ახალი ამბები

რიონზე ჰესების მოწინააღმდეგეთა პეტიციას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის

16 თებერვალი, 2021 • 1091
რიონზე ჰესების მოწინააღმდეგეთა პეტიციას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები რაჭაში ჰესების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. სხდომა, რომელსაც რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილე აქტივისტებიც ესწრებოდნენ, პარლამენტში 16 თებერვალს გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პეტიციას მიზანშეუწონლად არ მიიჩნევენ, თუმცა კომიტეტს შესაძლებლობა არ აქვს, ის განსახილველად დაიტოვოს.

“იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ასეთ სიღრმეებში შეჰყვეს ამ საკითხის განხილვას, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაუგზავნოს [პეტიცია] შესაბამის სამინისტროებს, რათა უპასუხონ ამ პეტიციის ავტორებს ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც იყო [მასში] წარმოდგენილი”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

“ისმის დამოკიდებულება: ვინ გიწერთ ამ კითხვებს?”

სხდომაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო რიონის ხეობაში მცხოვრები აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი, რომელიც რამდენიმე თვეა, ადგილზე ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული. მან ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებიც პროექტის მოწინააღმდეგეების აზრით, ხეობას ჰესის აშენების შემდეგ დაემუქრება და მოუწოდა სახელმწიფოს, პასუხი გასცეს ადგილობრივთა მოთხოვნებს.

აქტივისტმა მოითხოვა ფორმატი, რომელშიც რაჭაში ჰესების მშენებლობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტების თანდასწრებით, სახელმწიფოს წარმომადგენლები სათანადოდ უპასუხებენ ყველა კითხვას.

გოლეთიანმა დეპუტატებს უთხრა, რომ სახელმწიფო სათანადო დიალოგში არ შედის მოქალაქეებთან . ამის საილუსტრაციოდ მან გაიხსენა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეთა შეხვედრა რამდენიმე მინისტრის მოადგილესთან, რა დროსაც აქტივისტების მიმართ “შეურაცხმყოფელი” გზავნილი გახმიანდა.

“სამწუხარო პრეცედენტი დაფიქსირდა იქაც. როდესაც უბრალოდ კითხვას ვსვამთ ჩვენ… ავტომატურად ისმის დამოკიდებულება: ვინ გიწერთ ამ კითხვებს? ეს არის შეურაცხმყოფელი და, ვფიქრობ, სახელმწიფოს თავის მოქალაქეებთან ასეთი საუბარი არ უნდა აწყობდეს”, – თქვა მან.

რა წერია პეტიციაში?

რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობამ, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, პეტიცია გასული წლის სექტემბერში შექმნა. ონლაინ პეტიციას 10 000-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

ავტორები საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროექტების შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მშენებლობები “საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას”.

პეტიციის ავტორები მთავრობას მოუწოდებენ:

1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;

3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;

4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

“მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას”, – წერია პეტიციაში.

რას ამბობს კომპანია?

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს შპს “ენკა რენიუებლი” ახორციელებს. კომპანია “ნეტგაზეთისთვის” ივლისში გამოგზავნილ განცხადებაში არ ეთანხმება კრიტიკას, რომლის მიხედვითაც მშენებლობის პროექტს შესაბამისი კვლევები არ ახლავს თან.

“ინვესტორის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებიდან და უმაღლესი სტანდარტებიდან გამომდინარე,  პროექტის ფარგლებში  ჩატარებული კვლევების დონე და მათში ჩადებული ძალისხმევა უპრეცედენტოა. კომპანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა გარემოსდაცვით კვლევებს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს”.

კომპანიის ცნობით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება, ძირითადი ინვესტორი “ენკა” კი 60-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა.

“კომპანია აცნობიერებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ მაღალ პასუხისმგებლობას და, ამავდროულად, პროექტისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესს.  შესაბამისად, უახლოეს მომავალში კომპანია იზრუნებს პროექტის შესახებ და მის გარშემო არსებულ კითხვებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ინფორმირებაზე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი