ახალი ამბები

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

2 თებერვალი, 2021 • 1029
NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

არასამთავრობო ორგანიზაციები — “მწვანე ალტერნატივა”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” —  კომპანია “ენკასა” და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, რიონის ხეობაში შეწყდეს “ნამახვანი ჰესის” მშენებლობა შესაბამისი კვლევების ჩატარებამდე.

ორგანიზაციები სახელმწიფოი უწყებებისგან მოითხოვენ, არ დაუშვან “ნამახვანი ჰესის” სამშენებლო სამუშაოების დაწყება მანამდე, სანამ არ იქნება შეფასებული ჰესის რისკები, დააბრუნონ პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყონ ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა:

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ დაუშვან „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების) წარმოება მანამ, სანამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნება შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები.
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააბრუნოს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოს პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება და საჯარო განხილვების ორგანიზება პროექტის განხორციელების ადგილზე.
  • საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანად მიიჩნევენ  რიონის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს, “ენკასა” და ხელისუფლების ქმედებებს კი -უკანონოდ.

“საქართველოს კონსტიტუციით მათ [ადგილობრივ მოსახლეობას] მინიჭებული აქვთ უფლება, იზრუნონ გარემოს დაცვაზე და ჩართული იყვნენ გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება კომპანიისა და ხელისუფლების ქმედებებს, ორგანიზაციები მას უკანონოდ რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევენ. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის დაარღვია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. ამასთან, არასამთავრობების განცხადებით, “ენკა რინიუებლზმა” პროექტის დაწყებამდე არ ჩაატარა და სამინისტროს არ წაურდგინა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები:

“ეს კვლევები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის, რადგან სწორედ მათ საფუძველზე უნდა დადგენილიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის ხარისხი და ამ საფრთხის შემსუბუქებისა თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კომპანიამ სახელმწიფოს არასაკმარისი და უხარისხო ინფორმაცია წარუდგინა, გარემოს დაცვისა და სოვლის მეურნეობის საიმინისტრომ კი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაინც მოიწონა პროექტი და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა, თუმცა ეს გადაწყვეტილება გაიცა პირობით, რომ მშენებლობის დაწყებამდე კომპანიას შესაბამისი ინფორმაცია და კვლევები უნდა წარედგინა. არასამთავრობოების ცნობით, კომპანიამ ეს ნაწილიც არ გაითვალისწინა და მშენებლობა დაიწყო ისე, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია პერიოდულად წარადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების (სწორედ იმ დოკუმენტების, რომლებიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განხილულიყო საზოგადოების მონაწილეობით) შეთანხმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია მათი მიღებიდან 3 დღის ვადაში; ხოლო, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ ორჰუსის კონვენციის თანახმად, ამ დოკუმენტების შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება სამინისტრომ დაინტერესებული საზოგადოების ადეკვატური და დროული ინფორმირებისა და ეფექტური ჩართულობის საფუძველზე უნდა მიიღოს”, – წერია განცხადებაში.

ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თითქმის ერთი წლის წინ გასცა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და სხვადასხვა სახით ცდილობს ხელის შეშლას, მათ შორის, პერიოდულად მართავენ აქციებს და მიმართავენ ხელისუფლებას, არ დაუშვან ჰესის მშენებლობა, თუმცა, უშედეგოდ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად 2020 წლის ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართა ჯვარი და გაშალა კარვები, სადაც 96 დღის განმავლობაში იყვნენ. შაბათს, 30 იანვარს, დილის საათებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ადგილობრივების კარვები აიღეს, მოგვიანებით მოთხარეს ჯვარიც. კარვების აღების პროცესში დააკავეს ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტიც.

კარვების აღებამდე ცოტა ხნით ადრე ნამახვანი ჰესის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურანვამ. მისი თქმით, ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია და სახელმწიფო მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, მთავრობა ინვესტორს მკაცრ მოთხოვნებს უწესებს.

“ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აქტივისტებმა პირველ თებერვალს აქცია გამართეს სახელმწიფო კანცელარიასთან და ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ პეტიციაც შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი