ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, კოვიდვაქცინა მალტას სთხოვოს

27 იანვარი, 2021 • 1399
სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, კოვიდვაქცინა მალტას სთხოვოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალტის მთავრობას სთხოვონ.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ევროკავშირისგან მალტამ ერთი მილიონი ვაქცინით მეტი მიიღო, ვიდრე მას სჭირდებოდა, რომლის განაწილებასაც ახლა უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის გეგმავს.

სააკაშვილის თქმით, ახლა მთავარი საკითხია, რომ საქართველოში ვაქცინა დროზე შევიდეს.

“ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს? ისინი უსასყიდლოდ აპირებენ ყველას მისცენ. რატომ არ ინძრევით?” —განაცხადა სააკაშვილმა და მთავრობა კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაუალა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ექსპრეზიდენტის თქმით, ფაქტებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

ამ დროისათვის ევროპის მასშტაბით მალტაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, maltatoday-ს ინფორმაციით,  ევროკავშირთან ერთობლივი შესყიდვების ფარგლებში, მალტას AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.

საქართველოში დამტკიცდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას.

ეროვნული გეგმა  21 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა. გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მთავრობის გათვლით. 2022 წლის დადგომამდე კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 1.7 მილიონი ადამიანი აიცრება.

გეგმის შესრულების მინიმალური ღირებულება 64 მილიონი ლარია, ხოლო მაქსიმალური – 158 მილიონი. განსხვავება ბიუჯეტში ვაქცინების ფასის სხვაობას უკავშირდება. საქართველომ ბიუჯეტიდან უკვე გადაიხადა 17 მილიონი ლარი პირველი ეტაპის ვაქცინების შესაძენად (700 ათასი ადამიანის ასაცრელად). რაც შეეხება დანარჩენ ფინანსებს, როგორც გაბუნია ამბობს, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ვაქცინის 1.4 მლნ დოზის მისაღებად, რაც 700 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ნიშნავს, თუმცა ამ რაოდენობას ქვეყანა ერთბაშად არ მიიღებს.

რაც შეეხება მოსახლეობის დარჩენილი 40%-სთვის საჭირო ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინის მიღების საშუალება საქართველოს შეეძლება არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ საერთაშორისო თუ კერძო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების შედეგად.

ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი