ნეტგაზეთი | შეწყდეს ჰესების მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმში – პეტიცია შეწყდეს ჰესების მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმში – პეტიცია – Netgazeti
RU | GE  

შეწყდეს ჰესების მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმში – პეტიცია

რიონის დასაცავად რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია შექმნა.

ავტორები საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროექტების შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მშენებლობები “საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას”.

“ონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის – რიონის 37- კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას.

რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს – ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება”, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

ავტორების განცხადებით, ონისა და ნამახვანის კასკადების პროექტებში სეისმური რისკები და ჰესების ეკონომიკური საჭიროება უგულებელყოფილია.

“არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ავტორები მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტებზე გარემოსდაცვითი ნებართვა კანონდარღვევით, მოსახლეობისა და საზოგადოების სათანადო ჩართულობის გარეშე გასცა.

“მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა,  და უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა.

ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე – სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და ხალხის პროტესტის ფონზე სამუშაოები დაიწყო”, – წერენ ისინი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პეტიციის ავტორები მთავრობას მოუწოდებენ:

1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;

3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;

4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

“მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას”, – წერია პეტიციაში.

ნამახვანის ჰესების კასკადი ორი ნაწილისაგან – ქვედა და ზედა ნამახვანისაგან – შედგება. ეკონომიკის სამინისტროს უკვე გაცემული აქვს ქვედა ნამახვანის მშენებლობის ნებართვა. ეს მიმდინარე წლის აპრილში მოხდა და აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერსა და წყალტუბოში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად, ჰესის:

  • დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ;
  • სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ.სთ;
  • ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;
  • საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;
რას ამბობს მშენებელი კომპანია

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს შპს “ენკა რენიუებლი” ახორციელებს. კომპანია “ნეტგაზეთისთვის” ივლისში გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს:

“ინვესტორის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებიდან და უმაღლესი სტანდერტებიდან გამომდინარე,  პროექტის ფარგლებში  ჩატარებული კვლევების დონე და მათში ჩადებული ძალისხმევა უპრეცედენტოა. კომპანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა გარემოსდაცვით კვლევებს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს”.

კომპანიის ცნობით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება, ძირითადი ინვესტორი “ენკა” კი 60-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა.

“კომპანია აცნობიერებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ მაღალ პასუხისმგებლობას და, ამავდროულად, პროექტისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესს.  შესაბამისად, უახლოეს მომავალში კომპანია იზრუნებს პროექტის შესახებ და მის გარშემო არსებულ კითხვებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ინფორმირებაზე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანიის მიერ ნახსენები კვლევების სანდოობას სახელმწიფო ეჭვქვეშ არ აყენებს. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებამ დეტალურად შეისწავლა გარემოზე ზემოქმედების საკითხები.

“[გარემოზე ზემოქმედების] ანგარიში მოიცავდა ჰიდროლოგიური და კლიმატური მიმართულებით კვლევებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წარმოადგინა ყველა საჭირო კვლევა, როგორიცაა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, სეისმური შეფასება და ჰესის მშენებლობის კუმულაციური ზემოქმედება.  წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან ერთვოდა სეისმური გაანგარიშებების (მოდელირების) შესახებ დამატებითი კვლევები, სადაც მოცემული იყო კაშხლისა და სამშენებლო სამუშაოების სტაბილურობის გამოსათვლელი”, – აღნიშნავს უწყება.

ზიანი თუ სარგებელი? – რას მოუტანს რაჭას ონში ჰესების აშენება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან