ახალი ამბები

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

27 დეკემბერი, 2023 • 975
ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად.

ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“.

მსგავსი სახის მომსახურებისთვის უწყებას აქამდეც, 2022-შიც დაუქირავებია კონსულტანტები.


ამჟამად მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა რამდენჯერმე გადავადდა.

20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.

კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი