, ქვეყნის ზოგადი პოლიტიკაა, რომ ინვესტორები იყვნენ დასავლელები, რადგან ისინი არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ბიზნესის მართვის დასავლური კულტურასაც ატარებენ.

ამასთან, დღეს, 4 მარტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

„ახალი პოტენციური ინვესტორის მოძიების პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისი სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოცხადების პროცესს დაიწყებს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში,“ — განმარტა ღარიბაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით თურნავამაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სამინისტრომ მიიღო დავალება, საერთაშორისო კონსულტანტისგან განახორვიელოს საკონსულტაციო მომსახურების კონკრეტული შესყიდვა, რათა უახლოეს პერიოდში დაიწყონ ტენდერის მომზადება და “კონკურენტული ტენდერის შერჩევის პროცესი”.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს.

სწორედ მათგან გახდა ცნობილი, რომ 2020 წლის 29 ივლისს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელი შევიდა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან ითხოვენ დაახლოებით მილიარდ აშშ დოლარს.

ჯონასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოთხოვნილ თანხაში გათვალისწინებულია როგორც ანაკლიის ინვესტორების მიერ პროექტში დაბანდებული თანხა, ასევე მოგებაც, რომელიც მათ უნდა მიეღოთ. ერთი სარჩელი კონსორციუმის სახელით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შევიდა, ხოლო მეორე- ბობ მეიერის სახელით ინვესტიციების დაცვისა და საინვესიტიციო საკითხების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო)

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი