ახალი ამბები

ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

21 იანვარი, 2021 • 2935
ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

საქართველოში უკვე დამტკიცდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას.

ეროვნული გეგმა დღეს, 21 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა. გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მთავრობის გათვლით. 2022 წლის დადგომამდე კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 1.7 მილიონი ადამიანი აიცრება.

გეგმის შესრულების მინიმალური ღირებულება 64 მილიონი ლარია, ხოლო მაქსიმალური – 158 მილიონი. განსხვავება ბიუჯეტში ვაქცინების ფასის სხვაობას უკავშირდება. საქართველომ ბიუჯეტიდან უკვე გადაიხადა 17 მილიონი ლარი პირველი ეტაპის ვაქცინების შესაძენად (700 ათასი ადამიანის ასაცრელად). რაც შეეხება დანარჩენ ფინანსებს, როგორც გაბუნია ამბობს, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულებაში.

ჯანდაცვის სამინისტრი ირწმუნება, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ვაქცინის 1.4 მლნ დოზის მისაღებად, რაც 700 ათასი ადამიანისთვის სამყოფ დოზას ნიშნავს, თუმცა ამ ოდენობას ქვეყანა ერთბაშად არ მიიღებს.

რაც შეეხება მოსახლეობის დარჩენილი 40%-სთვის საჭირო ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინის მიღების საშუალება საქართველოს შეეძლება არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ საერთაშორისო თუ კერძო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების შედეგად.

ვისი აცრა იგეგმება თავდაპირველად?

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა იწყება იმ ჯგუფების გამოყოფით, ვინც ვაქცინა პირველივე ეტაპზე უნდა მიიღოს. ჯგუფები ვაქცინის მიღების მიხედვით ასე იყოფა:

  • სამედიცინო პერსონალი – გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯამურად, ეს  71 ათას ადამიანს მოიცავს. მთავრობას სურს, რომ პირველ ეტაპზე მათი 45% აცრას (46 ათასი ადამიანი). მთავრობის გათვლით, ეს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა მოხდეს.
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები – ჯანდაცვის მუშაკთა ჯგუფის შემდეგ, გეგმაში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალია გათვალისწინებული. ეს გულისხმობს ხანდაზმულთა სახლებს, პანსიონატებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებსა და სხვა. როგორც გაბუნია ამბობს, ამ ადამიანთა რაოდენობა მცირეა, სულ 2 600 ადამიანი. პირველ ეტაპზე მათი 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.
  • ასაკობრივი ჯგუფები და ძირითადი სერვისის მიმწოდებლები – წინა ორი ჯგუფის შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, რომ ორი ასაკობრივი ჯგუფი – 75 წელს ზემოთ და 65-დან 74 წლამდე პირები აცრან. ამ ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებასა და შეუფერხებელ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირები. კერძოდ, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ამ ჯგუფს 180 ათასი ადამიანი მიეკუთვნება, პირველ ეტაპზე კი 108 ათასი უნდა აიცრას.
  •  სხვა ასაკობრივი ჯგუფები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები – შემდეგ მოდის სხვა, შედარებით ნაკლები რისკის ჯგუფი – 55-დან 64 წლის ფარგლებში. ასევე პირები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რესპირაციული დააავდებები და ა.შ.

ჰოსპიტლები, იმუნიზაციის ცენტრები, მობილური ბრიგადები – ვინ უნდა აცრას მოსახლეობა?

დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველო მხოლოდ სამ ვაქცინას აღიარებს – „ფაიზერის”, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“. სამივე მათგანს აქვს შესაბამისი ავტორიზაცია, თუმცა  პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, შემდეგ კი – უკვე „ასტრაზენეკას“.

„ფაიზერის“ ვაქცინას სპეციალური მაცივარი სჭირდება, რომელიც -80 გრადუსზე იმუშავებს, „მოდერნას“ – -20,  „ასტრაზენეკას“ შენახვა კი -2/-8 გრადუსზე შეიძლება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანას სამივე ტიპის ვაქცინის შემოტანა შეუძლია, თუმცა „ფაიზერისთვის“ საჭირო მაცივრები მხოლოდ სამ დიდ ქალაქშია.

ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროში 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში დასაშვები ვაქცინების რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ, რადგან არაერთი ვაქცინა კვლევის დასკვნით ფაზაშია, ნაწილი კი ნებართის მისაღებად უკვე ემზადება.

სამინისტროს ცნობით, ისინი მუშაობენ, რათა საქართველომ ვაქცინა მიიღოს არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმის [ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ქვეყნებს შორის ვაქცინების სამართლიანად გასანაწილებლად შექმნილი მექანიზმი], არამედ სხვა საშუალებითაც. ერთ ვარიანტად განიხილება ევროკავშირის მიერ თავისთვის ნაყიდი დოზების სხვებისთვის გაზიარება.

როგორც გაბუნია ამბობს, „ფაიზერის“ ვაქცინა განთავსდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიიღებს -2/-8 გრადუსზე შესანახ ვაქცინას („ასტრაზენეკა“), ვაქცინაციის ქსელი გაფართოვდება და მიუახლოვდება რუტინული იმუნიზაციის ქსელს, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ასევე რაიონულ დონეზე.

სქრინი ეროვნული გეგმის პრეზენტაციიდან. ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

მისივე თქმით, მთავრობა ასევე ფიქრობს მობილური ბრიგადების შექმნაზე. მობილური ჯგუფები საჭირო იქნება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციართა ასაცრელად. მობილური ჯგუფები ასევე შეიძლება გამოიყენონ სოფლის მცხოვრებთა ასაცრელად.

„ვაქცინაციის პროგრამა იქნება ძალინ ინტენსიური და იმუნიზაციის ის რესურსი, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას სხვა ვაქცინების ადმინისტრირებისთვის, პრაქტიკულად, უნდა გაოთხმაგდეს. ამისთვის ქვეყანა არის მზად და დეტალურად არის წარმოდგენილი, რამდენი ბრიგადა რამდენი კვირის განმავლობაში იმუშავებს იმისთვის, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის სასურველ მაჩვენებელს“, – ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ სამედიცინო პერსონალის ნაწილი უკვე გადამზადებულია, ნაწილისთვის კი ჩატარდება ტრენინგები.

უსაფრთხოების მონიტორინგი და მედიასთან კომუნიკაცია

ეროვნული გეგმის პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე იგეგმება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგიც. უკვე არსებობს საერთაშორისო გაიდლაინი, რომელშიც ვაქცინის გვერდითი მოვლენებია ჩამოთვლილი.

საქართველოც ანგარიშვალდებული იქნება, მონიტორინგის შედეგები საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს.

ამასთანავე, უნდა შეიქმნას საინფორმაციო მოდული, რომელიც რეგისტრაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს – „იმისთვის, რომ სამიზნე ჯგუფები დარეგისტრირდნენ და გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში“.

„ძალიან აქტიურია ანტივაქსერული მოძრაობა, ასე იყო ყოველთვის და ახლა განსაკუთრებით. ასევე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. სწორედ ამიტომ, აქ მედიასთან თანამშრომლობა და მისი როლი არის ის, რასაც გეგმა უსვამს ხაზს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოკლე ხანში გვექნება მეტად აქტიური თანამშრომლობის საშუალება“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, საქართველო ვაქცინაცის მისაღებად მზადაა ტექნიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, შემუშავებულია გეგმა, გაფორმებულია ხელშეკრულება 700 ათასი ადამიანის ასაცრელად (ვაქცინის 1.4 მილიონი დოზა), გადამზადებულია არაერთი პროფესიონალი და გამართულია ტექნოლოგიური რესურსიც.

ეროვნული გეგმის პრეზენტაცია სრულად იხილეთ აქ:


მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მოსახლეობის ვაქცინაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, მათ შორის, აშშ-მა, ისრაელმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ა.შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ მდიდარმა სახელმწიფოებმა მწარმოებლებისგან პირდაპირ შეიძინეს ვაქცინა, რითაც შეფერხდა ნაკლებად შეძლებული ქვეყნებისთვის ვაქცინების სამართლიანი ხელმისაწვდომობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი